ბებე ქუჩიდან

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ამ ზაფხულს მესამე ფეხბურთელი იყიდა - ფერგიმ პორტუგალიელ თავდამსხმელ ბებეში 7,6 მილიონი ფუნტი ანუ 8,45 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს ბებე, რომლის ფოტოც თავდაპირველად ინგლისურმა გამოცემებმა ვერ მოიძიეს, 20 წლის გახლავთ, მაგრამ უკვე საოცარი ბიოგრაფიის კაცია. სანამ უპატრონო ბავშვთა სახლში მიიყვანდნენ, გარკვეული ხანი ქუჩაში ცხოვრობდა. იცოდით? თურმე, უსახლკაროთა მსოფლიოს ჩემპიონატიც ტარდება და ბებეს ამ შეჯიბრებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

190 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდმა სულ ახლახან გააფორმა კონტრაქტი "ვიტორია გიმარაეშთან", მაგრამ ფერგიუსონმა იყოჩაღა და ბებე გამოისყიდა. მანჩესტერელთა თავკაცს უსახლკარო
ახალგაზრდის ყიდვა მისმა ყოფილმა ასისტენტმა, 2008 წლიდან პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა კარლოს კეირუშმა ურჩია. ბებე, რომლის სრული სახელი ტიაგო მანუელ დიას კორეირა გახლავთ, მანჩესტერში ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ ხელშეკრულებასაც გააფორმებს.

ბებემდე ფერგიმ კრის სმოლინგი და ხავიერ ერნანდესი შეიძინა. ამ ორ ფეხბურთელში მანჩესტერელთა თავკაცს 22 მილიონ ევრომდე დაეხარჯა. "იუნაიტედის" შეფმა შესაძლოა გერმანელი მესუტ იოზილის ყიდვაც სცადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული