ტორესის ადაპტაციის სირთულეები

AutoSharing Option
ფერნანდო ტორესმა ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც იმ პრობლემებზე ილაპარაკა, რაც მას "ჩელსიში" ადაპტაციაში ხელს უშლის. წაიკითხეთ, რას ამბობს ესპანელი და თავად განსაჯეთ, მართალია ეს ყოველივე თუ მხოლოდ და მხოლოდ თავის მართლებაა:

- როცა გუნდს ვიცვლიდი, ვიცოდი, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" ადაპტაციის პერიოდი ხანგრძლივი იქნებოდა, თუმცა არ ველოდი, თუ ამხდენ ხანს გაიწელებოდა. "ჩელსი" სხვა პრემიერლიგური კლუბებისგან იმით განსხვავდება, რომ ძალიან არაინგლისურ ფეხბურთს თამაშობს. ამის მიზეზი არის ის, რა ფეხბურთელებიც არიან გუნდში თავმოყრილნი.

ჩვენთან ასაკოვანი და შედარებით ნელი მოთამაშეები
არიან. ისინი ბურთის დაჭერას ცდილობენ. სწორედ ამის შეცვლას ცდილობენ ახლა გუნდში. ბუნებრივია, რომ სტილის ცვლილებას დრო სჭირდება. კარგი ნახევარმცველების მოყვანა არც ისე იოლია, რადგან საუკეთესოები უკვე სხვაგან თამაშობენ.

სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ხუან მატას მოსვლა ჩვენთან დინამიკას მოიტანს-თქო. მატა მართლა დიდებული შენაძენია. დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად გადაიქცევა. მას ამისთვის ყველაფერი აქვს. ის დაგვეხმარება იმ დონეზე ასასვლელად, რა დონეზეც "მანჩესტერ იუნაიტედი" ასპარეზობს. იმედია, ეს წელსვე მოხდება.

ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავს დენიელ სტარიჯის სახით. ეს არის ფეხბურთელი, ვინც გუნდში მოსვლის შემდეგ ყველაზე მეტად გამაოცა. იმედი მაქვს, ნახევარდაცვა გადაეწყობა მაღალ სიჩქარეებზე და ჩვენს სწრაფ გუნდურ თამაშს მალე იხილავთ.

პრემიერლიგაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი მთავარი მწვრთნელის იდეების ათვისების შემდეგ ბევრად უკეთ ავთამაშდებით. ჩვენ ახლაც შეგვიძლია ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა. საამისოდ საკმარისი ამბიციები გვაქვს. კლუბის მესაკუთრეს აქვს დიდი ოცნება და სანამ მას არ მივაღწევთ, იქამდე არ გავჩერდებით.

მე რაც შემეხება, ვცდილობ საუკეთესო ფორმას მალე დავუბრუნდე და ტრავმები რაც შეიძლება მალე დავივიწყო. ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი. ჩემზე ამას არანაირი გავლენა არ აქვს. რესტორანში როცა შევდივარ ნებისმიერ შემთხვევაში გამოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის - "კი, მაგრამ ამას აქ რა უნდა" ან "უყურე, კიდევ მოვიდა". მე ყოველთვის ვიქნები განხილვის საგანი და ამის კონტროლს არ ვცდილობ და ამას აზრი არც აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული