ეშლის რაღაც ეშლება...

AutoSharing Option
"უემბლიზე", "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" 3:1 რომ მოუგო, თამაშის შემდეგ მოედანს მიღმა ერთი ისეთი ამბავი მოხდა, რამაც ინგლისური ტაბლოიდების ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებული კი არაფერი, მაგრამ, თითქოს ეშლი კოულმა ფაბიო კაპელოს ხელი არ ჩამოართვა...

როგორც გითხარით, ეს მატჩის მერე იყო, როდესაც "ჩელსი" "დამარცხებულთა მედლების" მისაღებად ტრიბუნაზე ავიდა, სადაც ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა თავის მარცხენა მცველს ხელი გაუწოდა, მან კი აშკარად არ მიაქცია ყურადღება. ეს ყველაფერი მრავალრიცხოვანმა ფოტო და ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. ინციდენტი მეორე დილასვე გაზეთებში გახლდათ გამოქვეყნებული.

ნეტავ, ეს რამეს ნიშნავს თუ უბრალოდ,
კოული ერთი ტლუ, უზრდელი ბიჭია (მერე რა, რომ მილიონერიც არის), რომელმაც წააგო, გუნება გაუფუჭდა და ყოველგვარი თავაზიანობის გარეშე ჩაუარა ყველასა და ყველფერს? სავარაუდოდ, ეს მართლა ასე იქნება, რადგან ოთხშაბათს, მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში უნგრეთისას ხვდება, "ჩელსის" ვარსკვლავი გამოძახებულია და მას ამ გამოძახების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. ერთი სიტყვით, კაპელო და კოული მწვრთნელისა და შეგირდის ურთიერთობებს ინარჩუნებენ, თავაზიანობა კი...

სხვათა შორის, დაახლოებით იგივე დაადასტურა თავად "ჩელსიმაც", რომლის პრესსამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ეშლი კოულმა კაპელო ყოველგვარი განზრახვის გარეშე უგულებელჰყო. ასე ვთქვათ, ეშლია და ეპატიება...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული