ნახავთ "ნიუკასლს" რაც მოუვაო

AutoSharing Option
„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ახალმა ფეხბურთელმა, 29 წლის ჯოი ბარტონმა თავის ყოფილ გუნდზე, „ნიუკასლ იუნაიტედზე“ თქვა, კარგი დღე არ ელისო.

ბარტონი „კაჭკაჭთა“ მეპატრონეებზე, მაიკ ეშლისა და დერეკ ლემბიასზე გახლავთ გაბრაზებული. ის „სენტ ჯეიმს პარკიდან“ ლონდონში გასულ კვირას გადაბარგდა და დარწმუნებულია, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კიდევ ბევრი მოთამაშე მიბაძავს - „ნიუკასლს“ გაექცევიან და გაექცევიან.

ბარტონმა „ტვიტერზე“ დაწერა: „საკმარისია ხეირიანი წინადადება გამოჩნდეს, რომ „ნიუკასლი“ უპირველეს ყოვლისა ჩეიკ ტიოტესა და ტიმ კრულს გაყიდის. გარანტიას გაძლევთ, რომ გაისად გუნდიდან ხონას გუტიერესი და ფაბრიციო კოლოჩინი
წავლენ. ჯორდების ნაცვლად ვწუხვარ (ჯორდებს ნიუკასლის რეგიონის მაცხოვრებლებს ეძახიან) ეშლი და ლემბიასი ასეთ კლუბს, გულშემატკივარს და მემკვიდრეობს არ იმსახურებდნენ. დარწმუნებული ვარ ისინი ფიქრობენ, რომ ხალხი შტერია და მათ ყველაფერი გაუვათ. ხომ ნახეთ, როგორ დახარჯეს ეშლიმ და ლემბიასმა ენდი ქეროლის გაყიდვით მიღებული ფული? 59 მილიონ ფუნტზეა ლაპარაკი. ამბიციაც ამას ჰქვია“!

შეგახსენებთ, რომ ბარტონსა და ეშლის შორის კონფლიქტი ამ ზაფხულში აგორდა, როდესაც ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელები „ტვიტერში“ გააკრიტიკა, მათ კი ორი კვირის ხელფასი დაუქვითეს და ეგრეთ წოდებულ თავისუფალ ტრანსფერზე დააყენეს.

შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ პრემიერლიგის ახალი სეზონი ბარტონმა „ნიუკასლის“ შემადგენლობაში დაიწყო. მეორე ტურის შეხვედრაში, „კაჭკაჭები“ შინ „სანდერლენდთან“ დამარცხდნენ, 0:1. ამ შეხვედრაში ფიცხმა ბარტონმა ყვითელი ბარათი მიიღო, მწვრთნელი ალან პერდიუ კი მსაჯ ჰოვარდ ვებს ეხვეწა ფეხბურთელი არ დაესაჯა, რისთვისაც ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა დასაჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული