ჯერარდი ბედის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ინგლისში ამ ამხანაგურ შეხვედრას ფაბიო კაპელოს მორიგ გამოცდად უფრო აღიქვამდნენ ვიდრე შესარჩევი შეჯიბრებისთვის მომზადებად. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაფლავების შემდეგ კაპელოს სანახევროდ გამოცვლილი შემადგენლობით "უემბლიზე" უნგრეთთან რომ წაეგო, რა მოხდებოდაო, წერენ გაზეთები და ერთხმად აღნიშნავენ, რომ იტალიელ თავკაცს სტივენ ჯერარდმა უშველა - კაპიტნის ორი საუცხოო გოლის წყალობით მასპინძლებმა აღმოსავლეთევროპელებს სძლიეს. თან, თავიდან უნგრელები იგებდნენ... შეხვედრის სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.
მეტსაც წერენ ინგლისელი მიმომხილველები. მათი ვარაუდით კაპელოს გუნდს ამ მხოლოდ და მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრაში რომ წაეგო ან ფრედ ეთამაშა, ევრო 2012-ის შესარჩევი
ეტაპის წინ დაითრგუნებოდა და შესაძლოა ჯგუფიდან ვეღარც გასულიყო. შეგახსენებთ, რომ ინგლისი ევრო 2008-ზე ვერ მოხვდა და ეს კოშმარი ქვეყანას, როგორც ჩანს, ჯერ არ დავიწყებია. და აი, ასეთ კოშმარებთან მებრძოლ ინგლისელებს 62-ე წუთზე უნგრეთმა გოლი გაუტანა. თან როგორ - მასპინძლებმა თავად შეაგდეს საკუთარ კარში. ეს ასე მოხდა: მაიკლ დოუსონს თავის ნახევარზე ფეხი დაუსხლტა, ბურთი "ფულჰემის" უნგრელმა თავდამსხმელმა ზოლტან გერამ იხელთა, საჯარიმომდე მიირბინა და შეცვლაზე შესულ ვლადიმირ კომანს "გააყოლა". კომანი კარს მახვილი კუთხით მიუახლოვდა და გმჭოლი პასის ჩაწოდება სცადა. სწორედ აქ არ გაუმართლა ფილ იაგიელკას. ბურთი მისი ფეხიდან აიჭრა და მართალია, ზემოთ ნახსებმა დოუსონმა თავპირის მტვრევით ჩაირბინა კარის ხაზამდე და ბურთი უკან გამოაგდო კიდეც, მსაჯის აზრით გოლი გავიდა.
იყო გოლი? გადაკვეთა ბურთმა ხაზი? ინგლისელი კომენტატორები და მიმომხილველები ერთხმად ამტკიცებენ, რომ არა, თქვენ კი, ძვირფასო მკითხველო, თუ თამაში არ გინახავთ, ტელევიზიით "ჰაილაითების" ცქერისას გთხოვთ დააკვირდეთ. დიდი შანსია, რომ იყო კიდეც. ისე კი, ამ კარის ხაზთან დაკავშირებით ინგლისელებს რა ღმერთი უწყრებათ, მართლა საინტერესოა - აქ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრენკ ლემპარდის გატანილი გოლის ამბავს აღარ გავიმეორებთ.
ასე იყო თუ ისე ბედმა, კაპელოს კვლავ აქცია ზურგი, თუმცა ჯერარდმა ბედისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა. აღფრთოვანებით ვიმეორებთ: მან ორი საოცარი გოლი გაიტანა. პირველი უნგრელების წარმატებიდან 7 წუთში შეაგდო - სწრაფი შეტევისას მეტოქის ნახევარზე, მოედნის შუაში მიიღო ბურთი, მოწინააღმდეგის საჯარიმოს მეტ-ნაკლებად მიუახლოვდა და საბჭოურად რომ ვთქვათ, ცხრიანში დაარტყა. მეორე გოლი კი ამ ამბიდან ოთხი წუთის შემდეგ სულ სხვა გემოვნების მაყურებელთა გასახარად გაიტანა: ეშლი იანგისგან ბურთი უნგრელთა საჯარიმოში, სამი მცველის გარემოცვაში მიიღო, გააჩერა, ფინტით შემობზრიალდა, სამივე მეურვა ჩამოიტოვა და მარცხენა ფეხით შეაგდო. არა, ამასაც ნახვა უნდა!
ამ შეხვედრაში ერთი-ორი სხვა მომენტიც იყო, მაგრამ მათი აღწერით თავს აღარ მოგაბეზრებთ, ჯერარდის მატჩისშემდგიმ ციტატებს კი შემოგთავაზებთ:
"ბოლო ხანს ჩვენ, ფეხბურთელები ძალიან გვაკრიტიკეს. ამ კრიტიკის ნაწილი სამართლიანი იყო, ნაწილი უსამართლო. უსამართლო ის ნაწილი გახლდათ, სადაც ჩვენზე ამბობდნენ, რომ ინგლისის სახელით თამაში არად მიგვაჩნია. მგონი დღეს პირველი გოლი ისე ვიზეიმე, რომ ეჭვი აღარავის დავუტოვე.
...საერთოდ, ასეთ შეხვედრებში, როდესაც მეტოქე მთელი გუნდით იცავს თავს, გოლს რაც უფრო მალე გაიტან მით უკეთესია. როგორც ნახეთ, დღეს არ გაგვიმართლა. მეტიც, ანგარიში უნგრელებმა გახსნეს, რის მერეც ჩვენი ამოცანა ორმაგად გართულდა, მაგრამ, ფარხმალი არ დაგვიყრია და როგორც ნახეთ მაინც გავიმარჯვეთ".
ინგლისი - უნგრეთი 2:1
ინგლისი: ჰარტი, ჯონსონი, იაგიელკა, ტერი (46. დოუსონი), ეშლი კოული (46. გიბსი), უილკოტი (46. იანგი), ჯონსონი, ჯერარდი (83. უილშერი), ლემპარდი (46. ზამორა), ბერი, რუნი (67. მილნერი)
უნგრეთი: კირაი, ლიპტაკი (55. კომლოში), ვანცაკი (46. ლაცკო), იუჰასი, სელეში, ვადოცი, ჯუჯაკი (46. კომანი), რუდოლფი (83. პრიშკინი), ელეკი (59. ტოტი), გერა, ჰუსტი (46. ჰაინალი)
გოლები: 0:1 იაგიელკა (62. ს.კ.), 1:1 ჯერარდი (69), 2:1 ჯერარდი (73)
მაყურებელი: 72 024
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული