დიდი კაცები "ოლდ ტრეფორდზე"

AutoSharing Option
ტურის მთავარი შეხვედრა, რასაკვირველია, „ოლდ ტრეფორდზე“ გაიმართება: „მანჩესტერ იუნაიტედი“ „არსენალს“ მასპინძლობს. მოგეხსენებათ, ჩრდილოლონდონელებს უჭირთ, კრიზისი აქვთ. გუნდი დატოვეს ნახევარდაცვის ვარსკვლავებმა სესკ ფაბრეგასმა და სამირ ნასრიმ, თუმცა ამ დღეებში დამაიმედებელი ამბავიც მოხდა - „მეთოფეებმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში იმარჯვეს და ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ.

არსენ ვენგერის ფეხბურთელებმა ოთხშაბათს სტუმრად „უდინეზეს მოუგეს 2:1. ამის მიუხედავად „არსენალის“ ბევრი გულშემატკივარი უკმაყოფილებას არ მალავს და ყველაფერში ვენგერს ადანაშაულებს. საინტერესოა, რომ სწორედ მათ გასაგონად ამოიღო ხმა... „იუნაიტედის“ თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელმაც თავისი ოდინდელი მეტოქე დაიცვა.

„ძალიან
მაინტერესებს ვიცოდე, ეს ხალხი ვენგერის ნაცვლად ვის მიყვანას აპირებს. ხომ არ დაავიწყდათ, რომ ის 15 წელიწადი, რომელიც მათმა გუნდმა ამ კაცის ხელმძღვანელობით გაატარა, „არსენალის“ ისტორიაში“ საუკეთესოა. კი ბატონო, ექვსი წელიწადია ტიტული არ მოუგია, მაგრამ განა ეს რამეს ნიშნავს? განა „არსენალის“ თამაშის დონე ამ ექვსი წლის განმავლობაში ოდნავ მაინც დაეცა?“

რაც შეეხება საკუთრივ ფერგიუსონის გუნდს მასზე ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - ამბობენ, რომ მართალია „იუნაიტედს“ ვეტერანი და გამოცდილი ცენტრალური მცველები, რიო ფერდინანდი და ნამანია ვიდიჩი დაუშავდათ, აქ ისეთმა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა მოიყარეს თავი, რომ გასულ ორშაბათს „ტოტენჰემს“ 3:0 აჯობეს.

„ტოტენჰემი“ ვახსენეთ და ბარემ მის კალენდარშიც ჩავიხედოთ. ხვალ „დეზები“ „მანჩესტერ სიტის“ მასპინძლებენ - ესეც ტურის გამორჩეული მატჩია. მოგეხსენებათ, „სიტი“ პრემიერლიგის ცხრილის სათავეშია და ორი ტურის შემდეგ დაამტკიცა, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სერიოზულ ბრძოლას აპირებს.

მიმომხილველები ერთხმად აღნიშნავენ ისტლენდელთა შემტევ პოტენციალს. შესანიშნავად თამაშობენ სერხიო აგუერო და ედინ ჯეკო, რომელთაც ოდნავ უკნიდან დავიდ სილვა უბამს მხარს. საინტერესოა როგორ წარმოაჩენს თავს „სიტიში“ ახალი გადასული ნასრი. წესითა და რიგით „უაით ჰართ ლეინზე“ მისი დებიუტი უნდა შედგეს. „სიტის“ მწვრთნელის, რობერტო მანჩინის სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ მას შესაძლოა ჰოლანდიელი ნაიჯელ დე იონგიც კი გამოუჯანმრთელდეს.

საინტერესო სტატისტიკაა: „მანჩესტერ სიტიმ“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაუტანა, მაგრამ გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ დღევანდელი თავდასხმით შედეგი უკვე სხვა იქნება.

სხვათა შორის, „სფურზი“ ცხრილში ბოლო ადგილზეა. გეხსომებათ, გუნდმა პირველი ტურის მატჩი ლონდონური არეულობების გამო გამოსტოვა, მეორე კი „იუნაიტედთან“ წააგო 3:0. ამ კვირის შუაში ჰარი რედნაპის ბიჭებმა ევროლიგაში „ჰართსთან“ 0:0 ითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ „დეზებმა“ ხვალინდელი მეტოქისგან ტოგოელი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი იყიდეს, თუმცა შესაძლოა კვირამდე მისი განაცხადში შეტყვანა ვერ მოახერხონ. სამაგიეროდ, ჰარი რედნაპის თქმით ხორვატ გამთამეშებელ ლუკა მოდრიჩთან ყველაფერი მოგვარდა და ვინ იცის, იქნებ მორჯულებული და ბედს შეგუებული მოდრიჩი „სიტისთან“ სათამაშოდ მოედანზე გავიდეს კიდეც.

„ნიუკასლისა“ და „ფულჰემის“ შეხვედრაზე ის უნდა ითქვას, რომ „კაჭკაჭები“ ყველა ღონეს იხმარენ რათა სეზონის მშვენიერი სტარტი მშვენივრადვე გააგრძელონ. ალან პერდიუს გუნდი ერთადერთია, ვისაც პრემიერლიგაში ჯერჯერობით გოლი არ გაუშვია. მეორე მხრივ, „ფულჰემს“ „სენტ ჯეიმს პარკზე“ შესანიშნავი შედეგი აქვს: ბოლო ექვსი თამაშიდან სამი მოიგო და ერთადერთხელ დამარცხა, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ დასავლეთლონდონელებს ჯერჯერობით გოლი არ გაუტანიათ.

„ვესტ ბრომვიჩს“ კი ბოლოს და ბოლოს თავისი არცთუ ცუდი თამაში გამარჯვებად სურს აქციოს და ამისათვის „სტოკ სიტის“ დამარცხებას შეეცდება.

„ბლექბერნი“ „ივუდ პარკზე“ „ევერტონს“ მასპინძლობს. ეს გახლავთ იმ ორი გუნდის დაპირისპირება, რომელთაც ჯერ არ მოუგიათ. „როვერსმა“ „ვულვერჰემპტონთან“ და „ასტონ ვილასთან“ ორი დასანა მარცხი იწვნია, მერსისაიდელებმა კი, მათგან განსხვავებით, პრემიერლიგაში ახალგადასულ „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ შინ წაგებით პრემიერლიგას პირველი სენსაცია აჩუქეს. ეს, ჯერჯერობით ერთადერთი შეხვედრაა, რომელიც დევიდ მოიესის გუნდმა ჩაატარა. მეორე, რომელიც „ევერტონს“ წესით „ტოტენჰემთან“ სტუმრად უნდა ჩაეტარებინა, ლონდონური არეულობების გამო გადაიდო.

„ბლექბერნის“ თავკაცის, სტივ კინის მთავარი ამოცანა დაცვის გაძლიერებაა - გუნდმა ორ ტურში 5 გოლი გაუშვა, რაც, დაგვეთანხმებით, ბევრია. რაც შეეხება „ევერტონს“, ამ გუნდს სტუმრად უჭირს. სტატისტიკა მეტყველებს, რომ მოიესის ბიჭებმა ბოლო 10 გასვლიდან მხოლოდ ორი მოიგეს.

ლივერპულის უფრო სახელოვანი წარმომადგენელი და ქალაქის მოსახელე გუნდი კი „ბოლტონს“ მასპინძლობს და, რასაკვირველია, მოგებას აპირებს. „წითლებმა“ სეზონი შესანიშნავად დაიწყეს: მართალია, პირველ ტურში „სანდერლენდთან“ ფრედ ითამაშეს, მაგრამ მეორეში „ემირეიტ სთედიუმზე“ „არსენალი“ დაამარცხეს და ფსიქოლოგიურად გასწორდნენ. კენი დალგლიშის გუნდმა ორიოდ დღის წინ „ქარლინგის თასზე“ „ექსეტერსაც“ მოუგეს 3:1.

ეს შედეგი შესაძლოა არც გვეხსენებინა, მაგრამ გასულ სეზონში „ლივერპულმა“ ამ შეჯიბრებაში მეორე ლიგის „ნორთემპტონთან“ წააგო... ამ სეზონში მერსისაიდელთა მთავარი გმირი, ჯერჯერობით, ურუგვაიელი ლუის სუარესია, რომელმაც სამივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი - თავადაც გაიტანა და საგოლე პასებიც არიგა.

გოლები ვახსენეთ და ამ სეზონში მათზე არც „ბოლტონია“ მწყრალად - პრემიერლიგის ორ ტურში ექვსჯერ შეაგდო. ერთი სიტყვით, „ლივერპულს“ დაცვაში სიფრთხილე მართებს.

„ვულვერჰემპტონს“ კი სერიოზული გამოცდა ელის - ზედიზედ ორმა გამარჯვებამ გუნდი ცხრილში მანჩესტერელი მონსტრების გვერდით წამოასკუპა, მაგრამ ახლა, ბირმინგემში „ასტონ ვილა“ გაუსინჯავს კბილებს. თუმცა, მოდი „ვულვზს“ დამსახურებას ნუ დავუკარგავთ და „ქარლინგის“ თასზე „ნორთემპტონის“ 4:0 ძლევაც არ დავუვიწყოთ. მოკლედ, ასე შეგვიძლია ვთქვათ: მიკ მაკარტის გუნდმა ამ სეზონში სამჯერ ითამაშა და სამივეჯერ გაიმარჯვა.

ყველა მოგებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დამარცხების გემო ჯერჯერობით არც „ასტონ ვილამ“ იცის. პირველ ტურში გუნდმა სტუმრად „ფელჰემთან“ ფრედ, 0:0 ითამაშა, მეორეში კი „ბლექბერნს“ აჯობა 3:1. რაც შეეხება „ქარლინგის თასს“, „ჰერეფორდმა“ ძალიან კი სცადა ალექს მაკლიშის გუნდისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ღონე და დონე არ ეყო - 2:0 წააგო.

კიდევ ერთი წყვილის გუნდებს არ მოუგიათ ამ სეზონში: „სუონსი“ „სანდერლენდს“ მასპინძლობს და, ალბათ, იმედოვნებს, რომ საკუთარი კედლების ფაქტორი დაეხმარება. თავის მხრივ, „შავმა კატებმა“ სეზონი იმედისმემცემი შედეგით დაიწყეს - „ენფილდზე“ „ლივერპულთან“ 1:1 ითამაშეს. მაგრამ, ამის შემდეგ, სტივ ბრიუსის ბიჭებმა „ნიუკასლთან“ 0:1 წააგეს, რაც ერთგვარად შეურაცხმყოფელიც გახლდათ, რადგან ეს რეგიონული, ტაინ-უეარის დერბი იყო, რასაც „ქარლინგის თასზე“ „ბრაიტონთან“ 1:0 მარცხი მოჰყვა.

ახლა, რაც შეეხება „სუონსის“. გუნდს პრემიერლიგის ორ ტურში ჯერ გოლი არ გაუტანია, მაგრამ პირველ დღეს „მანჩესტერ სიტისთან“ 4:0 მარცხის შემდეგ შინ „უიგანთან“ დანაიმედებელი 0:0 ითამაშა და კიდევ... „სანდერლენდთან“ არასდროს დამარცხებულა. ეს გუნდები სულ ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ამ შეხვედრებიდან ოთხი უელსელებმა მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა. თუმცა, რაც ახლა მოგახსენეთ, ძველისძველი ამბავია - „სუონსი“ და „სანდერლენდი“ ბოლოს 1983 წელს გადაეყარნენ ერთმანეთს.

რა შეიძლება ითქვას „უიგანისა“ და „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ შეხვედრაზე? მასპინძლები, რასაკვირველია, გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. რობერტო მარტინესის ბიჭები გასულ სეზონში გავარდნას სამი ქულით გადარჩნენ, მაგრამ თუნდაც ასეთი, არცთუ ძლიერი გუნდისთვის, პირველ სამ ტურში სამ ახალაღზევებულთან თამაში ბედის დიდი საჩუქარი გახლდათ. მარტინესისთვის სამწუხაროდ, „უიგანმა“ „ძღვენი“ ვერ შეიშნო - „ნორვიჩსა“ და „სუონსისთან“ ფრედ ითამაშა. ალბათ, იოლი წარმოსადგენია, რა გავეშებით დაეტაკებიან ისინი დასავლეთ ლონდონელებს, რომელთაც... შესაძლოა ამ შეხვედრაში ნიუკასლელი „ცუდი ბიჭი“ ჯოი ბარტონი დაემატოთ.

„ჩელსი“ პრემიერლიგაში ახალგადასულ „ნორვიჩ სიტის“ მასპინძლობს. რად უნდა ლაპარაკი, „სტემფორდ ბრიჯზე“ ყველა „ლურჯების“ დამაჯერებელ გამარჯვებას ელის. ანდრე ვილაშ-ბოაშის ქვეშევრდომებმა პირველ ტურში, „სტოკთან“, სტუმრად ისედაც დაკარგეს ორი ქულა, 0:0 ითამაშეს და სუსტ მოწინააღმდეგეებთან წაფორხილების ნებას თავს, ალბათ, აღარ მისცემენ. ამ შეხვედრაში „ჩელსის“ ესპანელი ახალწვეულის, ხუან მატას დებიუტსაც ვიხილავთ.

პრემიერლიგა. III ტური
დღეს
ასტონ ვილა-ვულვერჰემპტონი 15:05
ტრავმა: კუელარი - ვოუკსი, გუედიოურა, ედუარდსი, მოუიოკოლო

უიგანი-ქუინზ პარკი 15:30
ტრავმა: გოჰური, ალკარასი - ჰასლი, მეკი, დაიერი
დისკვალიფიკაცია: ჰილი (ქუინზ პარკი)

ბლექბერნი-ევერტონი 18:00
ტრავმა: სამბა - კოულმენი

ჩელსი-ნორვიჩი 18:00
ტრავმა: ჩეხი, ლუიზი, ესიენი - უორდი, ვუგანი
დისკვალიფიკაცია: ჰანტი (ჩელსი)

სუონსი-სანდერლენდი 18:00
ტრავმა: მონკი - მეიერი, ო’ში, გორდონი, კემპბელი

ლივერპული-ბოლტონი 20:30
ტრავმა: ჯონსონი, ჯერარდი - რიკეტსი, მირსი, ლი, შ. დევისი, ჰოლდენი
დისკვალიფიკაცია: - სტარიჯი

ხვალ:
ნიუკასლი-ფულჰემი 16:00
ტრავმა: ბენ არფა - რიისე, ს. დევისი, კამარა
დისკვალიფიკაცია: გერა (ფულჰემი)

ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი 16:30
ტრავმა: კრაუჩი, პალასიოსი, ლ. კინგი, სანდრო, გალასი, პიენაარი - დე იონგი

ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 18:00
ტრავმა: ტომასი - დილეპი, ჰიგინბოტემი, ფულერი

მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი 19:00
ტრავმა: ფერდინანდი, ვიდიჩი, ფლეტჩერი, რაფაელი - კოშელნი, დჯურუ, გიბსი, როსიცკი, უილშირი, დიაბი, ისტმონდი
დისკვალიფიკაცია: ფრიმპონგი, ჟერვინიო (ორივე არსენალი)


1. სიტი 2 2 0 0 7-2 6
2. მანჩესტერი 2 2 0 0 5-1 6
3. ვულვზი 2 2 0 0 4-1 6
4. ასტონ ვილა 2 1 1 0 3-1 4
5. ლივერპული 2 1 1 0 3-1 4
6. ჩელსი 2 1 1 0 2-1 4
7. ნიუკასლი 2 1 1 0 1-0 4
8. ბოლტონი 2 1 0 1 6-3 3
9. ქუინზ პარკი 2 1 0 1 1-4 3
10. ნორვიჩი 2 0 2 0 2-2 2
11. უიგანი 2 0 2 0 1-1 2
12. სტოკ სიტი 2 0 2 0 1-1 2
13. სანდერლენდი 2 0 1 1 1-2 1
14. არსენალი 2 0 1 1 0-2 1
15. ფულჰემი 2 0 1 1 0-2 1
16. სუონსი 2 0 1 1 0-4 1
17. ევერტონი 1 0 0 1 0-1 0
18. ვესტ ბრომვიჩი 2 0 0 2 2-4 0
19. ბლექბერნი 2 0 0 2 2-5 0
20. ტოტენჰემი 1 0 0 1 0-3 0

ბომბარდირები: 2 - აგუერო (სიტი), ჯეკო (სიტი), კლასნიჩი (ბოლტონი), ლონგი (ვესტ ბრომვიჩი), სილვა (სიტი), სუარესი (ლივერპული), რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი). დანარჩენებს გატანილი აქვთ თითო გოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული