"ჩელსის" ხუან მატა დაემატა

AutoSharing Option
„ჩელსიმ“ და „ვალენსიამ“ დაადასტურეს, რომ 23 წლის ესპანელი ფეხბურთელის, ხუან მატას ტრანსფერთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, თუმცა თანხის დასახელებისგან თავი შეიკავეს.

სხვა საქმეა, რომ ზოგიერთმა გამოცემამ მაინც შეიტყო, რომ „ლურჯები“ „ღამურებს“ 26 მილიონ ფუნტს ანუ 30 მილიონ ევროს უხდიან. საქმე სამედიცინო შემოწმებაზეღაა მიმდგარი.

დასავლეთლონდონელებმა გამოაქვეყნეს ოფიციალური განცხადება, სადაც წერია: „ნახევარმცველ ხუან მატას ჩვენს კლუბში გადმოყვანასთან დაკავშირებით „ვალენსიასთან“ შეთანხმება მიღწეულია. ახლა ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება და პირადი საკითხების შეთანხმებაღა დარჩა“.

აქ შეიძლებოდა „ვალენსიას“ ოფიციალური განცხადების მოტანაც, მაგრამ ის იმდენად ჰგავს „ჩელსისას“,
რომ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს.

ადრეც გვიხსენებია, რომ „ლურჯების“ ახალ თავკაც ანდრე ვილაშ-ბოაშს გუნდში მისვლის შემდეგ უპირველეს ყოვლისა შემოქმედი ნახევარმცველების ნაკლებობა ეცა თვალში. დასავლეთლონდონელები ამის გამოსწორებას აგვისტოში, სატრანსფერო ბაზრის დაკეტვამდე შეეცდებიან. პორტუგალიელ სპეციალისტს ეჭვი არ ეპარება, რომ მატა სწორედ აღნიშნულ დანაკლისს შეუვსებს.

ამავდროულად, რამდენადაც ცნობილი გახდა „ჩელსი“ სულაც არ გახლავთ ერთადერთი ინგლისური კლუბი, რომელსაც ხუან მატას ყიდვა უნდოდა. „რეალში“ გამოვლენილი ვალენსიელის ყიდვა ჩრდილოლონდონის ორ კლუბს, „ტოტენჰემ ჰოთსპურსა“ და „არსენალსაც“ სურდა.

მატა „ვალენსიაში“ „რეალიდან“ 2007 წელს გადავიდა და ახალ გუნდში თავი ისე გამოიჩინა, რომ ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლებოდა. ვისენტე დელ ბოსკემ ის 2010 წელს მსოფლიოს პირველობაზე წაიყვანა, სადაც ესპანეთის ნაკრები ჩემპიონი გახდა. ორი თვის წინ, დანიაში გამართულ 21 წლამდელთა ევროპის პირველობაზე, სადაც ტიტული კვლავ ესპანეთის ნაკრებმა მოიპოვა, მატა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და მთავარი ვარსკვლავი გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული