ახალი ფაქტები წუწკ პიტერზე

AutoSharing Option
ამ დღეებში ინგლისურ ტაბლოიდებში ასე წერდნენ: "აი, ჰეთ-თრიკი, რომელიც პიტერ კრაუჩს ყველაზე მეტად არ უნდოდა. ის ხომ გაბრაზებულ საცოლესთან შერიგებას ცდილობს".

მართლაც, ბოლო ცნობების თანახმად კრაუჩი ყველა ღონეს ხმარობდა, რათა მოდელი და ტელევარსკვლავი სატრფო, 24 წლის ები კლენსი შერიგებაზე დაეთანხმებინა. მოგეხსენებათ, პრესაში გახმაურდა რამდენიმე კვირის წინანდელი ამბავი, როცა მეგობართან ერთად მადრიდში დასასვენებლად წასულმა მაღალმა ტოტენჰემელმა თავდამსხმელმა ღამე მეძავთან გაატარა. რასაკვირველია, საცოლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ რა დაუჯდა კრაუჩს ეს გართობა, მაგრამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად მაინც ვთქვათ - 800 ფუნტი
ანუ დაახლოებით 1250 დოლარი.

ამ თანხის გაგონებაზე რაიმე შეძახილისა თუ ტაშის შემოკვრის უფლება მთლიანად თქვენთვის დაგვითმია. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს ინფორმაცია (მეძავის კომენტარებით) ყველა წამყვან ინგლისურ "ყვითელ" გაზეთში დაიბეჭდა და კლენსიც, როგორც ნორმალური საცოლე, რასაკვირველია, გაბრაზდა.

გამოსავლისა თუ მსმენელ-მრჩევლის ძიებაში ქალი თავიდან თავის მეგობარს (რომელიღაც ინგლისურ იპოდრომზე ერთად ჰყავთ ცხენები), ჯონ ტერის ღალატსა და შერიგებაში კბილებმოცვეთილ მეუღლეს ტონი ტერის დაუკავშირდა, გასაჭირი უამბო და იტირა. შემდეგ კი, შესაძლოა ტონის რჩევითაც, ჩანთა ჩაალაგა და ესპანეთის კურორტ მალიორკაზე გაემართა, სადაც დედამისი ისვენებდა. აი, სწორედ იქიდან შეიტყვეს ტაბლოიდებმა, რომ ები აწოწილ პიტერს შეურიგდებოდა და... ახალი ყუმბარაც გასკდა.

მადრიდული გასეირნების არ იყოს, ესეც გასული თვის ამბავია, მაგრამ დროს კვლავ არ აქვს მნიშვნელობა. თურმე ნუ იტყვით და, ფრანგულ რივიერაზე დასვენების დროსაც დაძვრებოდა კრაუჩი ქალებში, რაც პაპარაცებს გადაღებული ჰქონიათ. ეს ფოტოები "დეილი მეილში" გამოქვეყნდა. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დააკვირდეთ მოვლენათა დრამატურგიას - როდის შეარჩია "ყვითელმა" პრესამ ამ ფოტოების დასაბეჭდად დრო? საცოლე შერიგებას რომ აპირებდა და ისტორია მთავრდებოდა. ები კლენსი მალიორკიდან უკვე ლონდონს გახლდათ დაბრუნებული და სატელევიზიო გადაღებებში მონაწილეობდა. მას თითზე 200 ათას ფუნტად ღირებული ნიშნობის ბეჭედი არ ეკეთა...

მეტიც, "სანის" საკვირაო ნათესავს News Of The World-ს ისიც კი დაუთვლია, რომ ფეხბურთელმა საჯაროდ ორჯერ მაინც აკოცა სხვადასხვა ქალს ტუჩებში. ამბობენ, რომ ახალი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ შანსი იმისა, რომ ები კლენსი პიტერ კრაუჩს შეურიგდება, ძალიან შემცირდება.

თან, დახეთ რა საინტერესოა - ფეშენებელურ კურორტ ჟუან ლე პინში სურათები 7 ივლისს არის გადაღებული, ანუ იმ დღეს, როცა მის კლენსი (რომელიც იქ, როგორც ჩანს, პიტერთად ერთად ისვენებდა) საქმეების გამო რამდენიმე დღით ლონდონში დაბრუნდა.
წეღან ნიშნობის ბეჭედი ვახსენეთ. როგორც ების მავანმა მეგობარმა თქვა, ახალი ფოტოების ნახვის შემდეგ ტელევარსკვლავმა ბეჭედი ხელახლა მოიძრო თითიდან. კიდევ ერთმა წყარომ "დეილი მეილს" ეს უამბო:

"ები პიტერს ელაპარაკა და ამ ლაპარაკიდან ისე ჩანდა, რომ ის პატიებასა და შერიგებას აპირებდა. ახლა კი მან საერთოდ აღარ იცის, რა ქნას. კრაუჩმა ქალის ნდობა უკვე საბოლოოდ დაკარგა".

გაზეთი "სანი" წერს, რომ ბოლო დღეებში გადაღებეზე ები ისე იქცევა, კაციშვილი ვერ მიხვდება, პირადი ტრაგედია რომ აქვს. ის გარშემო
ყველას ეხუმრება და ცდილობს, ყოჩაღად გამოჩნდეს. "ების რომ ვუყურებ, ეჭვი მეპარება, მოხდა კი მის ცხოვრებაში რაიმე დრამატული?" - თქვა რომელიღაც თანამშრომელმა...



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული