ალანმა არაო

AutoSharing Option
ალან შირერმა „კარდიფ სიტის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა და... მწვრთნელობაზე უარი უთხრა. ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ჩემპიონშიპში ჩარჩენილი უელსური გუნდის თავკაცობაზე უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ საქმე ჩაიშალა. შეგახსენებთ, რომ კარდიფელებმა დეივ ჯონსი მას მერე მოხსნეს თანამდებობიდან, რაც მაისში, „რედინგთან“ პლეი-ოფის შეხვედრებში დამარცხდა და ახლა ახალი ხელმძღვანელის ძიებაში არიან.

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ვეტერანმა თქვა: „მოლაპარაკებების მსვლელობისას მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი კარდიფელთა კლუბის მეპატრონის, დატო ჩან ტიენის ხედვით, ამბიციითა და თავდადებით. ძალიან მომეწონა საქმისადმი მისი დირექტორატის წევრების დამოკიდებულებაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი თანამსრომლობა ამ ეტაპზე არ შედგა.
„კარდიფ სიტი“ უდაოდ დიდი კლუბია და მე მას წარმატებებს ვუსურვებ“.

კერძოდ, რატომ არ შედგა ტელეჟურნალისტად ქცეული 40 წლის შირერისა და „კარდიფ სიტის“ თანამშრომლობა, გაუგებარია. ამბობენ, რომ ყოფილი ვარსკვლავი მაინც უფრო პრემიერლიგაში მუშაობაზე ოცნებობს და მოუთმენლად ელის როდის შესთავაზებს უმაღლესი ეშელონის რომელიმე კლუბი სამსახურს.

ბოლოს ალან შირერმა სამწრთნელო საქმეში თავი 2009 წელს მოსინჯა, როდესაც რვა შეხვედრის განმავლობაში „ნიუკასლ იუნაიტედს“ ხელმძღვანელობდა. მაშინ „კაჭკაჭების“ საქმე ცუდად იყო და შირერს სწორედ გუნდის გადარჩენა ევალებოდა, მაგრამ ასეთ მოკლე დროში მან ამოცანას თავი ვერ გაართვა და „ნიუკასლი“ ჩემპიონშიპში გაუვარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული