კრაუჩის საცოლის ტერ-აქტი

AutoSharing Option
იმ დღეს პიტერ კრაუჩის გასაჭირზე გიამბობდით და მოდი, აყლაყუდა ინგლისელ ფორვარდს შუა გზაზე ნუ მივატოვებთ: რაკიღა მისი ამბის თხრობა გადავწყვიტეთ, ბოლომდე მივყვეთ, მით უფრო, რომ ამ დღეებში ტაბლოიდები სწორედ ტოტენჰემელისა და მისი ტელევარსკვლავი საცოლის, 24 წლის აბიგალ (იგივე ები) კლენსის გაფუჭებულ ურთიერთობებს მიმოიხილავენ დიდი ენთუზიაზმით. შეგახსენებთ პრობლემის მიზეზს: ერთი ხნის წინ კრაუჩი მეგობარს მადრიდში გაჰყვა და იქ მეძავთან "გაინავარდა", რაც ყვითელი პრესისთვის, შესაბამისად, ები კლენსისთვისაც ცნობილი გახდა.

სკანდალურმა პუბლიკაციებმა, ბუნებრივია, შეყვარებულებს შორის ურთიერთობა დაძაბა. ადრე მოგახსენეთ, რომ კლენსი მანჩესტერში იყო
გადაღებებზე, საიდანაც ლონდონს დაბრუნდა და სახლში, სადაც ის და პიტერი ცხოვრობდნენ, საქმროს საქმე გაურჩია. როგორც ტაბლოიდებმა შეიტყვეს, გარჩევა ხმაურიანი გამოდგა. აღშფოთებული ქალი ფეხბურთელ სატრფოს უყვიროდა თავიდან მომწყდი, რომ გიყურებ თვალწინ მეძავთან ერთად მიდგახარო.

"დრო და შენგან შორს ყოფნა მჭირდება, რათა გონება გამეწმინდოს", - ამბობდა ტელევარსკვლავი.
ჩხუბის შემდეგ კრაუჩი მშობლების სახლში გადაბარგდა, ები კლინსი კი მანქანას მოახტა და 60 კილომეტრის მოშორებით მდებარე ოლდენკრეიგის საცხენოსნო ცენტრისკენ გაეშურა, სადაც მას მეგობარი, მასავით ცხენოსნობის მოყვარული და საქვეყნოდ ცნობილი ტონი ტერი ელოდა - გეცნობათ, ხომ? ტონი ტერი "ჩელსის" ვარსკვლავის ჯონ ტერის მეუღლეა, რომელიც გასულ გაზაფხულზე ქმარმა კლენსიზე უარეს დღეში ჩააგდო.

ტერიმ ცოლს თანაგუნდელის უეინ ბრიჯის მეუღლესთან უღალატა. მერედა, ღალატი ღალატად და ამ ისტორიებში ძალიან ცუდი ის არის, რომ ეს ბედნიერი და მდიდარი ქალები უეცრად სკანდალური ისტორიების მთავარი გმირები ხდებიან. მათ დასდევენ პაპარაცები, მათზე დაუსრულებლად წერენ უხერხულ კონტექსტში და გეგონება თავს დატეხილი ოჯახური პრობლემა არ ეყოფოდათო, საზოგადოებრივი ინტერესის გამო ცხოვრება ნამდვილ კოშმარად ექცევათ.

საცხენოსნო ცენტრში, სადაც ები კლენსისა და ტონი ტერის თავიანთი ულაყები ჰყავთ, გამოცდილმა მისის ტერიმ მეგობარს მწარე გამოცდილება გაუზიარა. ჩასაფრებულმა თვითმხილველებმა ტაბლოიდებს უამბეს, რომ კლენსი რამდენჯერმე ტირილის პირას იყო მისული, ტონიმ კი ხელი მოხვია და მოეფერა. და კიდევ, ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ ები კლენსის პიტერ კრაუჩის ნაყიდი 200 ათას ფუნტად ღირებული ბეჭედი აღარ ეკეთა.

თუ გახსოვთ, როდესაც ჯონის ღალატის ამბავი გაიგო, ტონი ტერიმ ბავშვებს ხელი ჩასჭიდა და დასასვენებლად ინგლისიდან ძალიან შორს, დუბაისკენ გასწია. ერთი ხნის შემდეგ ნანერვიულებმა ქმარმა ცოლს იქ ჩააკითხა და... შეურიგდა. როგორც ჩანს, დაახლოებით ამდაგვარი რამ ურჩია მისის ტერიმ ტელევარსკვლავს, რადგან მან საცხენოსნო ცენტრში გულითადი ლაპარაკის შემდეგ, ტელევიზიაში ჩაწერები გადადო და... ესპანეთს, კერძოდ კუნძულ მალიორკას გაემგზავრა, სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში დედამისი ისვენებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული