ვენგერი: სესკს ვერ დავაბამდით!

AutoSharing Option
„არსენალის“ თავკაცმა არსენ ვენგერმა აღიარა, რომ 24 წლის კაპიტნის, სესკ ფაბრეგასისთვის ბრძოლაში მარცხი იწვნია. ნახევარმცველი უკვე ორი დღეა ოფიციალურად „ბარსელონას“ მოთამაშე გახლავთ.

ვენგერი მთელი ზაფხულის განმავლობაში დაჟინებით იმეორებდა, რომ „არსენალი“ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის გასხვისების ნებას თავს ვერ მისცემდა, მაგრამ პირველი ამბავი უკვე აღსრულდა და, სავარაუდოდ, მეორეც მალე აღსრულდება. არადა, საინტერესოა, რომ ვენგერი ჯერ კიდევ გასულ პარასკევს აცხადებდა, ფაბრეგასს არ ვყიდიო. დღეს ჩრდილოლონდონელთა თავკაცი ასე ბრძანებს:

„ყველამ ერთი რამ უნდა გაიგოს: სესკი „ბარსელონაში“ იმიტომ არ წავიდა, რომ ბევრი ფული გადაუხადეს
ან „არსენალი“ არ უყვარდა. მას გულმა თავისი ბავშვობის ქალაქისა და გუნდისკენ გაუწია, ეს იყო და ეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბავშვობაში ის „ბარსელონას“ საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა.

დიახ, ჩვენ მსოფლიო დონის ფეხბურთელი დავკარგეთ, რასაც ძალიან განვიცდით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ ფაბრეგასის შესანარჩუნებლად, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთელის სურვილსა და გადაწყვეტილებას პატივი ვეცით. „არსენალი“ 125 წლის კლუბია და ამ ხნის განმავლობაში ის ბევრ დიდ ფეხბურთელს დაუტოვებია. შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ცხოვრება გრძელდება და ჩვენ შეგვწევს ძალა ფაბრეგასის წასვლის შემდეგაც წარმატებით ვიბრძოლოთ სხვადასხვა ფრონტზე“.

ბოლოს ვენგერს პირდაპირ ჰკითხეს, აღიარებს თუ არა ის, რომ ფაბრეგასისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

„ვაღიარებ, მაგრამ ამაზე რომ ლაპარაკობთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში სპეციფიკურ მომენტთან გვქონდა საქმე — ის ბარსელონელია. მერედა, ფაბრეგასს გულმა გაუწია კლუბისკენ, რომელსაც დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. ვიმეორებ, სესკს ეს გადაწყვეტილება ფულის გამო არ მიუღია“.

ვენგერს ისიც ჰკითხეს, დარჩა თუ არა მას გულში წყენა.

„სესკმა ჩვენ თავისი კარიერის რვა წელიწადი მოგვიძღვნა. მასთან ყოველდღიური ურთიერთობა და მუშაობა სასიამოვნო იყო. მოდი ნუ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ის დაბრუნდეს. ფეხბურთში ხომ ყველაფერი ხდება“.

ცნობისთვის: „ბარსელონასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ფაბრეგასის „ბარსელონასგან“ გამოსყიდვის უპირველესი უფლება „არსენალს“ აქვს, თუმცა კატალონიელებმა ვარსკვლავს 175 მილიონი ფუნტი დაადეს. ეს ევროებში 199.5 მილიონია. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ „ბარსა“ ფაბრეგასს, ოდესმე, სხვა გუნდს მიჰყიდის, სატრანსფერო თანხის ნახევარი „მეთოფეებს“ გადაერიცხება.

ვენგერს მიაჩნია, რომ „არსენალმა“ თავისი კაპიტანი იაფად გაყიდა: „რასაკვირველია, ჩვენ სესკი იაფად გავყიდეთ. ნებისმიერ სხვა კლუბს მეტს გამოვართმევდით. თუ „რელის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ მონაწილეობით აუქციონს მოაწყობ, ფაბრეგასის დონის ფეხბურთელში დიდ ფულს გამოკრავ ხელს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული