"ვერდერს" დაცვის ბურჯის გაყიდვა არ უნდოდა, მაგრამ კლუბს ფინანსურად ისე უჭირს, რომ იძულებულია, ერთ-ერთ უმთავრეს ფეხბურთელს შეელიოს. 26 წლის მერტეზაკერი ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გუშინ ჩავიდა და დღეიდან ინგლისის 13-გზის ჩემპიონის მოთამაშეა.
მერტეზაკერმა ინგლისის დედაქალაქისკენ გეზი გუშინ, გერმანიის ნაკრების საწვრთნელი ბაზიდან აიღო. როგორც იცით, ბუნდესგუნდის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება.
"პერმა ორშაბათს საღამოს მითხრა, "არსენალიდან" ოფიციალური წინადადება მივიღე და ტრანსფერი ალბათ
ამრიგად, პერი, რომელსაც გერმანიის ნაკრებში 75 მატჩი აქვს ჩატარებული, ბუნდესლიგაში კი ჯერ "ჰანოვერის", მერე კი "ვერდერის" ღირსებას იცავდა, ლონდონში პირდაპირ დიუსელდორფიდან გაფრინდა და სამედიცინო შემოწმება გუშინვე გაიარა.
"არსენალთან" გაფორმებული კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება და მერტეზაკერი წელიწადში 4.7 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება სატრანსფერო თანხას: ჩვენი გერმანელი და ინგლისელი კოლეგების ცნობით, "მეთოფეებს" პერის ტრანსფერი 9-10 მილიონი ევრო უჯდებათ.
"ჩვენთვის მერტეზაკერის წასვლა ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ვყიდით ფეხბურთელს, რომელიც წლების მანძილზე "ვერდერის" დაცვის ბურჯი იყო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ პერის ძალიან კარგად მესმის. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ძალების მოსინჯვა უცხოეთშიც სურდა, ლონდონის "არსენალში" გადასვლაზე კი, დასამალი არაფერია, დიდი ხანია, ოცნებობს," - ეს სიტყვები ბრემენული კლუბის სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს ეკუთვნის, რომელმაც გუშინ მერტეზაკერის "არსენალში" ტრანსფერი პირველმა დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ "მეთოფეებს", კერძოდ კი "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერს მერტეზაკერის შეძენა ჯერ კიდევ 2010 წლის მუნდიალის შემდეგ სურდა, თუმცა შარშან გარიგება ვერ შედგა და ლონდონელებმა პერი ვერც იანვარში გადაიბირეს.
გასულ უქმეებზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" განცდილი ისტორიული კრახი (2:8) კი, როგორც ჩანს, ვენგერის მოთმინების ფიალაში უკანასკნელი წვეთი იყო. ხსენებული კატასტროფის შემდეგ ვენგერს უთქვამს, ფული გვაქვს და ახალ ფეხბურთელებს აუცილებლად ვიყიდითო.
საინტერესოს ის არის, რომ პერს "ვერდერთან" კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლითღა აკავშირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბრემენელები მას ახლავე არ გაუშვებდნენ, გაისად მერტეზაკერის დათმობა უფასოდ მოუწევდათ, რადგან 26 წლის მცველი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებდა.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მთავარი ბურჯის დაკარგვის შემდეგ, ბრემენელები ახალი მცველის ყიდვას არ გეგმავენ. ალოფსის თქმით, მერტეზაკერის წასვლა დიდი დანაკარგია, მაგრამ "ვერდერის" დაცვა გაძლიერებას მაინც არ საჭიროებს. ცოტა ხნის წინ, "მუსიკოსებმა" სოკრატის პაპასტატოპულოსისა და ანდრეას ვოლფის სახით ორი ახალი ცენტრალური მცველი შეიძინეს. მათ გარდა, "ვერდერის" მთავარი მწვრთნელის, თომას შააფის განკარგულებაში ნალდო და პრიოდლიც არიან. მერტეზაკერის დებიუტი ლონდონურ კლუბში 10 სექტემბერს, "სუონსი სიტისთან" მატჩში შედგება.
ვენგერი გიოტცეში 40 მილიონს იხდიდა!
გუშინვე, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონელებს კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელის შეძენა უნდოდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
ყველაზე ავტორიტეტული გერმანული სპორტული ჟურნალის, "კიკერის" ცნობით, "არსენალის" ხელმძღვანელებმა დორტმუნდის "ბორუსიას" ოფიციალური წინადადებით მიმართეს და გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში, 19 წლის გამთამაშებელ მარიო გიოტცეში არც მეტი, არც ნაკლები, 40 მილიონი ევრო შესთავაზეს. მოგეხსენებათ, სესკ ფაბრეგასისა (ბარსელონაში) და სამირ ნასრის (მანჩესტერ სიტიში) გაყიდვის შემდეგ, ლონდონურ კლუბს ფული მართლაც არ უჭირს და ვენგერი მზად იყო, გიოტცეში ასეთი დიდი თანხა დაებანდებინა.
"კიკერისვე" ინფორმაციით, დორტმუნდელთა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ლონდონელ კოლეგებს მოლაპარაკებებზე მაშინვე მტკიცე უარი შეუთვალა. "ბორუსიადან" წასვლაზე თვითონ მარიოც არ ფიქრობს.
ერთი სიტყვით, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა დორტმუნდელები თავიანთ ვარსკვლავებს ფინანსური კრიზისის გამო მარტივად ელეოდნენ. გასულ სეზონში გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა ბრუნვა (136.4 მილიონი ევრო) დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ რვა წლის წინ გაკოტრების პირას მისულ კლუბს დღეს ფინანსურად აღარ უჭირს.
თუკი "ბორუსიამ" 2006 წელს თავისი ლიდერი ტომაშ როსიცკი "არსენალს" სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ მიჰყიდა, დღეს ლონდონელებმა "ბორუსიას" ხელმძღვანელები უკვე 40 მილიონითაც ვეღარ გააკვირვეს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"