რიო ფერდინანდმა შესაძლოა "ტოტენჰემთან" ითამაშოს

AutoSharing Option
თუ რიო ფერდინანდი ორშაბათს, პრემიერლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს, ნამდვილი საოცრება იქნება - სულ რაღაც ერთი კვირის წინ ფერდინანდს უთხრეს, რომ ათი კვირის გაცდენა მოუწევდა.

32 წლის ცენტრალური მცველის მოედანზე დაბრუნება ინგლისის ნაკრების თავკაცისთვის, ფაბიო კაპელოსთვისაც დიდი შეღავათი იქნება.

ფერდინანდმა ორთავა კუნთი პრემიერლიგის პირველ ტურში, ვესტ ბრომვიჩის „ჰოუთორნზე“ დაიშავა, თუმცა, როგორც ჩანს საქმე გამოჯანსაღებისკენ ძალიან სწრაფად მიდის. დიდი შანსია, ვეტერანმა ინგლისის ნაკრების შესარჩევ შეხვედრებში, სტუმრად ბულგარეთსა და შინ უელსთან ითამაშოს.

თუმცა, რამდენადაც სასიამოვნო ამბავი თქვეს „იუნაიტედის“
ექიმებმა ფერდინანდთან დაკავშირებით, იმდენად ცუდი იყო დასკვნა, რომელიც ნემანია ვიდიჩის ჯანმრთელობას შეეხებოდა. მოგეხსენებათ, ვიდიჩმაც იმავე დღეს, იმავე შეხვედრაში მიიღო ტრავმა. სერბი მცველი ექვს კვირას გამოტოვებს. მან საზარდული იტკინა. ვიდიჩის შემთხვევაში პირიქით მოხდა - თავიდან უფრო მსუბუქ ტრავმას წინასწარმეტყველებდნენ.

„იუნაიტედის“ ამბებიდან კიდევ აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჩემპიონს „ინტერის“ ჰოლანდიელი გამთამაშებლის, ვესლი სნეიდერის ყიდვაზე ხელი ჯერ არ აუღია. სნეიდერისა და „იუნაიტედის“ საქმე შეიძლება სატრანსფერო ბაზრობისთვის ნებადართული დროის ბოლო დღესაც კი გადაწყდეს.

საკუთრივ ფეხბურთელს ძალიან უნდა „ოლდ ტრეფორდზე“ გადაბარგება და თუკი ამ საკითხზე ლაპარაკისას თავიდან დიპლომატიური იყო, ახლა ყველაფერს პირდაპირ ამბობს. სხვა საქმეა, რომ მის გაშვებას „ნერაძურის“ პრეზიდენტი მასიმო მორატი ეწინააღმდეგება.

თუ საბოლოოდ ყველაფერი გაირკვევა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონს იყიდის, მას ხუთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება მოუწევს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხელფასად კვირაში 200 ათას ფუნტს კი არ დაუნიშნავენ, არამედ 140 ათასს.

„იუნაიტედი“ „ინტერს“ სნეიდერის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს ანუ 40,3 მილიონ ევროს სთავაზობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული