ეს საზიზღარი გლაზგოელები...

AutoSharing Option
ეიდენ მაკგიდიმ მოყვა, თუ რატომ გაიქცა "სელტიკიდან" მოსკოვის "სპარტაკში". 24 წლის ირლანდიელმა გარემარბმა საზოგადოებას გაანდო, რომ გლაზგოში შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოგეხსენებათ, გასულ კვირაში მის სანაცვლოს რუსულმა კლუბმა 11.4 მილიონი ევრო გადაიხადა.

მაკგიდიმ თქვა: "იქაურობისთვის აშეკარად უნდა დამეღწია თავი. გლაზგოში გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება დამიგროვდა და გარემოს გამოცვლა გახდა აუცილებელი. ნილ ლენონი მაფრთხილებდა, რომ გლაზგოელ ფანთათვის დამახასიათებელი თაყვანისცემა მომენატრება, მე კი ამაში ძალიან მეპარება ეჭვი. "სელტიკის" ფანებს შორის აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე ისეთი, ვისაც შენს თავზე გადავლა მოეპრიანება...

...ადრე ერთ-ორ ისეთ ჩხუბში გავყავი თავი,
რომ ახლა ვნანობ. დაცვის ბიჭებს აშკარად ვუღალატე, შარში გავხვიე. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც საშინელი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოვითმინე და არც ეს არის ნორმალური. განა ის, რომ ფეხბურთელი ვარ, ამ ხალხს აძლევს ჩემი დაუსჯელად გამოლანძღვის უფლებას? თან, ხომ არ გგონიათ, რომ ბავშვებზე ვლაპარაკობ. დიდ კაცებზე მოგახსენებთ. დადგებიან და გიჟებივით ყვირიან: "მეზიზღები", "მოგკლავ შე ქონდრისკაცო". თუმცა, ეს რა მოსატანია იმასთან, რაც ჩემთვის დაუძახიათ. უბრალოდ არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი...

...ხალხს სურთ ფეხბურთელების ცხოვრებაზე ყველაფერი იცოდნენ და ყველა მოთამაშე აკონტროლონ. ფანები სულ კითხულობენ: რა უნდოდა ამას და ამას ღამის კლუბში? რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ არ უნდა დავლიოთ და ბერებივით უნდა ვიცხოვროთ. არადა, მე ახალგაზრდა კაცი ვარ და ღამის ცხოვრება მჭირდება. რასაკვირველია, წარსულის მაგალითების გათვალისწინებით, მომავალში, ალბათ უფრო ფრთხილად მოვიქცევით. აკი გითხარით, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მართლა გამოვსულვარ წყობიდან. როდესაც ეჭვიან და ქედმაღლურ მზერას ვიჭერ, ვგიჟდები...

...რასაკვირველია, ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როდესაც ადამიანი მოსულა, მხარზე ხელი დაუკრავს და წარმატება უსურვებია. მოკლედ, გლაზგო აკვარიუმს ჰგავდა, სადაც ყველა გიყურებს რას აკეთებ და როგორ. ვაღიარებ, მქონდა ცხოვრებაში ნერვიული, გიჟური პერიოდი, მაგრამ ასეთად სწორედ ამ აკვარიუმმა ჩამომაყალიბა. ნეტავ იმთავითვე უფრო დაბრძენებული და ალღოიანი ვყოფილიყავი".
შემდეგ, მაკგიდიმ პირობა დასდო, რომ ყველა ღონეს იხმარს ცინიკოსების გასაჩუმებლად. ხალხს, რომელმაც რუსეთში წასვლა შეცდომად ჩაუთვალა საპირისპირო უნდა ათქმევინოს.

"ჩემს ტრანსფერს შოტლანდიელებმა ცუდი თვალით შეხედეს. ბევრმა თქვა, რომ რუსეთი არ არის ის ადგილი, სადაც კაცმა შეიძლება იცხოვროს და მითუმეტეს ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ არ ვეთანხმები. დღეს რუსული ფეხბურთი საკმაოდ ძლიერია. არ მინდა შოტლანდიის პრემიერლიგას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ რუსული პრემიერლიგა მასზე გაცილებით ძლიერია. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, რუსეთის ყველაზე დიდ კლუბში გადასვლა ჩემს დონეს აამაღლებს. ვიცი, შოტლანდიელებს ერთი სული აქვთ ისე უნდათ დამარცხებული და გულგატეხილი მნახონ, მაგრამ მე ყველას საწინააღმდეგოს დავუმტკიცებ".

მაკგიდიმ არც ის დამალა, რომ გლაზგოდან გაქცევაზე უკვე კარგა ხანია ფიქრობდა: "დაახლოებით იანვარი იყო "სელტიკიდან" წასვლა რომ გადავწყვიტე. სამწუხაროდ, "ბირმინგემთან" ჩამეშალა ვარიანტი. რატომღაც გუნდებმა ჩემი ყიდვა არ მოისურვეს და ეს ძალიან მეწყინა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული