ტერმინატორი

AutoSharing Option
ჰოლანდიელი მწვრთნელი მარტინ იოლი „ფულჰემის“ ოფისში მივიდა და ინგლისელ ჟურნალისტებს ტერმინატორის იერით მიმართა: „ხომ ვამბობდი, რომ დავბრუნდებოდი!“

55 წლის სპეციალისმა „კრეივენ კოტეჯზე“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახლა იგი მარკ ჰიუზს შეცვლის. შეგახსენებთ, ტომ იოლი პრემიერლიგაში, ბოლოს, თითქმის ოთხი წლის წინ მუშაობდა. მაშინ ის „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ დაითხოვა სამსახურიდან. იოლმა თქვა:

„არნოლდ შვარცენეგერის პერსონაჟის მსგავსად სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებდი: მე დავბრუნდები! და როგორც ხედავთ, დავბრუნდი! ინგლისი მსოფლიოში მთავარი საფეხბურთო ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ „ტოტენჰემში“ ვიღაც-ვიღაცები ცუდად მომექცენ. მე ინგლისელი ხალხი მიყვარს.
უოლსოლში რომ ვცხოვრობდი, არადა უოლსოლი საცხოვრებლად საუკეთესო ადგილი ნამდვილად არ არის, მაშინაც კი მიხაროდა ინგლისში ვიყავი.

გერმანიასა და ჰოლანდიაში ადამიანი შენს ნებაზე გრძნობ თავს. ინგლისში სხვა ვითარებაა, აქ გაკონტროლებენ, ფეხბურთელები გაიძულებენ საუკეთესო თვისებები გამომამჟღავნო და ლონდონიც დიდებული ქალაქია. მოკლედ, თუ კაცი ფეხბურთში მოღვაწეობ, პრემიერლიგაზე უკეთესს ადგილს ვერ ინატრებ“.

შემდეგ იოლს „ტოტენჰემის“ ამბები გაახსენეს. ჰოლანდიელმა ბრძანა, რომ მას „დეზებისთვის“ დასამტკიცებელი არაფერი აქვს და თუკი 2007 წლის განშორების გამო ვინმეს გული უნდა სწყდებოდეს, ეს უპირველეს ყოვლისა ჩრდილოლონდონური კლუბის თავმჯდომარე დენიელ ლივი უნდა იყოს.

„ინგლისში პირველად რომ ჩამოვედი დენიელს ვუთხარი, თუ ჩემს საქმეში არ ჩაერევი და მუშაობას მაცდი, ქუჩაში ხალხი მეფესავით მოგექცევა, მეთქი. სამწუხაროდ, მან ჩემი ნათქვამი ყურად არ იღო. პრობლემა კი ის იყო, რომ „სფურზში“ რაც ფეხბურთთან იყო დაკავშირებული, ყველაფერს დამიენ კომოლი („ლივერპულის“ საფეხბურთო საქმეთა ფრანგი დირექტორი, რომელიც ადრე „ტოტენჰემში“ მუშაობდა) ატრიალებდა. არადა, თუ გნებავთ, შეადარეთ: მე „ტოტენჰემში“ აარონ ლენონი და გარეთ ბეილი მივიყვანე, კომოლიმ კი ბენუა ასუ-ეკოტო. მაგრამ არა უშავს. გულში წყენა არ ჩამიდია. დენიელი ძალიან მიყვარს, კარგი კაცია.

არ მოვიტყუები, ლივიმ სამსახურიდან რომ გამაგდო, ძალიან მეწყინა, მაგრამ მალე გადამიარა, რადგან „ჰამბურგში“ წავედი, ეს კი ის გუნდია, რომელსაც 55 ათასი აბინემენტიანი ფანი დაუდის სტადიონზე. მე „ჰამბურგი“ ევროლიგის ნახევარფინალში გავიყვანე. სხვათა შორის, შემდეგ დენიელმა ისე დამირეკა გეგონება არაფერი მომხდარიყო. მას ფეხბურთელის მოყიდვა უნდოდა“.

თუმცა, ეს ყველაფერი უკვე წარსულია. დღეს მარტინ იოლი „ფულჰემის“ თავკაცია და დასავლეთ ლონდონის ამ გუნდთან დაკავშირებით თავს არ იტყუებს.

„აქ, „კრეივენ კოტეჯზე“ არავინ ელის, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს. ჩვენ „არსენალის“ და „ტოტენჰემის“ კალიბრის კლუბი არ ვართ, მაგრამ ამბიციები ჩვენც გვაქვს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული