ისევ ლაზარეთში

AutoSharing Option
"ლივერპულის" ბედშავმა მარჯვენა მცველმა გლენ ჯონსონმა "სტოკ სიტისთან" სეზონის პირველი შეხვედრა ჩაატარა. ინგლისელი მარტინ შკრტელის ნაცვლად მინდორზე 81-ე წუთზე შევიდა, თუმცა ტრავმის მისაღებად დარჩენილი დროც ეყო.

იქამდე მას ზუსტად ხუთკვირიანი პაუზა ჰქონდა "ვალენსიასთან" აგვისტოს დასაწყისში მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ. ფეხბურთელმა "ბრიტანია სტედიუმზე" ტრავმა გაიმიზეზა და ახლა ისევ ხანგრძლივად მოუწევს უქმობა.

ექიმებს ჯერ არ დაუდგენიათ, რამდენ ხანში შეძლებს ის ბოლომდე გამოჯანმრთელებას. "მუხლის მყესები ისევ მაწუხებს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისევ ისეთი სერიოზული არ არის," -
დაწერა 27 წლის ფეხბურთელმა "ტვიტერზე".

ფეხბურთი და სოციალური ქსელები რახანია საფეხბურთო ასოციაციებისა თუ კლუბების ახალი თავის ტკივილი გახდა. ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როცა მოთამაშეს ვირტუალურ სამყაროში გამოთქმული მოსაზრებების, გაშარჟებული მეტოქეებისა და მსაჯების გამო სჯიდნენ.

ასეთი რამ გადახდა თავს ყოფილ ლივერპულელ რაიან ბაბელს, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის მეორე დღეს არბიტრი ჰოვარდ ვები ფოტოშოპში "იუნაიტედის" მაისურით "შემოსა" და სტივ ჯერარდს "ტვიტერზე" ისე გაუგზავნა. ამ საქციელისთვის (ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გარდა მთელ დედამიწაზე მიხვდნენ რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო) ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს.

"ლივერპული" ამჯერად შიდაგამოძიებას ატარებს 20 წლის ნათან ეკლსტოუნის გამონათქვამის გამო. აი, რამ გამოიწვია დირექტორატის (უფრო მეტად კლუბის ამერიკელი მესაკუთრეების) აღშფოთება: "მე არ ვაპირებ, მასმედიის კვალდაკვალ მჯეროდეს და ვამტკიცო, რომ რომ შეტევები (ლაპარაკია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე) ორგანიზებული იყო ტერორისტების მიერ".

"ლივერპულის" პრესამსახურმა ამ გამონათქვამის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა: "კლუბი მეტისმეტი ყურადღებით შეისწავლის საკითხს და თანაც აცნობებს ნათან ეკლსტოუნს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება იმ გარემოებების გამო, რისი წყალობითაც ეს ფრაზა მოხვდა მის გვერდზე. ასევე აცნობებს, რომ ყოველივე ამან მისთვის სერიოზული შედეგები შეიძლება მოიტანოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული