არაფერი გამოუვიდა დიდ შოტლანდიელს. სქოულზმა „იუნაიტედის“ შემადგენლობაში 676 შეხვედრა იკმარა და ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.
„ფეხბურთთან და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბევრი ბედნიერი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ დადგებოდა ერთი დღე, როდესაც მე კარიერას დავასრულებდი და აი, ახლა ვიგრძენი, რომ ეს დღეც დადგა - თქვა 36 წლის ნახევარმცველმა
ალექს ფერგიუსონი ერთადერთი საკლუბო მწვრთნელი გახლდათ, ვისაც სქოულზი კარიერის განმავლობაში შეხვდა, მას ხომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა სხვა გუნდში არ უთამაშია, მაგრამ ბოლოს მაინც ვეღარ მიჰყვა თავისი ცხოვრების მთავარი პედაგოგის რჩევას, რადგან... ვეტერანის დაღლილი ფეხები უკვე გაჩერებას სთხოვდნენ.
„ალექსისთვის უარი თქმა და მისი დარწმუნება იმიტომ არ გამიჭირდა, რომ ამქვეყნად ყველაზე კარგად მე ვიცი რა დღეშია ჩემი სხეული. სეზონის ბოლოს, ვარჯიშებზე თავს ცოცხლად უკვე ვეღარ ვგრძნობდი, ორგანიზმის დამორჩილება მიჭირდა. ვხედავდი, რომ უძლიერეს კლუბში, საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ვიყავი, მაგრამ ჩემი სხეული იმას ვეღარ აკეთებდა, რასაც გონება უბრძანებდა. როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ხარ, ვალდებული ხარ 90 წუთის განმავლობაში მკვირცხლად სირბილისთვის მზად იყო“.
პოლ სქოულზის გამოსათხოვარი შეხვედრა აგვისტოშია დანიშნული. „იუნაიტედი“ ნიუ იორკის „კოსმოსს“ შეხვდება, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სქოულზის ძველი თანაგუნდელი ერიკ კანტონაა.
„ვინ იცის, როგორ დამიმახსოვრებენ გულშემატკივრები. იქნებ ყველაზე მეტად ჩემი გოლები და უხეშობები დაამახსოვრდეთ. უხეშობა ხომ კარიერის მეგზურად მექცა. თავად ვერ ვხვდები რა ხდებოდა ჩემს თავს. მე ყოველთვის ბურთის წართმევას ვცდილობდი, მაგრამ რაღაც საშინელება გამომდიოდა. ბოლო წლებში, როდესაც ტრიბუნები დაინახავდნენ, რომ ვინმესთან ორთაბრძოლისთვის ვემზადებოდი, დიდი ღრიანცელი ტყდებოდა“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"