პენსია ჯერ ადრეა

AutoSharing Option
რომის სახელგანთქმულმა უნივერსიტეტმა "ტორ ვერგატამ" სერ ალექს ფერგიუსონი მარადიულ ქალაქში მიიწვია, რათა მისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა. ბუნებრივია, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ შოტლანდიელი სტუდენტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს პასუხი გასცა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მისი თქმით, პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირებს. გასაკვირი არ არის, რომ შეხვედრა სწორედ ფერგის მომავალ მემკვიდრეზე ლაპარაკით დაიწყო. ბოლო 10 წელიწადია, ამ შეკითხვას მას ხშირად უსვამენ. "ბოლო წლების განმავლობაში ხშირად მისვამდნენ შეკითხვას, ვის შეეძლო ჩემი შეცვლა "მანჩესტერ იუნაიტედში".

და მოვიდა დრო, როცა რამდენიმე მწვრთნელი, ვისაც ამის
გაკეთება შეეძლო, ფეხბურთიდან უკვე წავიდა. ასე რომ, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ახლაც ძალიან რთულია. ჩემი შემცვლელი უნდა იყოს გამოცდილი და ამასთან ისეთ ასაკში, რომ მუშაობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს.

ასეთი კანდიდატურა კი მე ნამდვილად არ მყავს. არ მყავს უპირველესად იმიტომ, რომ პენსიაზე გასვლას ჯერ არ ვაპირებ. გირჩევთ ამ შეკითხვაზე პასუხის ძებნით თავს ნუ დაიღლით. მწვრთნელი ჯერ მე ვარ, ვიქნები ხვალაც და ზეგაც. არ ვიცი, შეიძლება მალევე წავიდე, შეიძლება კიდევ დიდხანს ვიმუშაო," - განაცხადა ვეტერანმა.

წარმოგიდგენიათ იტალიაში ვესლის სნეიდერის შესახებ შეკითხვა რომ არ დაესვათ? "სნეიდერი სქოულზის იდეალური შემცვლელი ნამდვილად არ არის. ჰოლანდიელი მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ ის არ არის, ვისაც ჩვენ ვეძებთ. პოლთან ახლოს მხოლოდ ჩავი და ინიესტა თუ მოვლენ", - მიუგო შოტლანდიელმა და იქვე მეორე შეკითხვასაც უპასუხა:

"ჩემთვის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ურთიერთობა ძალიან ადვილია, რადგან მუდამ წინ ვიყურები. ზოგადად ძალიან მიჭირს ფეხბურთელებთან გამოთხოვება, განსაკუთრებით ისეთებთან, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მიხდება ამასთან შეგუება, რადგან ჩემი ვალია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ჩემს გუნდში და სხვაგანაც, რათა მოვნახო ისეთი, რომელიც წასულს ღირსეულად შეცვლის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული