კრაუჩის მძიმე დღეები

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაფლავების შემდეგ ყველანი ველოდით, რომ ინგლისის ნაკრების მილიონერი ვარსკვლავები თავს ჩაღუნავდნენ და ცოტა მოკრძალებულად მოიქცეოდნენ, მაგრამ ეს რას ვხედავთ, ერთნი ღამის კლუბებში თვრებიან, მეორენი სიგარეტის წევით იბერებიან, უეინ რუნიმ კი სულაც ქუჩაში კედელს მიაშარდაო, წერს ინგლისური "დეილი მეილი" და დასძენს, რომ პიტერს კრაუჩმა პრემიერლიგელთა უზნეო ქცევის ბისკვიტს ზემოდან კრემი მოუსვა - თინეიჯერ მეძავთან გამიჭირეს.

წარმოშობით ალჟირელმა გოგონამ, რომელიც ტაბლოიდებს მონიკა მინტის სახელით გაეცნო ამბობს, რომ 198 სანტიმეტრი სიმაღლის ტოტენჰემელმა მას 800 ფუნტი გადაუხადა, და ტაქსით ერთ სასტუმროში მიიყვანა,
სადაც ღამით დარჩენა 80 ფუნტი ღირს - ეს ამბავი ივლისში მადრიდში მომხდარა, გახმაურებით კი ახლა გახმაურდა. ასე იყო თუ ისე, მოედო თუ არა ცნობა კრაუჩის მეძავებში წანწალის შესახებ მსოფლიოს, ფეხბურთელის აგენტი სადღაც გაქრა, "ტოტენჰემმა" კი ენა მუცელში ჩაიგდო. სამაგიეროდ, ალაპარაკდნენ, მაგრამ რას ალაპარაკდნენ კრაუჩის საცოლის აბიგალ კლენსის დაქალები. ცნობისათვის: პიტერი და აბიგალი წელიწადი და ერთი თვეა, რაც ერთად არიან. 24 წლის ქალის ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა: "აბიგალი შოკშია. აბა, წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ნებისმიერს, ასეთი რამ რომ გაეგო?"

საკუთრივ კლენსის ჟურნალისტები ვერ დაელაპარაკნენ. მოდელი და ტალაწამყვანი ლონდონში არ გახლდათ. ის მანჩესტერში გადაღებებზე იყო: ამზადებენ სატელევიზიო სერიალს გამოჩენილი ინგლისელი პარიკმახერების შესახებ. ცნობილია, რომ მის კლენსიმ და კრაუჩმა ტელეფონით ილაპარაკეს. დაქალებმა თქვეს, რომ აბიგალი მომავალთან დაკავშირებით არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს სანამ უშუალოდ არ ნახავს პიტერს და პირისპირ არ დაელაპარაკება. ყვითელი პრესის რეპორტიორებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ქალს ნიშნობის ბეჭედი ჯერ კიდევ უკეთია.

კრაუჩის ცხოვრებაში კი, როგორც ჩანს, მართლა ძალიან მძიმე პერიოდი დადგა. გარდა ამ პირადული სკანდალისა, მას ფეხბურთშიც აერია საქმე. ფაბიო კაპელომ უნგრეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის არ გამოიძახა და საერთოდაც, საეჭვოა, რომ ამიერიდან კიდევ ათამაშოს ინგლისის ნაკრებში, ხოლო "ტოტენჰემი" თურმე გაყიდვას უპირებს.

რაც შეეხება კრაუჩის სკანდალურ თავგადასავალს, ეს ასე მომხდარა: 29 წლის ფეხბურთელის კლასელსა და ბავშვობის ძმაკაცს ედ ატკინს ცოლი მოჰყავდა და მისი ქორწილის წინ ბიჭებმა შაბათ-კვირას მადრიდში განავარდება გადაწყვიტეს.
საინტერესოა, რომ მეძავმა ინგლისურ ტაბლოიდებს განუცხადა, კრაუჩი გაცილებით თავაზიანი ადამიანი გამოდგა ვიდრე ესპანელი ფეხბურთელები არიან, რომელთანაც ასევე ხშირად მაქვს ურთიერთობაო. მართალია თუ არა ის, რომ 46-მილიონიან ქვეყანაში ესპანელი ფეხბურთელები მაინც და მაინც ამ მონიკა მინტთან დარბიან, არავინ იცის. სამაგიეროდ, მეძავმა თქვა: "რას წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ლამაზი საცოლის პატრონი სიყვარულში ვინმეს ფულს გადაუხდიდა"...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული