რომელი "ბარსა"?

AutoSharing Option
დიახ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო რამდენიმე წელიწადში „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი წააგო, მაგრამ ის, რასაც მანჩესტერელები ფეხბურთის მოედანზე ვერ ახერხებენ, თურმე, ვაშინგტონში, კერძოდ „თეთრ სახლში“ ხერხდება.

დიახ, „ბარსა“ დამარცხებულია: კატალონიელებმა, როგორც ჩვეულებრივმა ტურისტებმა, ამერიკაში ყოფნის დროს „თეთრი სახლი“ გარედან დაათვალიერეს, „იუნაიტედი“ კი შიგ შეიყვანეს.

მოგეხსენებათ, ამერიკაში ეკონომიკური სირთულეებია და პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მანჩესტერელებთან შესახვედრად ვერ მოიცალა. ამის მიუხედავად „იუნაიტედის“ ფეხბურთელმა პლანეტის, სავარაუდოდ, ყველაზე გავლენიან შენობაში გემოზე ისეირნეს და ფოტოები გადაიღეს, რიო ფერდინანდმა კი თავისი სურათის „ტვიტერზე“ დაგდება იქიდანვე მოახერხა.

„მანჩესტერ
იუნაიტედის“ თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ჟურნალისტებს ასე უთხრა:

„ფანტასტიკური და შთამბეჭდავი იყო. ჩვენ ძალიან კმაყოფილები დავრჩით. „თეთრ სახლში“ ადრეც ვარ ნამყოფი, მაგრამ ხელმეორედ ნახვისას კვლავ ასეთ შთაბეჭდილებას თუ მოახდებდა, არ მეგონა. ეს უდიდესი ისტორიის მქონე, საოცარი შენობაა. ვიმეორებ, ყვეანი საოცრად კმაყოფილები დავრჩით“.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბარსელონა“ ვაშინგტონში დღეს ხვდებიან ერთმანეთს. ეს ამხანაგური თამაში იქნება. საინტერესოა, რომ „თეთრ სახლთან“ გარედან მისულ ბარსელონელებს შენობასთან მიახლოება მოუნდათ, მაგრამ დაცვამ ნება არ დართო.

ჩავი: „ჩვენ გვითხრეს, რომ ახლოს მისვლა მხოლოდ 10-15 კაციან ჯგუფებად შეიძლება, დიდ ჯგუფებს კი ახლოს არ უშვებენ. ამიტომაც გადავწყვიტეთ სასტუმროში დავბრუნებულიყავით“.

მაგრამ, მედალს მეორე მხარე აქვს: „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამერიკულ ტურნეში თავს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულით იწონებს, „ბარსელონამ“ კი ვაშინგტონის „რიც კარლტონში“ არც მეტი არც ნაკლები ჩემპიონთა თასი (თუ ჩემპიონთა ლიგის თასი) გამოფინა.

ალექს ფერგიუსონი არ მალავს, რომ მისთვის დღევანდელ, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვება ფრიად სასიამოვნო იქნება. თან, „ბარსა“ მთავარი ვარსკვლავის, 24 წლის არგენტინელი ლეო მესის გარეშე იქნება, ოღონდ... ექნება კი მესის გარეშე მოთამაშე „ბარსელონას“ დამარცხებას „იუნაიტედისთვის“ განსაკუთრებული გემო?

ფერგიუსონმა თქვა: „ბარსელონა“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მე კი მეორე ადგილზე ყოფნაც მსიამოვნებს, ოღონდ მიზნად მათ დონეზე ასვლა მაქვს დასახული. მარტო ფეხბურთის გუნდთან გატოლებაზე არ ვამბობ. მე მხედველობაში მაქვს მათი ფილოსოფია, წვრთნის სტილი, ის, თუ როგორ ზრდიან ახალ თაობას. მართალი გითხრათ, ახალი თაობის აღზრდაზე მეც, დაახლოებით, მსგავსი შეხედულება მაქვს და თუ მეცოდინებოდა, რომ „ბარსელონა“ შაბათს მოედანზე თავის ახალგაზრდებს გამოიყვანდა, მეც ახალგაზრდებს დავუპირისპირებდი. მერწმუნეთ, შესანიშნავი თამაში გახურდებოდა“.

„იუნაიტედის“ ფრანგი მცველისთვის, 30 წლის პატრის ევრასთვის კი „ბარსასთან“ შეხვედრა, ლამის პირადი საკითხია:

„ამ გუნდს პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ფეხბურთელს თუ რამე მინდა, ეს „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთხელ შეხვედრაა. მე მათთან უკვე ორჯერ წავაგე და ამას ვერ შევგუებივარ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული