"ტოტენჰემ ჰოთსპური" - ფული ლუკა, ბევრი ფული...

AutoSharing Option
ლუკა მოდრიჩი „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ისტორიაში ყველაზე დიდი ხელფასის მქონე ფეხბურთელი გახდება, ოღონდ ამისათვის, რასაკვირველია, სხვაგან არ უნდა გადავიდეს. ამ საკითხზე 25 წლის ხორვატს პირადად „დეზების“ თავმჯდომარე დევიდ ლივი დაელაპარაკება. ისინი ერთმანეთს 6 ივლისს შეხვდებიან, როდესაც მოდრიჩს შვებულება დაუმთავრდება და ლონდონში დაბრუნდება. ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რომ ლივი ხორვატს გასამრჯელოს გაორმაგებას სთავაზობს. დღეისათვის ის კვირაში 45 ათას ფუნტს იღებს და თუ ლივის პირობას დაყაბულდება, შესაბამისად 90 ათასი გაუხდება.

საერთოდ, ცნობილია, რომ „სფურზის“ პრეზიდენტი ფინანსურ საკითხებში მკაცრი და ხელმომჭირნეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნების სურვილმა,
როგორც ჩანს, დამოკიდებულება ნაწილობრივ მაინც შეაცვლევინა და ყველა ღონეს ხმარობს, რათა მოდრიჩი, გარეთ ბეილი და აარონ ლენონი შეინარჩუნოს. ბეილი, მოგეხსენებათ, 21 წლის უელსელი ნახევარმცველია (22 წლისა 16 ივლისს სრულდება), ლენონი კი 24 წლის იამაიკურ-ინგლისურ-ირლანდიური სისხლის ინგლისელი გახლავთ.

საინტერესოა, რომ მოდრიჩს „ტოტენჰემში“ ყველაზე დიდი ან, თუ გნებავთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელფასიც კი არ ჰქონდა. ყველაზე მეტს ლივი პიტერ კრაუჩს და რობი კინს უხდიდა, მაგრამ, დაახლოებით, ორი კვირის წინ „დეზების“ თავმჯდომარე „ჩელსიმ“ შეაშინა. დასავლეთ ლონდონელებმა ჩრდილოელებს მოდრიჩის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი შესთავაზეს.

ცნობილია, რომ მოდრიჩს ლონდონიდან სხვა ქალაქში გადასვლა არ უნდა. ამბობენ, რომ რაგინდ დიდი ხელფასი შესთავაზონ, მას არც „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში ხიბლავს და არც „სიტიში“. სავარაუდოდ, ამიტომაც გაჩერდა ინგლისის ჩემპიონთა თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი რომელიც თავიდან გამოთქვამდა ხორვატის შეძენის სურვილს. რაც შეეხება „ჩელსის“, როგორც მოგახსენეთ მან ლივი შეაშინა, მაგრამ პირველი უარის შემდეგ თავიც აღარ გამოიდო. არადა, გახსოვთ, იანვარში, „ლივერპულისგან“ ფერნანდო ტორესის ყიდვა მართლა რომ უნდოდა, სანამ თავისი არ გაიტანა არ მოისვენა - 50 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

„დეილი მეილი“ კიდევ ერთ შესაძლო ვარიანტზე წერს. ის არ გამორიცხავს, რომ „ლურჯების“ ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილას-ბოასი ხრიკს მიმართავს და „ტოტენჰემს“ ფულთან ერთად დიდიე დროგბას შესთავაზებს, რაც ჩრდილოელთა თავკაც ჰარი რედნაპს წესით უნდა მოეწონოს. თუ ვილას-ბოასი მართლა ასე მოიქცევა, ვფიქრობთ, ერთბაშად ორ კურდღელს მოკლავს - თავიდან მოიცილებს ასაკით თანატოლ „პრიმადონას“, რომელმაც, არ არის გამორიცხული, გუნდში ურთიერთობები აურიოს. თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „სფურზის“ მეპატრონე ლივი თავისნათქვამა კაცია და რაკიღა განაცხადა, რომ მოდრიჩთან ხანგრძლივ თანამშრომლობას აპირებს, „ვილას-ბოასის ილეთზე“ ადვილად არ წამოეგება.

ამბობენ, რომ მოდრიჩი, რომელსაც „ტოტენჰემში“ ყოფნა და ლონდონში ცხოვრება მოსწონს, თუმცა ძალიან უკმაყოფილოა, რომ გუნდი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებს, ლივის ახალ კონტრაქტზე დათანხმდება, მაგრამ შიგ ერთი პუნქტის ჩაწერას მოსთხოვს - თუკი კარგი მყიდველი გამოუჩნდება, „სფურზმა“ წასვლაში ხელი არ უნდა შეუშალოს. სავარაუდოდ, ამ პუნქტში მის სატრანსფერო თანხად 50 მილიონ ფუნტზე ანუ 56 მილიონ ევროზე ნაკლები ჩაიწერება.

საქმეში ჩახედულმა წყარომ ტაბლოიდებს დაუდასტურა: „დენიელ ლივი ძალიან მოწადინებულია, რომ მოდრიჩის, ბეილისა და ლენონის სამეულთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს. ამასწინათ, ლუკამ ერთ-ერთ ინტერვიუში „ჩელსი“ და მისი მეპატრონე აქო, რამაც ერთგვარი არეულობა გამოიწვია, მაგრამ „სფურზის“ ფანებს ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდება ხორვატი ბაზაზე და როდის შეუდგება ვარჯიშს. ერთი სიტყვით, მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი მოლაპარაკება იქნება. რაც შეეხება წინადადებებს, თუ „ჩელსის“ იმ ერთ, 22 მილიონიან შემოთავაზებას არ ჩავთვლით, სხვა რომელიმე კლუბს ოფიციალურად არაფერი უთქვამს“.

მოდრიჩმა „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ სამწლიანი კონტრაქტი 2008 წელს გააფორმა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრები
მეოთხედფინალში გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული