მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს, ბუნებრივია, პრემიერლიგური გუნდების დაპირისპირებები იწვევდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლიდსს" "ელანდ როუდზე" ეწვია, "არსენალი" "შრიუსბერის" დაუპირისპირდა, "ნოტინგემ ფორესტი" - "ნიუკასლს, "სტოკი" კი "ტოტენჰემს".
მაიკლ ოუენმა მიმდინარე სეზონში პირველად დაიწყო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში და ეს მოვლენა დუბლით აღნიშნა.
ამით მან ყველას მიანიშნა, რომ მისი ჩამოწერა ძალიან ადრეა. მე-15 წუთზე ვეტერანმა მარჯვენა ფლანგიდან პასი ჟი სუნ პარკისგან მიიღო, ერთი მოძრაობით დაამუშავა ბურთი და მოატყუა მეტოქე, მეორე შეხებით კი
32-ე წუთზე საჯარიმოსთან ახლოს მაიკლმა ბურთი ისევ მარჯვენა ფლანგიდან მიიღო, ამჯერად ანტონიო ვალენსიასგან. ისევ ერთი შეხებით დაამუშავა და მეკარისგან მაღალ, მარჯვენა კუთხეში დაარტყა.
ლიდსელები ცდილობდნენ მეტოქისთვის ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდათ.
მათ მხოლოდ ერთი რეალური მომენტი შექმნეს, ჯერ ტომ ლისმა, შემდეგ კი დამატებაზე როსი მაკორმაკმა სცადეს "მანიუს" კარის აღება, მაგრამ დიდებულად გაისარჯა დიმიტარ ბერბატოვი, რომელმაც ბურთი ორჯერ გამოიტანა ცარიელი კარიდან.
ტაიმის ბოლოს გუნდების კლასს შორის უზარმაზარ სხვაობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი: რაიან გიგზმა, მარცხენა ფლანგზე მეტოქე პატარა ბავშვივით მოატყუა და საჯარიმოში შეჭრილმა ტერფის გარეთა მხრიდან დაარტყა, ენდი ლონეგრანისგან მცირე რიკოშეტის შემდეგ ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახდა.
მიიღო რა კომფორტული უპირატესობა მისმა გუნდმა, სერ ალექს ფერგიუსონმა მეორე ტაიმში მინდორზე დებიუტანტებს პოლ პოგბასა და ლარნელ კოულს უხმო. შოტლანდიელმა სასტარტოშივე ანდო ადგილი "მანიუს" აკადემიის კიდევ ერთ აღზრდილ ეზეკილ ფრაიერსს.
ასე რომ, მიუხედავად რაღაც დოზით ექსპერიმენტებისა, მატჩი შედგა და ჩემპიონები წინ მიიწევენ. თამაშის შემდეგ ფერგიუსონმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მაიკლ ოუენის ბრწყინვალე თამაშს.
აი, რა თქვა მან: "ოუენი ფანტასტიკური ფეხბურთელია, ის თავის საქმეს პროფესიულად უდგება. მისი მეორე გოლი კი უბრალოდ შედევრი იყო. ვწუხვარ, რომ მაიკლს თავის გამოჩენის შანსი ხშირად არ ეძლევა, მაგრამ ასეთი დონის თავდამსხმელის თადარიგში ყოფნაც კი ძალიან მაგარია".
ბევრად უფრო რთული შეხვედრა გადაიტანა "არსენალმა". "ახალი სტარტი", როგორც ამ შეხვედრას არსენ ვენგერმა უწოდა, კინაღამ ჩაიშალა. ქვედა ლიგელმა "შრიუსბერიმ" ნამდვილად ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია პრემიერლიგის გრანდს. თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო.
პირველი მომენტი ჩუ იუნგი-გიბსის კომბინაციის შემდეგ მარუან შამახს შეექმნა, მაგრამ მეკარე ბენჯამინ სმიტმა მაროკოელის თავურს საოცარი რეაქციით უპასუხა, მალე იმავე შამახს შეეძლო გატანა, თუმცა თავდამსხმელის მიერ მეკარის მოძრაობის საწინააღმდეგოდ დარტყმულ ბურთს სმიტმა ისევ მოუძებნა ღირსეული პასუხი.
ის იყო, გულშემატკივრებმა იფიქრეს, გოლი "მწიფდებაო", რომ ის მართლა გავიდა, ოღონდ "არსენალის" კარში - სტუმრებმა ელემენტარული ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და ბურთი საჯარიმოში დაკიდეს, იოან ჯურუ რატომ არ აუხტა ჯეიმსს კოლინზს, ნამდვილად ვერ გეტყვით. 33-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: კირან გიბსმა კარლ ჯენკინსონის ჩაწოდებულს თავით "ურქინა", თუმცა სმიტის შეცდომის გარეშე ეს ბურთი ვერ გავიდოდა, მეკარემ ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა.
58-ე წუთზე 18 წლის ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა 27-28 მეტრიდან არაადამიანური ძალით მოიქნია ფეხი და მეკარე კიდევ ერთხელ დატოვა ხახამშრალი. ზუსტად 20 წუთში იმავე ოქსლეიდ-ჩემბერლენისა და მეორე 18 წლის "ღლაპის" ოგუჟან ოზიაკუპის მიერ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ თავი იოსი ბენაიუნმა გამოიჩინა.
ოქსლეიდ-ჩემბერლენის გარჯით კმაყოფილი დარჩა არსენ ვენგერი. აი, რა თქვა თინეიჯერ შეგირდზე ფრანგმა სპეციალისტმა: "მომავალში ის აუცილებლად გახდება ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. თუმცა ამ ეტაპამდე მას ბევრი მუშაობა მოუწევს. თავიდან ალექსი ცოტას ნერვიულობდა, მეორე ტაიმში კი ყველაფერი გვიჩვენა, რაც შეეძლო".
დრამა განვითარდა "სიტი გრაუნდზე", სადაც "ნოტინგემ ფორესტმა" პრემიერლიგის მეოთხეადგილოსანი "ნიუკასლი" მიიღო.
პეტერ ლიოვენკრანდსის დუბლის წყალობით ფავორიტები ორჯერ გავიდნენ წინ, თუმცა რობი ფინდლისა და მეტ დერბიშირის გოლებით მასპინძელმა ორჯერვე გაათანაბრეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. 93-ე წუთზე სტუმრები მესამედ გავიდნენ წინ, თავი დენი სიმპსონმა გამოიჩინა.
10 წუთში მარკუს ტუდგეიმ კიდევ ერთხელ გაათანაბრა. "ნოტინგემს" პენალტების სერიამდე წამები დააკლდა, ფაბრისიო კოლოჩინიმ დამატებითი დროის კომპენსირებულ მეორე წუთზე დაახლოებით 2 მეტრიდან თავით გაიტანა - 4:3.
აი, "სტოკ სიტიმ" და "ტოტენჰემმა" კი უგოლო 120 წუთის შემდეგ ურთიერთობა პენალტების სერიაში გაარკვიეს. შეხვედრამ გუნდები ისე გადაღალა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ორივე გუნდს თამაშები 4-4 ფრონტზე აქვს (პრემიერლიგა, ლიგისა და ასოციაციის თასები, პლუს, ევროპის ლიგა) შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომდევნო დაპირისპირებისთვის ისინი ძალებს სრულად ვერ აღიდგენენ.
ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ ტონი პულისი "დეზებს" მეორე შემადგენლობას დაუპირისპირებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ძირითადში იყო ექსტოტენჰემელი ვილსონ პალასიოსი, თუმცა სკამზე დარჩა კიდევ ერთი "ექსი" პიტერ კრაუჩი, ვინც მე-18 წუთზე შეცვლაზე ტრავმირებული კენუაინ ჯონსის მაგივრად შევიდა.
რაც შეეხება სტუმარს, ჰარი რედნაპმა იუნეს კაბულსა და ასუ-ეკოტოს დამატებული ახლადტრავმამოშუშებული ვან დერ ვაარტი, ჩორლუკა და რეზერვისტები გამოიყვანა. პირველივე წუთებიდან ცხადი იყო, რომ მატჩი არ იქნებოდა გახსნილი. პირველი რეალური მომენტები ტაიმის მიწურულს მასპინძელთა კართან შეიქმნა, როცა ჯერ სანდროს, შემდეგ კი კეროლს მიეცათ გატანის შანსი.
ანგარიშის გახსნა შეეძლო კრაუჩსაც, მაგრამ ყოფილი თანაგუნდელის დარტყმას გომეში გაუმკლავდა. გუნდებს არაფერი გამოუვიდათ არც დამატებით დროში. საქმე პენალტების სერიაზე მიდგა, სადაც გადამწყვეტი დარტყმა ტოტენჰემელ მასიმო ლუონგოს ტომას სორენსენმა აუღო. დამატებით პენალტებამდე თავისი დარტყმები კარს ააცილეს ჯერმეინ პენანტმა და რომან პავლუჩენკომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"