"არსენალი" - ციფრების უკან

AutoSharing Option
ამ კვირაში “არსენალის” სტატისტიკოსმა ჯოშ ჯეიმსმა მისი გუნდის შემადგენლობას თვალი გადაავლო და საინტერესო დეტალები დააფიქსირა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ “მეთოფეთა” შემადგენლობაში 21 ისეთი ფეხბურთელი აღმოჩნდა, ვინც თავისი ქვეყნის ნაკრებში (ეროვნული თუ ასაკობრივი) თამაშობს. ამას გარდა ლონდონელებს 4 ასეთი მოთამაშე იჯარით ჰყავთ გაშვებული (ნიკლას ბენდტნერი, სამუელ გალინდო, კარლოს ველა და ჯოელ კემპბელი).

21 ფეხბურთელის ანგარიშზე ნაკრებებში ჩატარებული 746 შეხვედრაა (საშუალოდ 35,5). მათ ანგარიშზეა 152 გატანილი გოლი. ფეხბურთელი, ვისაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ამ მხრივ, იოსი ბენაიუნია - 85 მატჩი. ის ერთ-ერთია
იმ სამ არსენალელს შორის, ვისაც ხანდახან ნაკრების კაპიტნობას ანდობენ ხოლმე. ტომაშ როსიცკი, ანდრეი არშავინი, პარკ ჩუ ენი, აარონ რემსი და ტომას ვერმაელენი კი დროებითი კი არა, ნამდვილი კაპიტნები არიან. ჟერვინიო ერთი პერიოდი კოტ დ’ვუარის ოლიმპიური გუნდის თავი იყო.

ბენაიუნს “არსენალის” ფეხბურთელის რანგში მხოლოდ ორი საერთაშორისო შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამ მხრივ ყველა დროის რეკორდსმენი ტიერი ანრია. ფრანგმა 123-დან 81 შეხვედრა ნაკრებში “მეთოფეობის” ჟამს ჩაატარა.

“არსენალში” 45 ქვეყნის წარმომადგენელს უთამაშია. ყველა მათგანს თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში არ უასპარეზია. ერთი ქვეყნიდან ყველაზე მეტს ლონდონელთა ღირსება ფრანგებს დაუცავთ - 16, მე-17 თავის რიგს ელის - ლორან კოშელნი ლორან ბლანმა რამდენჯერმე მიიწვია, მაგრამ მას ჯერ “მამლების” ღირსება არ დაუცავს. ლეგიონერთა საერთო რიცხოვნობით 6 ფეხბურთელით მეორე ადგილზე ჰოლანდიაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული