შარიანი კაცი, ბელამი

AutoSharing Option
უელსელი თავდამსხმელი კრეიგ ბელამი "მანჩესტერ სიტიმ" სერიოზულად დააჯარიმა. გარდა ამისა, საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ მას ისტლენდერები აღარც ათამაშებენ - ევროლიგის განაცხადში არ შეიყვანეს. "ლელოს" მკითხველისთვის გასაგებია, რას მოჰყვა ყველაფერი: ორი დღის წინ ბელამიმ საჯაროდ განაცხადა, რომ "სიტის" იტალიელი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მის გუნდიდან გაგდებას ცდილობს და დასძინა, თუ პრემიერლიგის 25 კაციან განაცხადშიც არ ვიქნები ფეხბურთის თამაშს თავს დავანებებო. როგორც ამბობენ, მწვრთნელის კრიტიკისთვის ბელამი ორი კვირის ხელფასს ვერ მიიღებს, ეს კი 160 ათასი ფუნტია.
ბელამიმ ოთხშაბათს, უელსისა და ლუქსემბურგის ნაკრებების ამხანაგური
თამაშის შემდეგ (უელსმა 5:1 მიოგო, "სიტის" ფორვარდმა კი მეხუთე გოლი გაიტანა) პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის კლუბის ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეებრძოლოს. საინტერესო რამ დასძინა - ვინაიდან კომენტარი ნაკრების ბანაკში გავაკეთე და არა "სიტიში" ყოფნისას, ისტლენდერებს ჩემი დაჯარიმების უფლება არ აქვთო. ბელამის თქმით, მისმა აგენტმა "სიტის" ხელმძღვანელებს უკვე გადასცა საკითხისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ.
ადრეც მოგახსენეთ, რომ ბელამის პრემიერლიგის განაცხადში მოხვედრის იმედი არ აქვს. ამასთან გაირკვა, რომ მანჩინიმ იგი მომავალ ხუთშაბათს, ევროლიგაზე, რუმინულ "ტიმიშუარასთან" გამოძახებულთა სიაშიც არ ჩაწერა - როგორც ჩანს კლუბს მობეზრდა კონფლიქტური ბუნების ფეხბურთელთან ურთიერთობა. ცნობილია, რომ ბელამის მანჩინისთან რამდენჯერმე მოუვიდა კონფლიქტი. პირველად ეს მოხდა თებერვალში, როდესაც ფეხბურთელმა მწვრთნელს მის ერთ-ერთ იტალიელ თანაშემწესთან ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშზე უარი უთხრა. როგორც ამბობენ სწორედ მაშინ უყვირა მანჩინიმ თავდამსხმელს, წადი და სამი თვე თვალით არ დამენახოო. შემდეგ იყო და მარტში ცნობილი ინციდენტი მოხდა: მანჩინი მოედნის კიდესთან "ევერტონის" მწვრთნელ დევიდ მოიესს წაეკიდა. მერე თქვეს, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ბელამიმ მოიესის მხარი დაიჭირაო და "სიტიმ" ამ ჭორის გადასამოწმებლად შიდასაკლუბო გამოძიება წამოიწყო. მაისში, როდესაც "სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე" ისტლენდელებს "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" აჯობა და ხელიდან ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება გამოღლიტა, ბელამიმ ლონდონელთა თავკაცს ჰარი რედნაპს დიდი სიხარულით მიულოცა, რაც მანჩესტერელებს არ ესიამოვნათ. სხვათაშორის, თუ ამ ზაფხულს ბელამი "სიტიდან" წავა, მისი ყიდვის უპირველესი მსურველი სწორედ "სფურზი" იქნება.
"ტიმიშუარასთან" სათამაშოდ შეკრებილ ფეხბურთელთა შორის არ არის სტივენ აირლენდიც. ამბობენ, რომ "სიტისა" და "ასტონ ვილას" შორის კვლავ გრძელდება მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც ბირმინგემიდან მანჩესტერში შესაძლოა ჯეიმს მილნერი გადავიდეს, ხოლო ისტლენდელები მასში ფულს გადაიხდიან და ხურდაში აირლენდსაც მიაყოლებენ.
ძალიან უცნაური ცნობა: ხსენებულ განაცხადში შეყვანილია ბრაზილიელი რობინიო, რომელიც ქერინგტონის საწვრთნელ ცენტრში გუშინ უნდა მისულიყო.
"სიტის" ამბებზე ლაპარაკი იმით დავასრულოთ, რომ ბოლო ცნობებით, კლუბს "მილანისგან" კიდევ ერთი ბრაზილიელის ტიაგო სილვას ყიდვა უნდა. მას მილანელები 30 მილიონ ფუნტად ანუ 36,2 მილიონ ევროდ აფასებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული