დიდი მძარცველი

AutoSharing Option
„ბლექპულის“ ნახევარმცველის, 25 წლის ჩარლი ადამის ყიდვას „ლივერპული“ აპირებს, თუმცა „ასტონ ვილამ“ გადაწყვიტა მერსისაიდელებს დაასწროს. მოგეხსენებათ, „ვილა“ ის გუნდია, რომელმაც ახალი მწვრთნელი იშოვნა - შოტლანდიელმა სპეციალისტმა ალექს მაკლიშმა ქალაქ ბირმინგემის მეორე გუნდი, „ვილას“ უდიდესი მოქიშპე „ბირმინგემ სიტი“ სკანდალურად მიაგდო და „ვილა პარკზე“ გამოიქცა. როგორც ჩანს, მაკლიში, რომელსაც მეტსახელად დიდ ეკს უწოდებენ, გამომწვევი ნაბიჯების გადადგმას დაეჩვია და დიდ ძარცვასაც აღარ ერიდება. თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს. მაკლიში ადამს რახანია იცნობს: 2004 წელს, „რეინჯერსში“, ფეხბურთელის დებიუტი სწორედ დიდი ეკის ხელმძღვანელობით შედგა და
შემდეგ, მანვე ჩააცვა პირველად ეროვნული გუნდის მაისურა. მოკლედ, „ვილას“ მწვრთნელს „ბლექპულის“ ფეხბურთელზე ამაგი ნამდვილად დიდი აქვს. სხვათა შორის, მაკლიშს შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველის „ბირმინგემ სიტიში“ გადაბირება ჯერ კიდევ იანვრის სატრასფერო ბაზრის დღეებში უნდოდა, მაგრამ, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ლაპარაკისას აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ ადამის გადაბირება იანვარშივე სურდათ „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურსაც“. და კიდევ, რაც შეეხება შოტლანდიელობას, „ლივერპულის“ თავკაცი კენი დალგლიშიც ხომ სქოთია?

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის წართმევასაც მაკლიში „ბლექპულს“ უპირებს დი ჯეი კემპბელი გახლავთ. ამ 29 წლის მოთამაშისა და „ბლექპულის“ კონტრაქტში ერთი ისეთი პუნქტია, რომლის მიხედვითაც მისი ყიდვა საკმაოდ იაფად, კერძოდ კი 1,25 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.

ალექს მაკლიშს „ასტონ ვილას“ პატრონებმა ზაფხულში დასახარჯად დაახლოებით 40 მილიონი ფუნტი მისცეს, საიდანაც, დიდ ეკს 10 მილიონი კიდევ ერთი ძარცვისთვის სჭირდება - ყოფილ გუნდ „ბირმინგემ სიტის“ მეკარე ბენ ფოსტერი უნდა წაართვას. კიდევ, ამბობენ, რომ „ვილას“ ახალი თავკაცი „სანდერლენდს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის ვეს ბრაუნის ყიდვაში შეუშლის ხელს, რადგან ეს 31 წლის მოთამაშე თავისთვის უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული