კრაუჩი და რეკორდი

AutoSharing Option
"სტოკ სიტიმ" საკუთარი სატრანსფერო რეკორდი მოხსნა - ფეხბურთელებით ვაჭრობის ბოლო დღეს "ტოტენჰემ ჰოთსპურისგან" 10 მილიონ ფუნტად პიტერ კრაუჩი, ხოლო 8 მილიონად ჰონდურასელი უილსონ პალასიოსი იყიდა. კრაუჩი 30 წლის გახლავთ, პალასიოსი კი 27 წლისაა.

კრაუჩმა სტოკელთა თავკაც ტონი პულისს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ოთხი წლით გადავიდა "სტოკ სიტიში" კიდევ ერთი ფეხბურთელი. კემერონ ჯერომი პულისმა 3,5 მილიონ ფუნტად "ბირმინგემისგან" შეიძინა.

ამბობენ, რომ კრაუჩი თავოდან "სტოკში" გადასვლაზე უარს ამბობდა, მაგრამ როდესაც მხარეები თანხებზე შეთანხმდნენ ის ჩრდილოეთის გზას გაუდგა. მისმა სატრანსფერომ თანხამ პულისის მიერ კინუეინ
ჯონსში გადახდილი 8 მილიონი ფუნტი გადაჩრდილა. კრაუჩმა არც ის დამალა, რომ მის გადაწყვეტილებაზე დიდი როლი ითამაშა მისი ყოფილი თანაგუნდელის, ჯონათან ვუდგეიტის აგიტაციამ. სწორედ ვუდგეიტი მოუწოდებდა 201 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდს "სტოკ სიტიში" გადასვლისკენ.

"ვუდი საათში ერთხელ მირეკავდა და მიჩიჩინებდა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა - მოყვა კრაუჩმა - ის "სტოკ სიტის" შესახებ მხოლოდ კარგ ამბებს მიყვებოდა და მეც გადავწყვიტე დამეჯერებინა მეგობრისთვის.

ის მიამბობდა კლუბის ტრადიციებისა და მწვრთნელის შესახებ. ახლა უკვე ერთი სული მაქვს როდის შევუდგები საქმეს. თან, სასიხარულოა, რომ "სტოკ სიტიში" ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ. ბევრი მათგანი ადრე, ამა თუ იმ კლუბში ჩემი თანაგუნდელი იყო. რასაკვირველია, კარგია, რომ უილსონიც ჩემთან ერთად იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ "სტოკ სიტი" უკვე რამდენიმე სეზონია პრემიერლიგაში მყარად ინარჩუნებს ადგილს. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს დიდი მომავალი აქვს. ვიცი, "სტოკს" ძალიან მფარველობს კლუბის თავმჯდომარე და გულშემატკივრებიც ერთგულებით გამოირჩევიან.

თუ დავაკვირდებით როგორ აქტიურობდა კლუბი სატრანსფერო ბაზარზე და როგორი ფეხბურთელები იყიდა, იოლად დავასკვნით, რომ აქაურებს სწორი გეზი აქვთ აღებული. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელმა ყველა ღონე იხმარა, რათა მე აქ გადმოვეყვანე.

როდესაც ადამიანი ასეთ ნდობას ამჟღავნებს, რასაკვირველია, ვალდებული ხარ პატივი სცე და მოედანზე თავდადებითა და გოლებით დაუბრუნო. "სტოკ სიტის" შემადგენლობაში მომდევნო კვირებშივე მიწევს დიდ შეხვედრებში მონაწილეობა, რასაც მოუთმენლად ველი. ერთი სიტყვით, ჩემს კარიერაში ახალი და ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება".

პიტერ კრაუჩი შემდეგ კვირას, პრემიერლიგაში, თავის ყოფილ გნდს, "ლივერპულს" უნდა შეხვდეს. გარდა ამისა "სტოკ სიტი" ევროლიგაშიც მონაწილეობს.

"გასულ სეზონში, კარიერაში ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე, ეს ჩემპიონთა ლიგა გახლდათ. ვფიქრობ, სტოკელებს იქ მიღებული გამოცდილებით ევროლიგაში გამოვადგები".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული