იოსი შეურაცხყვეს

AutoSharing Option
განრისხებულმა „ჩელსიმ“ მალაიზიის ფეხბურთის ასოციაციას პროტესტით მიმართა: ადგილობრივმა გულშემატკივარმა „ლურჯების“ ებრაელი ვარსკვლავი, იოსი ბენაიუნი შეურაცხყო. ეს ამბავი კუალა ლუმპურში, დასავლეთლონდონელებისა და „მალაიზია XI“-ის ამხანაგური შეხვედრის დროს მოხდა.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ არ იჩივლა ინგლისურმა გუნდმა დაუყოვნებლივ? ამ კითხვაზე „ჩელსის“ ხელმძღვანელები ასე პასუხობენ: მაშინ ჯერ ზუსტად არ იცოდნენ, რა იყო მაყურებლის ასეთი ქცევის მიზეზი. დღეს, როდესაც კლუბის წარმომადგენლებმა მალაიზიაში მცხოვრებ „ჩელსის“ გულშემატკივრებს ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხეს, მიზეზები გარკვეულია.

„ჩელსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „ვადასტურებთ, რომ მალაიზიის ფეხბურთის ასოციაციას ოფიციალური საჩივრით მივმართეთ. ამის
მიზეზი გასულ სამშაბათს გამართული შეხვედრის დროს ჩვენი ფეხბურთელის იოსი ბენაიუნის მიმართ მაყურებლის ქცევა გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნაზე მსხდომთა უმეტესობა წესიერად იქცეოდა, გულშემატკივრის გარკვეულმა ნაწილმა ანტისემიტური განწყობა გამოავლინა და იოსი შეურაცხყო. ასეთი რამ დაუშვებელია. მსგავს ქცევას ფეხბურთში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„ჩელსიმ“ საჩივარი დაუყოვნებლივ იმიტომ არ შეიტანა, რომ თავდაპირველად მაყურებლის ქცევის ბუნება არ იყო ცნობილი. იმ შეხვედრაში, დაახლოებით მსგავსი რეაქცია, ტრიბუნებს როგორც ერთი ასევე მეორე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის დანახვაზე ჰქონდათ. ზოგ შემთხვევაში ეს რეაქცია უფრო ხმამაღალი და ხანგრძლივი იყო, ზოგ შემთხვევაში კი ხანმოკლე. როდესაც დრო გავიდა და კლუბმა მაყურებლის ქცევის მიზეზები გამოიკვლია, აშკარა გახდა, რომ „ჩელსი“ ვალდებულია საქმეს ოფიციალური მსვლელობა მისცეს.

ზოგადად, ჩვენი მალაიზიური ტურნე ძალიან სასარგებლო გამოდგა, თუმცა სამწუხაროა, რომ ზოგიერთი გულშემატკივრის ქცევამ ცუდი მოგონებებიც გამოიწვია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული