პრემიერლიგის პირველობამდე სამი კვირაა დარჩენილი, „მეთოფეებმა“ კი სატრანსფერო ბაზარზე, ჯერჯერობით, ერთადერთი ფეხბურთელი, 24 წლის კოტ დ‘ივუარელი ჟერვინიო იყიდეს... თუ, „ჩარლტონ ატლეტიკიდან“, 1 მილიონ ფუნტად, 19 წლის მცველის კარლ ჯენკინსონის ყიდვას არ ჩავთვლით.
როგორც ჩანს ჩრდილოლონდონელთა თავკაცი მთელ ძალასა და ფიქრს სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის შენარჩუნებას ახმარს. გარდა ამისა, ფრანგი სპეციალისტი ჰოლანდიელი რობინ ვან პერსისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს. ამბობენ, რომ ვენგერს
არადა, „არსენალის“ მწვრთნელი ამ ზაფხულში ნამდვილად ვერ დაიწუწუნებს, კლუბის პატრონებმა ბაზარზე გასასვლეად ფული არ მომცესო. ფანებიც ერთხმად უკიჟინებენ, გუნდს ახალი, ძლიერი, გამოცდილი მოთამაშეები შესძინოს. გაზეთმა „სანმა“ შეიტყო, რომ თუ „არსენალი“ ახალი ფეხბურთელებით არ გაძლიერდება, ათასობით გულშემატკივარი სეზონურ აბონემენტს არ იყიდის, რაც უკვე კომერციულ მხარეს აყებებს დარტყმას.
საინტერესოა, რომ ვენგერმა რამდენიმე ინტერვიუში გაიმეორა, ცენტრალური მცველი მჭირდებაო, მაგრამ არავის სმენია, ამ ამპლუის ფეხბურთელის შესაძენად თითი თითზე რომ დაედოს. თავიდან იყო ლაპარაკი, თითქოს ფრანგს ფილ ჯონსის ყიდვა უნდოდა, მაგრამ „ბლექბერბნის“ მოთამაშე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძინა. „ევერტონისთვის“ ფილ ჯეგიელკას სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტის შეთავაზება სასაცილო აღმოჩნდა, ბოლტონელი გერი კეჰილისა და ბლექბერნელი კრის სამბას შესახებ კი ვენგერმა უბრალოდ ცნობები შეაგროვა და გაჩერდა.
იყო კიდევ ერთი თემა - „ანდერლეხტის“ 18 წლის თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს გადაბირება. ჩრდილოლონდონელთა შეფმა ბელგიელებს ყმაწვილკაცის სანაცვლოდ უკვე შესთავაზა 14 მილიონი ფუნტი, მაგრამ მის შეძენას „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსიც“ აპირებენ. მეტიც, ბოლო ინფორმაციის თანახმად, ლუკაკუს „ჩელსიში“ გადასვლა თითქმის მოგვარებული საკითხია. „ლურჯები“ 18 მილიონს იხდიან, ფეხბურთელის აგენტი და კლუბის წარმომადგენლები კი უკვე ხელფასისა და სხვა პესონალური საკითხების დაზუსტებაში არიან.
დაბოლოს, ვენგერი ფაბრეგასის შესანარჩუნებლად თავს კი იკლავს, მაგრამ „მეთოფეთა“ კაპიტანი, სავარაუდოდ „ემირეიტ სთედიუმს“ დასტოვებს და „ბარსელონაში“ გადავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"