ყველამ სარკეში უნდა ჩაიხედოს...

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახალმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მერსისაიდული გუნდის ფეხბურთელებს არ მისცემს საშუალებას მოიქცნენ ისე, როგორც გასული სეზონის განმავლობაში იქცეოდნენ.

რა იგულისხმა გამოცდილმა ინგლისელმა სპეციალისტმა, რომლის ხელმძღვანელობითაც "ფულჰემმა" გასულ სეზონში ევროლიგის ფინალში ითამაშა? რა და წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალების მავნე ჩვევა. ჰოჯსონს 34 წლიან სამწვრთნელო კარიერაში ცამეტი კლუბი და სამი ეროვნული ნაკრები ჰყავს გამოცვლილი. ახალ გუნდში გატარებული ხუთი კვირის განმავლობაში მას სახიდან ფართე, კეთილი ღიმილით არ მოშორებია, მაგრამ ბოლო პრეს-კონფერენციაზე მწვრთნელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ ღიმილმა არ უნდა მოგვატყუოს - მისთვის
ცნობილი, მდიდარი ფეხბურთელები არაფერს ნიშნავს და თუ საჭირო იქნება ნებისმიერთან შევა კონფლიქტში.

წარუმეტებლობის სხვათათვის გადაბრალებაზე კი, "ლივერპულის" ქომაგებს გონებაში, ალბათ რამდენიმე ამბავი ამოუტივტივდათ: ფერნანდო ტორესმა, რომელმაც ტრავმებისა და სხვა მიზეზების გამო გასულ სეზონში ძველებურად ვერ გაიბრწყინა, გაზაფხულზე განაცხადა, რომ გუნდი მთლიანად ოთხ-ხუთ ფეხბურთელზეა დამოკიდებული და სანამ ასეა, მისგან დიდ წარმატებებს არ უნდა ველოდოთ. აშკარა იყო, რომ ყოფილ მწვრთნელთან რაფა ბენიტესთან უსიამოვნება ჰქონდა კაპიტან სტივენ ჯერარდს რომლის ცუდი თამაში ლივერპულელებს კინაღამ ევროლიგაზე გამსვლელ ადგილად დაუჯდათ.

ამ სეზონში კი, ახალი თავკაცის თქმით, ნებისმიერი წარუმატებლობის მიზეზი ფეხბურთელებმა უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავში უნდა ეძებონ. ჰოჯსონის ეს ნათქვამი ძალიან ჰგავდა მისი წინამორბედის, რაფა ბენიტესის მიერ გასული სეზონის შუაში თქმულს, როდესაც ახლა უკვე "ინტერის" სათავეში ჩამდგარმა ესპანელმა სპეციალისტმა მერსისაიდული კლუბის ვარსკვლავებს საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

"ფერნანდო ტორესის გულწრფელობასა და მოტივაციაში ეჭვი არასდროს შემიტანია და როგორც თავად ნახეთ, ორიოდ დღის წინ მან ძალიან ნათლად გამოხატა თავისი დამოკიდებულება "ლივერპულისა" და საკუთარი მომავლის მიმართ. რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამბობენ, რომ გუნდის პროგრესს ვერ ამჩნევენ და ამის გამო გული სტკივათ, ვფიქრობ ხალხი მეტ პატივს სცემს, ვიდრე მე. ტარომ? პასუხი მარტივია: როდესაც იმ გუნდის ფეხბურთელი ხარ საქმე კარგად რომ არ მიუდის, კეთილი უნდა ინებო და რაიმეს შეცვლა სცადო. ეს უკლებლივ ყველა ფეხბურთელს ეხება, თუმცა, თუ დიდი ვარსკვლავი ხარ, რასაკვირველია, ვალდებულიც მეტად ბრძანდები. ერთი სიტყვით, მე ყველას სარკეში ჩახედვას ვურჩევდი".

გარდა ამისა, ჰოჯსონმა დაადასტურა, რომ დანიელი კრისტიან პოულსენის "იუვენტუსიდან 5,5 მილიონ ფუნტად ყიდვა ხავიერ მასკერანოს "ინტერში" გაშვების წინაპირობაა - პოულსენი "ლივერპულში" არგენტინელის ადგილს დაიკავებს. 30 წლის ნახევარმცველმა პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ათი წლის წინ, "კოპენჰაგენში", სწორედ როი ჰოჯსონის ხელმძღვანელობით გადადგა.
კომბინაცია ასეთია: თუ "ინტერი" "მანჩესტერ სიტის" მარიო ბალოტელის მიჰყიდის, გამოუჩნდება თანხა, რომლითაც, სავარაუდოდ, "ლივერპულიდან" მასკერანოს წაიყვანს.

"თუ ჩვენ კარგ ფულს შემოგვთავაზებენ და ამას გააკეთებს კლუბი, სადაც ხავიერს გადასვლა უნდა, მისი აქ ძალად დაბმა მეტისმეტად ძნელი იქნება" - თქვა მწვრთნელმა.

და თითქოს დაბრკოლებაც აღარ ჩანს, მაგრამ... ბალოტელის ისტლენდზე გადასვლის საქმე დაბრკოლდა. საქმე ის არის, რომ იტალიელი თავდამსხმელი მანჩესტერული კლუბისგან დიდ ხელფასს ითხოვს. შეგახსენებთ, კლუბებს ერთმენეთში რა ჰქონდათ მოლაპარაკებული: ბოლო მონაცემებით "სიტის" "ინტერისთვის" 29 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა და ბალოტელისთან ხუთწლიანი კონტრაქტი დაედო. ამ ვარიანტში ნავარაუდევი იყო, რომ 19 წლის ფორვარდი კვირაში 65 ათას ფუნტს ანუ 78,5 მთას ევროს მიიღებდა, მან კი... შეიძლება თვალებს არ დაუჯეროთ - კვირაში 180 ათასი ფუნტი (217 ათასი ევრო) მოითხოვა და დასძინა, ზედაც სარეკლამო შემოსავლის პროცენტები დამიმატეთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული