პრემიერლიგა. მესიჯი გაგზავნილია!

AutoSharing Option
ინგლისი. პრემიერლიგა. I ტური
ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი 0:0
ასტონ ვილა-ვესტ ჰემი 3:0
ბლექბერნი-ევერტონი 1:0
ბოლტონი-ფულჰემი 0:0
სანდერლენდი-ბირმინგემი 2:2
უიგანი-ბლექპული 0:4
ვულვზი-სტოკი 2:1
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 6:0
ლივერპული-არსენალი 1:1
მანჩესტერ იუნ-ნიუკასლი ორშაბათს

ახლა ასე თქმაა მოდაში: მესიჯი გაგზავნილია! "ჩელსის" მესიჯს ვგულისხმობთ. ინგლისის ჩემპიონმა და ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელმა ახალი სეზონის პირველსავე ტურში 6:0 მოიგო. მისი მსხვერპლი გახლდათ პრემიერლიგაში ახალი დაბრუნებული "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი". ექვსიდან სამი გოლი დიდიე დროგბამ გაიტანა.

"სტემფორდ ბრიჯზე" ნგარიშის გასხნას მხოლოდ და მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა - მალუდა პაბლო იბანესმა საჯარიმოსთან წააქცია. ჯარიმა დროგბამ დაარტყა, სტუმრების მეკარე სკოტ კერსონმა
მოიგერია, ბურთი ჯონ ობი მიკელს მიუვიდა, რომელსაც არ გაატანინეს, თუმცა საქმეში ისევ მალუდა ჩაერთო და უპრობლემოდ შეაგდო. ამის შემდეგ გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის ჯერი დადგა. დროგბამ ზედ შესვენების წინ მაინც გაიტანა ჯარიმიდან, შესვენების შემდეგ კი შეხვედრა მთლად ცალმხრივ მოძრაობას დაემსგავსა. ჯერ იყო და ისევ დროგბამ გამოიჩინა თავი - ამჯერად ახლოდან - 63-ე წუთზე კი ფრენკ ლემპარდმა ნიკოლა ანელკასა და მიკელის ჭკვიანირი კომბინაცია დაასრულა მორიგი ზუსტი დარტყმით.

გოლიდან რამდენიმე წუთში ლემპარდი, რომელსაც კოჭი აწუხებს, ებრაელი იოსი ბენაიუნით შეცვალეს - ეს ბენაიუნის დებიუტი გახლდათ პრემიერლიგაში, ოღონდ "ჩელსის" შემადგენლობაში, თორემ რაც მას "ლივერპულში" უთამაშია... ისე, საინტერესოა, რომ "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩის პროგრამაში "ჩელსის" თავმჯდომარემ ბრუს ბრუკმა "ლივერპული" მოიხსენია, როგორც "პატარა კლუბი სადღაც M25 ტრასის ჩრდილოეთით". ბრუკმა ასე მწარედ "ლურჯების" ყოფილი ფეხბურთელის, მერსისაიდში გადასული ჯო კოულის გამონათქვამების პასუხად ილაპარაკა, თუმცა ნუ გავერთობით... 68-ე წუთზე დროგბამ ჰეთ თრიკი შეასრულა. ამჯერად კოტ დივუარელმა ძლიერად დარტყმის მოყვარულთა გემოვნება დააკმაყოფილა. ბოლო გოლი კი ისევ მალუდამ შეაგდო.

მატჩის შემდეგ ჩემპიონთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა: "განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩვენ, უბრალოდ, ჩვენი საქმე გავაკეთეთ. "ჩელსის" ეხერხება ასე თამაში, ბევრი გოლის გატანა. სეზონის წინა პერიოდი ცოტა რთული გვქონდა, მაგრამ თანდათანობით ყველაფერი თავის კალაპოტში დგება. გამიხარდა, სწრაფი ფეხბურთის თამაში რომ შევძელით. "ვესტ ბრომვიჩი" მეორე ტაიმამდე წევდა წინააღმდეგობას, მერე კი დაგვნებდა".

დანებებული "ვესტ ბრომვიჩის" თავკაცი კი "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი რობერტო დი მატეოა. მან თქვა:
"სეზონის პირველ შეხვედრაში მაინც და მაინც ჩემპიონტან და თან სტუმრად თამაში, რასაკვირველია, მეტისმეტად მძიმე საქმეა, თუმცა ასეთ ანგარიშს არ ვიმსახურებდით. მეტისმეტი გამოვიდა".

"ტოტენჰემ ჰოთსპურმა" და "მანჩესტერ სიტიმ" კი "უაით ჰართ ლეინზე" ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს. მოგეხსენებათ, ეს ორი გუნდი გასულ სეზონში ოთხეულის ადგილს ეცილებოდა ერთმანეთს და, სავარაუდოდ, ახლაც დიდი კონკურენტები იქნებიან, მაგრამ ხალხს თვალი მაინც უფრო "სიტისკენ" გაურბოდა - საქმეში ისტლენდელთა ნახვა უფრო აინტერესებდათ, რადგან ამ გუნდს ფული აქვს და დაუნანებლადაც ხარჯავს. თამაშობს კი "სიტი" დახარჯული თანხის შესაფერის ფეხბურთს? - აი, კითხვა, რომელზე პასუხსაც ფანები პირველ ტურში ლონდონში ეძებდნენ და... ნახეს ჩასაფრებული გუნდი, რომელიც სამალავიდან შიგადაშიგ თუ გამოვარდება ხოლმე.

სხვათა შორის, სტუმრები გადარჩნენ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ჯო ჰარტმა დაადასტურა, რომ ფაბიო კაპელომ ინგლისის ნაკრების კარი ტყუილად არ ანდო - ჯერმაინ დეფოს, ტომ ჰადლსტოუნს და ბენუა ასუ-ეკოტოს ჩინებულად აუღო ბურთები. შესვენების შემდეგ "ტოტენჰემის" ფეხბურთელთაგან ყველაზე სახიფათო მომენტი გარეთ ბეილს ჰქონდა, მანჩესტერელთაგან კი შონ რაიტ-ფილიპსს.
"ჩემთვის ძალიან სასიამოვნო დღე იყო. მე ფეხბურთის თამაში მიყვარს და ახლა შემდეგ მატჩს დაველოდები მოუთმენლად" - თქვა ნამატჩევს ჰარტმა, რომელსაც მისი ირლანდიელი კონკურენტის შეი გივენის შესახებ ჰკითხეს.

ჰარტმა მიუგო: "შეი გივენი ჩვენი გუნდის მეკარეა და დარწმუნებული ვარ, თამაშის საშუალება მიეცემა. ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ და მხოლოდ დავეხმარებით. გივენი დიდებული მეკარეა".
აი, პრემიერლიგაში დაბრუნება კი ისეთი უნდა, "ბლექპულს" რომ ჰქონდა - საბრალო, უმწეო "უიგანს" მის სტადიონზევე მოუგო 4:0! იან ჰოლოუეის გუნდი წიგაელთათვის მეტისმეტად კარგად ორგანიზებული და მოზადებული გამოდგა. გუნდმა, რომელიც ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო საფეხურზე 1971 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა პირველსავე ტაიმში მოამთავრა საქმე. მეტოქეები შესვენებაზე რომ გადიოდნენ ანგარიში უკვე 3:0 იყო. მატჩის შემდეგ გახარებულმა ჰოლოუეიმ თავადაც არ იცოდა, რას ლაპარაკობდა: "ახლა ბათში წავალ, ცოლ-შვილთან. თან ჩემს მეუღლეს ახალი ძაღლი შეუძენია... პატარა პუდელია, ტედი დაარქვეს. ორშაბათს ბლექპულში დავბრუნდები და ცოლ-შვილსაც გადმოვიყვან, თორემ ასე ცალ-ცალკე ცხოვრება არ გამოვა".

"ასტონ ვილამ" "ვესტ ჰემს" 3:0 მოუგო. ეს დრამატული მატჩი გახლდათ. ერთი შეხედვით, ანგარიშიდან გამომდინარე, "ვილა პარკზე" დრამატული არაფერი უნდა მომხდარიყო, არა? მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ადგილობრივი გმირი ჯეიმს მილნერი სადაცაა "მანჩესტერ სიტიში" გადავა, ადვილად მივხვდებით, რა ხდებოდა ტრიბუნებზე. ფანებმა მილნერს "ბუუ" უძახეს, ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა კი ყველაფერი ყირაზე დააყენა - ჯერ იყო და კინაღამ პენალტი მოინადირა (ლონდონელმა უინსტონ რიდმა ის თითქოსდა წააქცია, მაგრამ მსაჯმა მაიკ დინმა არ დაუსტვინა), ბოლოს კი ოლბრაიტონის პასით მასპინძელთა მესამე გოლი შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას "ასტონ ვილა" მოულოდნელად დატოვა მწვრთნელმა მარტინ ო"ნილმა, რომლის საქმესაც მისი ყოფილი ასისტენტი კევინ მაკდონალდი აგრძელებს და მის გასახარად გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. მასპინძლებმა უკვე პირველ ტაიმში გაიტანეს ორი გოლი. ეს სტიუარტ დაუნინგმა და სტილიან პეტროვმა შეძლეს. ინგლისური პრესა წერს, რომ ამ ორმა გოლმა, რომელსაც შემდომ მილნერისაც დაემატა, პირველსავე ტურში დაამტკიცა, რომ ო"ნილის გარეშეც შეიძლება ცხოვრება და წარმატების მიღწევა.

მაკდონალდი: "მე ვნახე ჩვენი კლუბის მეპატრონე რენდი ლერნერი. ის გუნდის დღევანდელი თამაშით აშკარად კმაყოფილი. რაც შეეხება, ვრჩები თუ არა გუნდში მთავარ მწვრთნელად, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევი მგონია. ის, რომ "ვესტ ჰემს" 3:0 მოვუგეთ სულაც არ ნიშნავს, რომ მე ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი ვარ. ხვალ, შესაძლოა ვეღარ გავაკეთო ის, რასაც მომთხოვენ".
"ჩაქუჩების" ახალმა თავკაცმა ავრამ გრანტმა კი აღიარა, რომ "ასტონ ვილამ" მის გუნდს ყველა ასპექტში აჯობა.
"მართალია, პირველი გოლი აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანეს, თუმცა ამის გარეშეც ჩემი გუნდის თამაშითაც უკმაყოფილო ვარ და შედეგითაც".

და კიდევ, დრამატული თამაში გაიმართა "სანდერლენდში", სადაც მასპინძლები "ბირმინგემს" 2:0-ს უგებდნენ, მაგრამ ბოლო 13 წუთში სტუმრებმა ანგარიშის გაქვითვა მოახერხეს. ამ შეხვედრაში "სანდერლენდს" თავის გამართლება იმით შეუძლია, რომ პირველი ნახევრის მიწურულს ლი კეტერმოლი გაუძევეს.
"პირველი ყვითელი რატომ აჩვენა მსაჯმა ენტონი ტეილორმა კეტერმოლს, არავინ იცის" - თქვა მასპინძელთა განაწყენებულმა მწვრთნელმა სტივ ბრუსმა.

"ლივერპულისა" და "არსენალის" შეხვედრა კი თან საინტერესო გამოდგა, თან მოვლენებით დახუნძლული და იმავდროულად მძიმეც. ეს იყო შეხვედრა, სადაც არბიტრმა მარტინ ატკინსონმა მოედნიდან ორი ფეხბურთელი გააძევა, ერთი მასპინძელი და მეორე სტუმარი. მასპინძელი ატკინსონმა ზედ პირველი ტაიმის დამთავრების წინ გააგდო, სტუმარი კი საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე. გაძევებული ლივერპულელი გახლდათ ჯო კოული, რომელმაც ყმაწვილი ჯეკ უილშერის წინააღმდეგ იუხეშა, არსენალელი კი ლორან კოშელნი.

თუმცა, შეხვედრის ყველაზე თვალსისაცემი მომენტი 90-ე წუთზე იყო, როდესაც მერსისაიდელთა ესპანელმა მეკარემ პეპე რეინამ, რომელსაც მანამდე ცუდად არ უთამაშია, ძელიდან ასხლეტილი და დაჭერილი ბურთი რაღაცნაირად საკუთარ კარში შეაგდო. მეკარის ასეთი შეცდომა ძალიან იშვიათი და უჩვეულო გახლავთ.
მასპინძლებმა კი ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გახსნეს, როდესაც ხავიერ მასკერანომ დავიდ ნგოგს ბურთი საჯარიმოში მიაწოდა, ფრანგმა კი ოსტატურად დაარტყა. კაცმა რომ თქვას, ამ ეპიზოდში ჩრდილო ლონდონელთა გოლკიპერს მანუელ ალმუნიასაც შეეძლო კარგად თამაში.

მომდევნო ტური
21 აგვისტო. არსენალი-ბლექპული, ბირმინგემი-ბლექბერნი, ევერტონი-ვულვზი, სტოკ სიტი-ტოტენჰემი, ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი, ვესტ ჰემი-ბოლტონი, უიგანი-ჩელსი. 22 აგვისტო. ნიუკასლი-ასტონ ვილა, ფულჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი. 23 აგვისტო. მანჩესტერ სიტი-ლივერპული.

სტატისტიკა სრულად იხილეთ გაზეთ "ლელოს" ორშაბათის ნომერში


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული