შოკი ტელევიზორიდან

AutoSharing Option
ფაბიო კაპელომ დევიდ ბექჰემის სანაკრებო კარიერა ხელის ერთი უხეში მოსმით დაასრულა. ეს სატელევიზიო გადაცემაში მოხდა. მწვრთნელს ჰკითხეს დაეყრდნობა თუ არა თუ არა იგი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებში ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს. მან უპასუხა: "მე ბექჰემს მსოფლიოს ჩემპიონატზე გაწეული დახმარებისთვის დიდ მადლობას ვუხდი, მაგრამ ვფიქრობ თამაშისთვის ის უკვე ბებერია".
აი, ასე დასრულდა ინგლისური და შესაძლოა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კარიერა. არადა, 35 წლის ვარსკვლავი აქილევსის ნატკენ მყესს წარმატებით მკურნალობდა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადებოდა. ყველაზე მეტად კი ხალხი იმან
აღაშფოთა, რომ კაპელოს პასუხიდან ცოტა ხნის შემდეგ გაირკვა: მწვრთნელმა საჯარო განცხადება ისე გააკეთა, რომ ფეხბურთელისთვის არაფერი ჰქონდა ნათქვამი. სხვათაშორის, ეს ეჭვი ხელადვე გაუჩნდა გადაცემაში ექსპერტად მიწვეულ ლეს ფერდინანდს. დასრულდა თუ არა კაპელოს ინტერვიუ და ჩართეს თუ არა ეთერში ისევ სტუდია, ფერდინანდმა თქვა:
"არ ვარ დარწმუნებული, რომ მას დევიდთან უკვე აქვს ნალაპარაკები. მზარავს იმის წარმოდგენა, რომ ბექჰემი ახლა ტელევიზორთან ზის და გაოგნებული ფიქრობს რომ მისი კარიერა დასრულებულია".
საინტერესო გახლდათ ფეხბურთელის წარმომადგენლის ოფიციალური განცხადება: "სანაკრებო ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე არანაირი ლაპარაკი არ ყოფილა. დევიდი მზად არის როდესაც კი ფორმაში იქნება თავის ქვეყანას ემსახუროს და თუ ნაკრებში გამოიძახებენ დანიშნულ დღეს გამოცხადდება შეკრებაზე".
როგორც ინგლისური პრესა წერს, კრიტიკის მორიგი დიდი ტალღისგან იტალიელი მწვრთნელი უნგრეთის ნაკრებთან გამარჯვებამ იხსნა. თუმცა, როგორც ჩანს კაპელომ მაინც იგრძნო, რომ ინგლისელთა საყვარელ ვარსკვლავს ცუდად მოექცა და თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ბოლო წლებში "ლოს ანჯელეს გელექსიში" თამაშობს, თუმცა ორჯერ, გაზაფხულზე, "მილანშიც" გახლდათ გაქირავებული (სწორედ იმიტომ, რომ ევროპაში ყოფილიყო და ნაკრების მწვრთნელის თვალწინ ეტრიალა) კიდევ ერთხელ მისცემს ინგლისური მაისურის ჩაცმის შანსს. კაპელოს ვერსიით ეს 17 ნოემბერს საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრაში მოხდება.
"ის გამოსამშვიდობებელ შეხვედრას გამართავს. ეს იქნება ამხანაგური თამაში".
შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემმა ინგლისის ნაკრების მაისურა პირველად 1996 წლის სექტემბერში მოლდოვას წინააღმდეგ მოირგო, ჯერჯერობით ბოლო თამაში კი გასულ ოქტომბერს ბელარუსთან ჰქონდა. სულ ბექჰემს ნაკრებში 115 მატჩი აქვს ჩატარებული და რეკორდსმენ პიტერ შილტონს ათით ჩამორჩება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ის ეროვნულ გუნდს კარგა ხნის განმავლობაში კაპიტნობდა. სწორედ ბექჰემს ეკეთა სამკლავური 2002 და 2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებსა და 2004 წლის ევროპის პირველობაზე. მან 1998 წლის მუნდიალზეც ითამაშა, მაგრამ მაშინ კაპიტანი ალან შირერი გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული