კარლოს ტევესის მორიგი ოფოფები

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, კარლოს ტევესი მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან შეთანხმდა, რომ კლუბში ორშაბათს გამოცხადდება. სხვა სიტყვებით, ტევესმა გაიგრძელა შვებულება, რომელიც მას "კოპა ამერიკაში" მონაწილეობის გამო ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ ტევესი "სიტიში" ხუთშაბათს უნდა დაბრუნებულიყო, რაზეც ძალიან ბევრი იწერებოდა, რადგან საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ თავდამსხმელს ინგლისიდან წასვლა სურს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის დაძაბულობაა, თუმცა არგენტინელი ვერსად გადადის და იძულებულია ისევ მანჩესტერში დაბრუნდეს. თუმცა, "დეილი მეილი" წერს, რომ ტევესმა ისტლენდიდან ოფიციალური წერილი მიიღო, სადაც დადასტურებულია, რომ მას უფლება აქვს ვარჯიშზე ორშაბათს,
8 აგვისტოს მივიდეს.

რას ნიშნავს ეს? იმას, რომ არგენტინელი ფორვარდი კვირას, ინგლისის სუპერთასზე, რომელსაც "ქომუნითი შილთი" ეწოდება, ვერ ითამაშებს, არადა ეს გახლავთ მანჩესტერული დერბი: "სიტი" ტევესის ყოფილი გუნდის, "იუნაიტედის" წინააღმდეგ.

"კოპა ამერიკაზე" თამაშისა და შემდეგ დასვენების გამო ტევესს "მანჩესტერ სიტისთან" ერთად სეზონისწინა შეკრება არ გაუვლია. არადა, ჩემპიონატი კარსაა მომდგარი - ისტლენდელებს პირველი შეხვედრა 15 აგვისტოს "სუონსისთან" აქვს. გამოდის, რომ ფორვარდს მოსამზადებლად და მანჩინის რჩეულ ფეხბურთელებში მოსახვედრად ერთი კვირა აქვს. თუმცა, ზოგი წყაროს მიხედვით ამ ერთ კვირაში უნდა ველოდოთ "ინტერის" გააქტიურებას. ამბობენ, არ არის გამორიცხული ტევესმა ინგლისიდან გაქცევის ბოლო შანსი გამოიყენოსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული