პეპეს მხარი ტკიოდა?

AutoSharing Option
"ლივერპულის" ესპანელი მეკარე პეპე რეინა კვირას, "არსენალთან" შეხვედრის 90-ე წუთზე შეცდა და თავის გუნდს ერთი შეხედვით უეჭველი მოგება ამოაცალა ჯიბიდან. არადა, მერსისაიდელები სასახელო საქმეს სჩადიოდნენ: მეორე ტაიმში ათი კაცით დარჩენილნი ჩრდილო ლონდონელებს უგებდნენ. როგორც მოგახსენეთ, შეხვედრის დასრულებამდე მსაჯის წამატებული წუთებიღა რჩებოდა და მომენტიც, რომელიც "არსენალმა" მასპინძელთა კართან შექმნა თითქოსდა ჩაფარცხული ჩანდა: მორუან შამახის დარტყმული ბურთი ზელს მოხვდა და რეინას პირდაპირ ხელებში მიუვიდა. აი, სწორედ აქ მოხდა საცოდაობა: მსოფლიოს ჩემპიონს (თუმც, სამხრეთ აფრიკაში ერთხელაც არ გასულა მოედანზე) ხელებში მიბრძანებული ბურთი მკერდსქვეშიან
გამოუხტა და კარში შევარდა. ვინც ნახა დაგვეთანხმება, რომ ძალიან უცხო სანახაობა იყო. ამასთან შედარებით ის გოლი, რომელიც ინგლისის ნაკრების მეკარე რობერტ გრინმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკელებთან შეხვედრაში გაუშვა, უხეშ, მაგრამ არცთუ ძალიან იშვიათ შეცდომათა კატეგორიიდან იყო.

მატჩის შემდეგ "ლივერპულის" გაწბილებულმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა მაინც დაიცვა თავისი გოლკიპერი: "მომხდარი პეპემ ძალიან განიცადა. ის ძალიან სერიოზული პროფესიონალია, რომელსაც საკუთარი თავისა სწამს. მართალია, "არსენალთან" შეხვედრაში მას მაინც და მაინც ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ რამდენჯერაც ჩაერთო თამაშში, თავისი საქმე კარგად შეასრულა.

პეპეს მხრის ტრავმა აწუხებდა და წესით მოედანზე ასე მალე არ უნდა დაბრუნებულიყო. ეს მხრის ტკივილი რომ არა რეინა ამ გოლს რასაკვირველია არ გაუშვებდა".

ზემოთ ვთქვით, რომ "ლივერპული" უმცირესობაში იყო და მაინც იგებდა. "წითლებმა" გოლიც კი მას მერე გაიტანეს (დავიდ ნგოგმა ბოლო სამ შეხვედრაში მეოთხედ გამოიჩინა თავი), რაც მსაჯმა მოედნიდან ჯო კოული გაუძევა. ერთი სიტყვით, ისეთ მოგებამდე, რომელიც აღტაცებას გამოიწვევდა და სეზონის ჩინებულ სტარტად ჩაითვლებოდა ხელის ერთი გაწვდენა, უფრო სწორედ კი ბურთის ერთი შემაგრებაღა იყო დარჩენილი, მაგრამ ვაგლახ. "ლივერპულის" ვეტერანი ჯეიმი კარაგერი:

"ასეთი რამ მაშინაც შეიძლებოდა მომხდარიყო თერთმეტი თერტმეტზეც რომ ვყოფილიყავით დარჩენილი. ეს პირდაპირ კბილებში დარტყმას ჰგავს. რას იზამ, ჩვენ ყველანი ვცდებით. პეპე გასულ სეზონში ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მე თუ მკითხავთ ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. ერთი სიტყვით, ძალიან გულდასაწყვეტი ამბავი მოხდა, მაგრამ ჩვენთვის შესვენებისას რომ გეკითხათ ფრეზე ყაბულს ვიქნებოდით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული