ვეტერანმა "მეთოფემ" დიდი როლი ითამაშა გერმანელი ფეხბურთელის ლონდონში გადაბარგებაში. პირველად ვენგერი მერტეზაკერით შარშან დაინტერესდა და "არსენალში" დროებით დაბრუნებულ ვეტერანს აზრი ჰკითხა გერმანელ ფეხბურთელზე - "კარგი ფეხბურთელია, კარგი მცველი," - მიუგო ლემანმა.
წინა კვირას ვენგერმა გაითვალისწინა იენსის რეკომენდაცია და "ვერდერს" გერმანიის ნაკრების 26 წლის მცველში 10 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ლემანს ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი, რომ მერტეზაკერი წარმატებულად იასპარეზებს პრემიერლიგაში.
მერე რა,
მერტეზაკერის ანგარიშზეა 75 თამაში გერმანიის ნაკრებში. აქედან უმრავლესობა პერმა მაშინ ჩაატარა, როცა ნაკრების კარს იენს ლემანი იცავდა.
ვეტერანი დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი უაღრესად სასარგებლო იქნება "არსენალის" სუსტი დაცვისთვის. ეს ხაზი ხომ ლონდონელთათვის წლების განმავლობაში ყველაზე პრობლემურად რჩება. ამის დასტურია პრემიერლიგის ბოლო ორი ტური, როცა გუნდმა 10 გოლი გაუშვა - ჯერ შინ "ლივერპულთან" 2, შემდეგ კი "ოლდ ტრეფორდზე" 8 "მანჩესტერ იუნაიტედისგან".
ცხადია, რომ მერტეზაკერს უამრავი სამუშაო ექნება. ლემანი ფიქრობს, რომ მერტე ყველაფერს იოლად გაუმკლავდება, თუკი პრემიერლიგის ტემპსა და ინტენსიურ დატვირთვებს ალღოს აუღებს. "პერს მოუწევს ინგლისურ ფეხბურთთან შეგუება, განსაკუთრებულად თამაშის ტემპთან.
პრემიერლიგა ხომ ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ბუნდესლიგა. ბუნებრივია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაფერს გაუმკლავდება. მერტეზაკერი სერიოზულად გააძლიერებს "არსენალს". მასთან კონტრაქტის გაფორმება მშვენიერი გადაწყვეტილება იყო როგორც კლუბის, ისე ფეხბურთელისთვის".
თუკი მერტეზაკერი ნაკრების შეკრებიდან ლონდონში ჯანმრთელი დაბრუნდება, ახალი გერმანელის დებიუტი "სუონსისთან" "ემირიტსზე" შედგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"