გუშინ "უემბლიზე" უეინ რუნი ნაკრების ფორმით კი აღარ იყო, თავისი საყვარელი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში თამაშობდა და ალბათ, ამიტომაც დატოვა კარგი შთაბეჭდილება - მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ ანტონიო ვალენსიას ანგარიში სწორედ მან გაახსნევინა. ძალიან გაუმართლა დებიუტანტ ხავიერ ერნანდესს, რომელმაც ახალ გუნდში თავის პირველსავე ოფიციალურ მატჩში გოლი შეაგდო და თან ფორტუნის დიდი დახმარებით. მართალია, ამის შემდეგ "ჩელსის" ფორვარდმა სალომონ კალუმ სხვაობის შემცირება ცოტა ხნით მოახერხა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, მსაჯის წამატებულ წუთებში, დიმიტარ ბერბატოვმა იყოჩაღა და "იუნაიტედიც" მეთვრამეტედ გახდა "ქომუნითი შილდის" გამარჯვებული.
მაგრამ, მოდი, რუნის ქება გავაგრძელოთ - მან და პოლ სქოულზმა დასავლეთ ლონდონელებს მოსვენება არ მისცეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ დასაწყისში გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა ეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა. "ლურჯებიდან" გოლის შეგდება ბრანისლავ ივანოვიჩს შეეძლო. ის თანამემამულე ნემანია ვიდიჩზე მაღლა ახტა, ფლორან მალუდას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულს თავით მიწვდა და დაარტყა, მაგრამ ვეტერანმა ედვინ ვან დერ სარმა მოიგერია. სხვათაშორის, ერთ ეპიზოდში ჰოლანდიელმა გოლკიპერმა ნიკოლა ანელკას დარტყმული ვერ შეიმაგრა და ბურთი კალუს მიუვიდა, მაგრამ მან მახვილი კუთხიდან კარში დარტყმის ნაცვლად პასი დააგორა.
ამის შემდეგ პოლ სქოულზის კარგად თამაშის ჯერი დადგა. 35 წლის ვეტერანმა ისე ითამაშა და ისე ანაწილა პასები, რომ ეჭვი არ არის ინგლისის ნაკრების მწვრთნელს ფაბიო კაპელოს გული დაწყდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების წინ კიდევ უფრო დაჟინებით რატომ არ თხოვა მას ნაკრებში დაბრუნება და სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება.
ზემოთ ერნანდესის გამართლებაზე ვთქვით ორი სიტყვა, მაგრამ ეპიზოდი არ აგვიღწერია. არადა, ვფიქრობთ ღირს: სწრაფი შეტევა მარჯვნიდან ვალენსიამ განავითარა და საჯარიმოში შესულმა დაბალი პასი გაუჭრა მექსიკელს, რომელმაც ბურთს ფეხი დაარტყა, მაგრამ აეჭრა და... თავადვე მოხვდა თავში, საიდანაც ბადეში შევარდა.
ხოლო ბერბატოვმა საჯარიმოს კიდიდან გამოსულ ილარიოს ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე.
ჩელსი-მანჩესტერ იუნ 1:3
ჩელსი: ილარიო, კოული, ტერი, ფერეირა, ივანოვიჩი, ლემპარდი, ესიენი, მალუდა (72. ბენაიუნი), მიკელი (60. დროგბა), ანელკა (60. სტარიჯი), კალუ.
მანჩესტერ იუნაიტედი: ვან დერ სარი, ოში, ვიდიჩი, ევანსი, და სილვა (71. სმოლინგი), ქერიკი, სქოულზი, პარკი (46. ნანი), ვალენსია, ოუენი (46. ერნანდესი), რუნი (46. ბერბატოვი).
გოლები: 0:1 ვალენსია (41), 0:2 ერნანდესი (76), 1:2 კალუ (83), 1:3 ბერბატოვი (90)
მაყურებელი: 84 623