სკანდალურმა პუბლიკაციებმა, ბუნებრივია, შეყვარებულებს შორის ურთიერთობა დაძაბა. ადრე მოგახსენეთ, რომ კლენსი მანჩესტერში იყო
"დრო და შენგან შორს ყოფნა მჭირდება, რათა გონება გამეწმინდოს", - ამბობდა ტელევარსკვლავი.
ჩხუბის შემდეგ კრაუჩი მშობლების სახლში გადაბარგდა, ები კლინსი კი მანქანას მოახტა და 60 კილომეტრის მოშორებით მდებარე ოლდენკრეიგის საცხენოსნო ცენტრისკენ გაეშურა, სადაც მას მეგობარი, მასავით ცხენოსნობის მოყვარული და საქვეყნოდ ცნობილი ტონი ტერი ელოდა - გეცნობათ, ხომ? ტონი ტერი "ჩელსის" ვარსკვლავის ჯონ ტერის მეუღლეა, რომელიც გასულ გაზაფხულზე ქმარმა კლენსიზე უარეს დღეში ჩააგდო.
ტერიმ ცოლს თანაგუნდელის უეინ ბრიჯის მეუღლესთან უღალატა. მერედა, ღალატი ღალატად და ამ ისტორიებში ძალიან ცუდი ის არის, რომ ეს ბედნიერი და მდიდარი ქალები უეცრად სკანდალური ისტორიების მთავარი გმირები ხდებიან. მათ დასდევენ პაპარაცები, მათზე დაუსრულებლად წერენ უხერხულ კონტექსტში და გეგონება თავს დატეხილი ოჯახური პრობლემა არ ეყოფოდათო, საზოგადოებრივი ინტერესის გამო ცხოვრება ნამდვილ კოშმარად ექცევათ.
საცხენოსნო ცენტრში, სადაც ები კლენსისა და ტონი ტერის თავიანთი ულაყები ჰყავთ, გამოცდილმა მისის ტერიმ მეგობარს მწარე გამოცდილება გაუზიარა. ჩასაფრებულმა თვითმხილველებმა ტაბლოიდებს უამბეს, რომ კლენსი რამდენჯერმე ტირილის პირას იყო მისული, ტონიმ კი ხელი მოხვია და მოეფერა. და კიდევ, ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ ები კლენსის პიტერ კრაუჩის ნაყიდი 200 ათას ფუნტად ღირებული ბეჭედი აღარ ეკეთა.
თუ გახსოვთ, როდესაც ჯონის ღალატის ამბავი გაიგო, ტონი ტერიმ ბავშვებს ხელი ჩასჭიდა და დასასვენებლად ინგლისიდან ძალიან შორს, დუბაისკენ გასწია. ერთი ხნის შემდეგ ნანერვიულებმა ქმარმა ცოლს იქ ჩააკითხა და... შეურიგდა. როგორც ჩანს, დაახლოებით ამდაგვარი რამ ურჩია მისის ტერიმ ტელევარსკვლავს, რადგან მან საცხენოსნო ცენტრში გულითადი ლაპარაკის შემდეგ, ტელევიზიაში ჩაწერები გადადო და... ესპანეთს, კერძოდ კუნძულ მალიორკას გაემგზავრა, სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში დედამისი ისვენებდა.