საუკეთესო "ქომუნითი შილდი"

AutoSharing Option
დიდებულ სანახაობას, რომელიც კვირას, "უემბლიზე", "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "მანჩესტერ სიტიმ" გამართეს, ინგლისურ პრესაში უკვე უწოდეს ყველა დროის საუკეთესო "ქომუნითი შილდი" ანუ სუპერთასის თამაში, რომელიც ლონდონში ტრადიციულად, სეზონის დაწყებამდე, ჩემპიონსა და ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელს შორის იმართება.

შეგახსენებთ, რომ ამჯერად გულშემატკივარს გაუმართლა, მანჩესტერული დერბი ერგო და თამაში ყოველმხრივ საუცხოო გამოვიდა, დრამატიზმითაც და ხარისხითაც. პირველი ტაიმის შემდეგ "სიტი" 2:0-ს იგებდა, შესვენების შემდეგ კი "იუნაიტედმა" სამი გოლი შეაგდო. გამარჯვების გოლი 24 წლის ნანიმ მსაჯის მესამე წამატებულ წუთზე გაიტანა. "იუნაიტედის" თავდასხმის ლიდერმა, 25 წლის
უეინ რუნიმ მატჩის შემდეგ დამარცხებულ თანაქალაქელებს წიხლი დააჭირა და თქვა, რომ მან და მისმა ამხანაგებმა მეტოქეს ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარეს.

"კარგად გამოჩნდა, ვინ არის უძლიერესი. უპირატესობა თავიდან ბოლომდე ჩვენ გვქონდა. თამაში როდის დამთავრდა ვერც კი გავიგეთ. "სიტი" ნაწილებად დავშალეთ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონია და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, ის უნდა დაამარცხოს.

რასაკვირველია, მოწინააღმდეგემ ძალიან მოინდომა. მან ყველა ღონე იხმარა "ქომუნითი შილდი" ჩვენთვის ხელიდან რომ გამოეგლიჯა და იმასაც გეტყვით, რომ შესაძლოა ის, რაც "სიტიმ" გააკეთა სხვას ვერავის გაეკეთებინა".

სტადიონიდან კომპიუტერთან დაბრუნებულმა რუნიმ ხალხისთვის აზრის გაზიარება უკვე "ტვიტერში" გააგრძელა: "ვფიქრობ, დღეს ფეხბურთის გაკვეთილი ჩავატარეთ".

"იუნაიტედის" სამი გოლიდან ორი ნანიმ შეაგდო. პირველი საუცხოო კომბინაციის დიდებული დამთავრება იყო, მეორე კი მეტოქის მცველის შეცდომის ჩასაფრების ნიმუში. პორტუგალიელმა თქვა: "ძალიან კარგია "მანჩესტერ სიტისთან" თამაში და ასე გამარჯვება. დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან დიდი სიამოვნება მოგვანიჭა. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ყოველთვის ბოლო წამამდე ვიბრძვით".

ნანი ძალიან შეაქო "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმაც: "მან გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. სტატისტიკას ჩავხედოთ: 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გადააწოდა. მას მხოლოდ ერთ მონაკვეთში არ გაუმართლა, როდესაც ცოტა გადაიღალა, ანტონიო ვალენსია კი სწორედ ამ დროს შევიდა ჩინებულ ფორმაში. ამან ნანი შემადგენლობიდან ამოაგდო. დღეს კი, ხედავთ, როგორ თამაშობს. მან მთელი მოსამზადებელი პერიოდი შესანიშნავად ჩაატარა და, რასაკვირველია, სეზონის დასაწყისში ძირითად შემადგენლობაში გვეყოლება".

შემდეგ, ფერგიუსონს შესვენებისას განხორციელებულ სამ უცნაურ ცვლილებაზე ჰკითხეს: რიო ფერდინანდის, ნემანია ვიდიჩისა და მაიკლ ქერიკის ნაცვლად ფერგიმ მოედანზე ფილ ჯონსი, როი ევანსი და ტომ კლივერლი შეუშვა.

სერ ალექსმა უპასუხა: "ჩვენ თავიდან ერთგვარ რისკზე წასვლას და ტომ კლივერლის სასტარტო შემადგენლობაში გამოყვანას ვაპირებდით, მაგრამ ბოლოს მაინც ვიფიქრეთ, რომ "მანჩესტერ სიტისთან" "ქომუნითი შილდზე" ქერიკის გამოცდილებაზე დაყრდნობა აჯობებდა. თუმცა, ამ დღეს კლივერლის აუცილებლად რომ უნდა ეთამაშა, იმთავითვე გადაწყვეტილი გვქონდა. მართალი გითხრათ, თავიდან არ ვიცოდი რომელ პოზიციაზე აჯობებდა მისი გამოყვანა, მაგრამ როდესაც "სიტი" ორი გოლით დაწინაურდა, აშკარად დავინახე, რომ ყველაფერს აჯობებდა ტომს ნახევარდაცვიდან შეეტია მოწინააღმდეგის კარისთვის. თამაშის სურათი ამ ტიპის ფეხბურთელს ითხოვდა".

"უემბლიზე" გამარჯვებამ სერ ალექსი ჩინებულ გუნებაზე დააყენა და სეზონის წინ ოპტიმიზმი შემატა, მაგრამ ინგლისის ჩემპიონის მწვრთნელი სულაც არ მიიჩნევა, რომ მის გუნდს რაიმე აქვს გარანტირებული.

"მე ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი და მათი შესაძლებლობების მწამს, მაგრამ პრემიერლიგაში გადაჭრით ვერასოდეს ვერაფერს იტყვი. ინგლისის ჩემპიონატი სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავდება. აქ ექვსი გუნდი აცხადებს პრეტენზიას ტიტულზე".

რაც "სიტის" სათავეში რობერტო მანჩინი ჩაუდგა, მანჩესტერულმა დერბიმ სხვა ელფერი მიიღო. ამჯერადაც, გამარჯვებულის ვინაობა მსაჯის წამატებულ წუთებში გადაწყდა, პირველი ტაიმის შემდეგ კი "სიტი" 2:0-ს იგებდა. საერთო აზრით, ამ ყოველივეს მიუხედავად, "უემბლიზე" უკეთესი ფეხბურთი "იუნაიტედმა" ითამაშა, მაგრამ მანჩო კონკრეტულ შეცდომებს ეძებს. ის ამბობს, რომ კრის სმოლინგის გოლის დროს მისმა მცველებმა ვერ გააცნობიერეს რა ხდებოდა და პოზიციები როგორ უნდა გადაენაწილებინათ, ნანის ბოლო გოლი კი ვენსან კომპანის შეცდომის გამო გავიდა.

"სიტის" თავკაცმა თქვა: "არა მგონია, რომ სმოლინგის გოლმა "იუნაიტედს" ფსიქოლოგიური უპირატესობა მიანიჭა, მაგრამ იმის მიხვედრა თუ რატომ წავაგეთ დღევანდელი შეხვედრა, ძალიან კარგი იქნება. საუკეთესო გუნდები ყოველთვის საუკეთესო თამაშებს როდი ატარებენ, მაგრამ როდესაც 2:0-ს იგებ, მენტალურად უნდა გაძლიერდე. მომავალში, როდესაც "იუნაიტედის" დონის გუნდს კიდევ შევხვდებით, ვთქვათ, "რეალს" ჩემპიონთა ლიგაში ან ვინმე სხვას, კარგი იქნება ჩემი ფეხბურთელები ფეხბურთის თამაშს ბოლომდე თუ გააგრძელებენ. როგორ შეიძლებოდა საკუთარი ნახევრისკენ ასე დახევა? მომავალში, მოედანზე აუცილებლად წინ, შუაში უნდა დავრჩეთ".

და ბოლოს კითხვა, რომელიც ყველას გაუჩნდა: რატომ არ ათამაშა მანჩინიმ ახალშეძენილი სერხიო აგუერო?

მწვრთნელმა განმარტა: "აგუერო ჯერ თამაშისთვის მზად არ არის. "იუნაიტედთან" მისი მოედანზე შეშვება ბოლო 10 წუთის განმავლობაში შეიძლებოდა, მაგრამ სტანდარტული სიტუაციების გამო მაღალი მოთამაშეები მჭირდებოდა და ამიტომ შევიკავე თავი.

აგუერომ ჯერ უნდა ივარჯიშოს, რადგან გასული სეზონი სულ სამი კვირის წინ დაასრულა. იქნებ სწორედ ამიტომაც არ სჭირდება სეზონისწინა პერიოდის გავლა, მაგრამ ფორმის აღსადგენად ძალების აღდგენა და ვარჯიში მაინც მეტად სჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული