ინდულგენცია ტორესისთვის

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ცნობით, “ჩელსის” თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა გააფრთხილა ფერნანდო ტორესი, რომ თუკი უახლოეს ორ შეხვედრაში არ გაიტანს, კარგა ხნით გადაინაცვლებს სათადარიგოთა შორის.

“არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი სკამზე დავსვა. შეიძლება ვიღაცას ძალიანაც არ სურდეს ეს, მაგრამ გუნდის საბოლოო მიზნების ეჭვქვეშ დაყენებას არ ვაპირებ. ამწუთას ასეთი საშიშროება უკვე არსებობს და ამას ბოლო უნდა მოვუღოთ. მე არ მყავს ფავორიტები თავდამსხმელთა შორის. გადაწყვეტილებას საწვრთნელი პროცესზე დაკვირვების შედეგად ვიღებ.

ფერნანდომ უნდა დაგვიმტკიცოს, რომ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა. პოტენციალით ხომ ის საუკეთესო
თავდამსხმელებში შედის. ვფიქრობ, თანაგუნდელთა დახმარებით ჩვენ მოვახერხებთ მისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას,” - თქვა ვილაშ-ბოაშმა.

ტრავმირებული დიდიე დროგბას არყოფნა სწორედ ის შანსია, რომელიც 27 წლის ესპანელს ეძლევა. ვილაშ-ბოაშის აზრით, 50 მილიონ ფუნტად შეძენილი თავდამსხმელის საგოლე გვალვის მიზეზი მასში საკუთარი ძალების რწმენის ნაკლებობაა. შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატთა” რიგებში 21 შეხვედრაში “ელ ნინიომ” ერთადერთი გოლი გაიტანა.

ერთია, რას ლაპარაკობს მასზე მწვრთნელი და მეორე, რას ფიქრობენ ესპანელზე საფეხბურთო ექსპერტები. უფრო და უფრო მეტი ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტი ადარებს მას ანდრეი შევჩენკოს, ვინც “ჩელსიში” პოტენციალის გამოვლენა ბოლომდე ვერ შეძლო. ეს ხმები ბუნებრივია ვილაშ-ბოაშამდეც მივიდა. შეგახსენებთ, რომ ანდრე თავის დროზე ჟოზე მოურინიოს სკაუტი იყო და რა ხდებოდა ლონდონელთა რიგებში ყურმოკვრით ნამდვილად არ იცის. ის ამ ორ შემთხვევას შორის პარალელს ალოგიკურად მიიჩნევს: “შევჩენკოს ჰქონდა კარგი პერიოდი “ჩელსიში”. მას რეგულარულად გაჰქონდა ლიგის თასზე, თამაშობდა ინგლისის თასის შეხვედრებშიც და მოიგო კიდეც ეს ტურნირი. ის აშკარად არ იყო ისეთი ეფექტური როგორც იქამდე “მილანში”, მაგრამ გუნდს ევროთასებზეც ხშირად ეშველებოდა”.

რაც შეეხება დროგბას, ექიმების თქმით, ივუარელი 18 სექტემბერს “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრამდე სრულფასოვან ვარჯიშებს 100%-ით დაუბრუნდება. ამასთან დაკავშირებით მწვრთნელს თავისი გათვლები აქვს: “სრულად გამოჯანმრთელება აუცილებელია და ამას სკულპულოზურად დავაკვირდებით, რადგან ტრავმის მიღების შემდეგ მას საშინელი თავის ტკივილი ტანჯავდა. შევეცდებით, “იუნაიტედთან” მატჩისთვის მზად იყოს. აი, უახლოეს ტურს “სანდერლენდთან” აუცილებლად გამოტოვებს. სავარაუდოდ არ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში “ლევერკუზენთანაც”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული