ხვალ უემბლიზე დოღია

AutoSharing Option
მაიკლ ოუენს "უემბლიზე" თამაშის ეშინია, რადგან იქ უხარისხო მოედანია და ფეხი, რომ დაუცდეს შეიძლება კვლავ სამკურნალო გახდეს. რა-რა და ტრავმები ოუენს ნამდვილად არ აკლია. გასულ სეზონში, 28 თებერვალს "ქარლინგის" ანუ ლიგის თასის ფინალში მან ორთავა კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი პირველი სეზონი რადენიმე თვით ხანმოკლე გამოუვიდა.

მას შემდეგ "ფრანს ფუტბოლის" 2001 წლის ლაურეატს მინდორზე ფეხი არ შეუდგამს და მხოლოდ ახლა, "იუნაიტედისა" და ირლანდიის "არტისიტი ლიგის" ნაკრების შეხვედრაში დაუბრუნდა საქმეს. ცნობისთვის: მანჩესტერელებმა ირლანდიელებს 7:1 მოუგეს. და აი, შაბათს ოუენს
"უემბლიზე" დაბრუნება უწევს - "კომუნითი შილდზე" "იუნაიტედი" "ჩელსის" ხვდება. "ქომუნითი შილდი", მოგეხსენებათ, ინგლისის სუპერთასია.

"გასულ სეზონში, ლიგის თასის ფინალში მე სულაც არ ვიყავი ერთადერთი ფეხბურთელი ვინც დაშავდა და შემაშფოთებელი სწორედ ეს არის. "უემბლის" საფარზე მარტო მე რომ დავშავებულიყავი, ყველაფერს უიღბლობას, შემთხვევას დავაბრალებდი, მაგრამ აშკარაა, რომ ამ მოედანს რაღაც უნდა მოვუხერხოთ. დიახ, იმ დღეს ბევრნი დავშავდით და რამდენიმე დღის მერე, არც სანაკრებო შეხვედრაში მოხდა ნაკლები... სხვათა შორის, დაახლოებით ერთი კვირის წინ შევიარე "უემბლიზე" და ვნახე, რომ მოედანზე მუშები იყვნენ გასული. ხელოვნურ საფარს ამატებდნენ. ამბობენ, ამიერიდან 10 პროცენტი სინთეტიკური იქნებაო. იქნებ ამან მაინც გამოასწოროს მდგომარეობა", - თქვა 30 წლის თავდამსხმელმა, რომლისთვისაც "მანჩესტერ იუნაიტედი" კარიერაში მეოთხე გუნდია.

"უემბლის" საფარზე შარშან საინტერესოდ თქვა მანჩესტერელთა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, ეს მოედანი მხოლოდ დოღისთვის თუ გამოდგებაო. რაც შეეხება "ქარლინგის თასის" შეხვედრას, რომელიც უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ, იმ შეხვედრაში "იუნაიტედმა" "ასტონ ვილას" 2:1 მოუგო და ერთი გოლი სწორედ ოუენმა გაიტანა და აი, ხუთთვიანი შესვენების შემდეგ ვეტერანმა "არტისიტი ლიგის" ნაკრებსაც შეუგდო.

"მთავარია, რომ კვლავ ვთამაშობ. გოლის გატანა, რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამ გოლზე მეტად ის მაინტერესებს ზოგადად როგორ ფორმაში ვიქნები და რამდენად შევძლებ ძველებურად მწვავედ შევუტიო. მასაჟისტის მაგიდასა და დარბაზში ძალიან დიდი დრო გავატარე. ძალიან მინდოდა სეზონისწინა შეკრება გუნდთან ერთად ამერიკაში მეც გამეტარებინა, მაგრამ არ მოხერხდა. საბედნიეროდ ისე დაემთხვა, რომ გუნდს უეინ რუნისთან ერთად შევუერთდი. იმედი მაქვს, რომ მე და უეინი ერთმანეთს კარგად შევეწყობით და მოწინააღმდეგეებს პრობლემებს შევუქმნით".

როგორც ჩანს, კვირას, "ქომუნითი შილდზე" გამოსვლა რუნისაც მოუწევს - არადა, თავიდან ისე იყო ნათქვამი, რომ "იუნაიტედის" მთავარ ფორვარდს ჯერჯერობით მხოლოდ ავარჯიშებდნენ. რა შეიცვალა? "ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, რომ გასულ კვირას რუნიმ მეუღლესთან და ძმაბიჭებთან ერთად ისე იქეიფა, "სანის" ფურცლებზე ამოჰყო თავი. პაპარაცებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაფლავებულ ფორვარდს ათასნაირი ფოტო გადაუღეს: როგორ ბღაოდა ქუჩაში, როგორ მიაშარდა მანჩესტერის პრესტიჟული ღამის კლუბის სიახლოვეს კედელს და როგორ ეწეოდა სიგარეტს.

რასაკვირველია, ფერგიუსონი ამან გააცოფა, მით უფრო, რომ ღამის თავგადასავალი მის ფავორიტს შვებულების ბოლო დღეს, მაინც და მაინც ვარჯიშებზე დაბრუნების წინ გადახდა და... როგორც ხედავთ, ფეხბურთელი თამაშით დასაჯა - ხვალ რუნის "ჩელსის" წინააღმდეგ ცხრა პირი ოფლის მოდენა მოუწევს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული