ლაქიის დარეკილზე

AutoSharing Option
დევიდ ბექჰემი ინგლისის ნაკრების იტალიელი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს განცხადებამ, რომ ის უკვე ასაკოვანია და ნაკრებში აღარაფერი ესაქმება, გააოცა. კაპელომ ისიც თქვა, ინგლისელთა ყოფილ კაპიტანს ამხანაგურ შეხვედრაში ფანებთან გამომშვიდობების საშუალებას მივცემო, მაგრამ როგორც ჩანს იჩქარა. "ლოს ანჯელეს გელექსის" 35 წლის ნახევარმცველმა მწვრთნელის სატელევიზიო გამოსვლის პასუხად განაცხადა: "მე ინგლისის ნაკრებში ჩემს ადგილს დავიბრუნებ".
დღეს მთელი ინგლისი ამბობს, რომ ნაკრებში 115-ჯერ ნათამაშევი ფეხბურთელის ასე უხეშად მოშორება სულ მცირე უტაქტობა იყო. დამსახურებული ადამიანი გუნდიდან გაშვების შესახებ სატელევიზიო ინტერვიუთი არ უნდა იგებდეს. ასეთ გადაწყვეტილება მწვრთნელმა
პირისპირ შეხვედრის დროს უნდა უთხრას. ბექჰემის მეგობარმა ტაბლოიდებს უთხრა:
"რად უნდა ლაპარაკი, რომ კაპელო ვალდებული იყო დაერეკა. ბექზი მისმა სატელევიზიო ინტერვიუმ ძალიან ააღელვა".
როგორც "სანმა" შეიტყო ორშაბათს ანუ ხსენებული სატელევიზიო ინტერვიუს ჩაწერის დღეს (ინტერვიუ ეთერში ოთხშაბათს, ინგლისისა და უნგრეთის ნაკრებების შეხედრის წინ გავიდა) ბექჰემისთვის კაპელოს ასისტენტს ფრანკო ბალდინის დაურეკავს და უთქვამს, რომ იყო "ასეთი და ასეთი" ინტერვიუ, სადაც კაპელომ "რაღაც" თქვა, მაგრამ მან არ უნდა იფიქროს, რომ ჩამოწერეს, უბრალოდ შეფი ამიერიდან აქცენტს უფრო მეტად ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებს. ასეთი ზარის შემდეგ ვეტერანი, რომელიც აქილევსის მყესს წარმატებით მკურნალობს, თავს კვლავ ნაკრების ფეხბურთელად მიიჩნევდა. ოთხშაბათს დილით, "ლოს ანჯელეს გელექსის" საწვრთნელ ბაზაზე შეკრებილ ჟურნალისტებს ინგლისელმა ნახევარმცველმა ასეთი რამ უთხრა:
"ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებ: ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშზე უარს არასდროს ვიტყვი. ვერ გეტყვით მომავალში ნაკრებში კიდევ ერთხელ ვითამაშებ თუ აღჯერ, მაგრამ როდესაც კი გამომიძახებენ, გამოვცხადდები".
მაგრამ, ეს, როგორც გითხარით, მანამდე მოხდა სანამ კაპელოს ინტერვიუ ეთერში გავიდოდა. საღამოს დევიდი და მისი მეუღლე ვიქტორია ადამსი უკვე დაზაფრულები ისხდნენ ტელევიზორთან. მეგობარმა თქვა:
"კაპელოზე უკეთ ამ საქმეს თავს მე გავართმევდი. რა გამოვიდა? მან დაარეკინა ლაქიას, რომელმაც დევიდს ხეირიანად არც გააგებინა რაში იყო საქმე. ბექზმა გამოსათხოვარ მატჩზე, რასაკვირველია, უარი თქვა და გაორმაგებული ძალით შეუდგა ვარჯიშს, რათა კვლავ მოინადიროს ნაკრებში თავისი ადგილი".
კაპელოს საქციელმა ბევრ ცნობილ ვარსკვლავსა და მიმომხილველს აღუძრა თავისი აზრის გამოთქმის სურვილი. ასე მაგალითად, "არსენალის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და `სანის~ მესვეტემ იან რაიტმა თქვა:
"ის, რაც მან დევიდ ბექჰემს გაუკეთა ამაზრზენია. ინგლისის ნაკრების თავკაცი ასეთ ქცევას არ უნდა კადრულობდეს. ბექჰემი მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში სულ გვერდით ჰყავდა და თუ მის გაშვებას აპირებდა, მაშინ უნდა ეთქვა".
ლეგენდარული მეკარე პიტერ შილტონი: "ეს უკეთ უნდა მოეხერხებინათ,მითუფრო, რომ საქმე ეხება კაცს, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლის კამპანიაში ჩვენი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა".
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი მაიკლ ოუენი: "არ მინდა გადაჭარბება გამომივიდეს და ვთქვა, რომ მწვრთნელი დევიდს პატივს არ სცემს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში დარეკვა უფრო სწორი რომ იქნებოდა, რად უნდა ლაპარაკი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული