მიუხედავად ანგარიშისა, ბრძოლა არ პრინციპში შედგა, რადგან მერსისაიდელებს ძალიან დიდი უპირატესობა ეპყრათ ხელთ და ანგარიში მატჩის მიმდინარეობას არ ასახავს.
სტუმრებმა ანგარიში მე-7 წუთზევე გახსნეს. მაქსი როდრიგესისა და ლუის სუარესის მიერ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა კრეიგ ბელამი, ვინც შორეულ დაბალ კუთხეში გაიტანა 1:0. ორიოდე წუთში მარჯვენა ფლანგზე როდრიგესმა ბურთი ლამის კუთხურის პირით ხაზთან დაიმორჩილა და შორეულ ძელთან დირკ კუიტს გადააწოდა. ჰოლანდიელს ბურთი ფეხიდან ააცალეს.
დაინიშნა კუთხური, რომელიც
ამის გარდა "წითლებს" რამდენიმე მომენტი კიდევ ჰქონდათ: სუარესმა ძელს სულ რამდენიმე სანტიმეტრში ააცილა დარტყმა, ამის შემდეგ ურუგვაელმა ლუკასის ჯარიმის შემდეგ თავით ძელს გაარტყა, მას მიბაძა ბელამიმაც, რომელმაც დაახლოებით 30 მეტრიდან ყუმბარისებურად გაისროლა.
ცოტა უფრო ახლოდან დააჭექა ჯეი სპირინგმაც და მანაც მაინცდამაინც ძელს დაუმიზნა. "ლივერპული" იმდენად იოლად ქმნიდა მომენტებს და ისე მსუბუქად ირჯებოდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მეორე გოლის გატანა მხოლოდ დროის საკითხი იყო.
პირველ ტაიმში გუსტავო პოიეტის შეგირდებმა რეინა რეალურად ერთხელ შეაწუხეს, თუმცა სიტუაცია ჯერ ესპანელმა განმუხტა, შემდეგ კი დამატებაზე წასულ თავდამსხმელს მარტინ კელიმ დაასწრო. პირველი ნახევარი ენფილდელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა. დაიწყო მეორე ტაიმი და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ახლა უკვე ხოსე რეინას კართან იძაბებოდა სიტუაცია ერთმანეთის მიყოლებით.
თუმცა საგოლე დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. კენი დალგლიშს მხოლოდ ერთხელ შეეკუმშებოდა გული, როცა სებასტიან კოატესის შეცდომის შემდეგ კრეიგ ნუნმა კინაღამ ხარიხა ჩამოიღო. 75-ე წუთზე მინდორზე სტივ ჯერარდი დაბრუნდა, რასაც ტრიბუნების გამოცოცხლება მოჰყვა. გატანა შეეძლო მეტიუ სპეროუსაც, მაგრამ რეინამ მისი დარტყმა ისე აიღო, ერთი წარბი არ შეუხრია.
"ლივერპულმა" მეორე გოლი სამაგალითო კონტრშეტევით გაიტანა. საჯარიმოდან ბურთი ჯერარდმა გამოიტანა და დაახლოებით 60 მეტრიანი პასით მეტოქის ნახევარზე თანაგუნდელი მონახა. იქვე იდეალურად გაიხსნენ როდრიგესი და კუიტი.
არგენტინელმა საბოლოოდ ჰოლანდიელი მეკარესთან ერთი ერთზე დატოვა და დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო - 0:2. თუმცა ეს არ იყო ბოლო, რაც ამ შეხვედრაში მოხდა. 90-ე წუთზე სპირინგმა რატომღაც ბოლომდე იბრძოლა ბურთის მოედანზე დასატოვებლად. მან ეს კი მოახერხა, მაგრამ მოედნის ფარგლებს გარეთ თავად წაიქცა.
ვისენტემ ამ შეცდომით ისარგებლა, ბურთი ხელში ჩაიგდო და კარისკენ დაიძრა. ჯეიმი კარაგერი იძულებული გახდა, მასთან ორთაბრძოლაში ჩაბმულიყო და წესები დაერღვია. პენალტის ნიშნულიდან ეშლი ბარნსმა რეინა უშანსოდ დატოვა - 1:2.
თამაშის შემდეგ ყველაზე დიდი ინტერესი სტივენ ჯერარდმა მიიპყრო. გთავაზობთ ამონარიდს მისი პრესკონფერენციიდან: "ჩემთვის ეს კოშმარი იყო, რადგან შეუძლებელია არ ვთამაშობდე და თავს კომფორტულად ვგრძნობდე.
უკანასკნელი 6 თვე ძალიან რთული იყო ჩემს ცხოვრებაში, ის რაღაცით ამერიკულ მთებს ჰგავდა. კარგია, რომ ახლა უკვე ყველაფერი წარსულში დარჩა. ერთი სული მაქვს, როდის ჩავდგები ფორმაში, რათა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიბრუნო. ამხელა პაუზის შემდეგ მინდორზე გასვლა და მაისურის ჩაცმა განსაკუთრებული გრძნობა იყო. თანაც, დღეს საღამოს გავიმარჯვეთ კიდეც".
ლიგის თასის შარშანდელმა გამარჯვებულმა "ბირმინგემმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და შინ 0:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ერთი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა. ლამის სრული სამწლიანი უქმობის, ტრავმების, მკურნალობის, მისდამი უნდობლობისა და ეჭვების შემდეგ მინდორს ოუენ ჰარგრივსი დაუბრუნდა.
30 წლის ფეხბურთელმა ეს ფაქტი ფანტასტიკური გოლით აღნიშნა. ჰარგრივსის გოლს ერთი მარიო ბალოტელიმაც დაამატა. "ქალაქელებმა" შემდეგ ეტაპზე ძალების დაძაბვის გარეშე გააღწიეს. თამაშის შემდეგ რობერტო მანჩინიმ აქო და ადიდა იმ საღამოს მთავარი მოქმედი პირი, განაცხადა, დარწმუნებული ვარ, ოუენი ოდესმე ადგილს ინგლისის ნაკრებშიც დაიბრუნებსო.
იტალიელმა სპეციალისტმა ჰარგრივსს მოულოდნელად ადგილი ძირითად შემადგენლობაში ანდო და მინდორზე მთელი საათი გააჩერა. "მიხარია მისი წარმატებები. მიხარია, ისიც, რომ შეუძლია ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს.
ოუენმა 60 წუთი ითამაშა და ახლა ძალების აღდგენა აუცილებლად დასჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ამხელა პაუზის შემდეგ ის არ გადავღალოთ, რათა ძველ დიდებულ ფორმას რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს," - განაცხადა მაჩინიმ. "დეილი მეილის" კორესპონდენტმა თავად ოუენთან გასაუბრებაც მოახერხა.
აი, რას ამბობს ფეხბურთელი: "თავს კარგად ვგრძნობ. ეს იყო ჩემი პირველი სრულფასოვანი თამაში 3 წლისა და 4 თვის შემდეგ.
ცოტა მეშინოდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულზე ძალიან ბევრს ვშრომობდი. "სიტის" ექიმებმა უზარმაზარი სამუშაო გაწიეს და ჩემს პროგრესში უდიდესი როლი ითამაშეს. ინდივიდუალურად მზადების გეგმას ჯგუფთან ერთად ვარჯიში ვარჩიეთ და ამან შედეგი მოიტანა. დღევანდელი დღე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო".
შემდეგ ეტაპზე გავიდა "ჩელსიც". თუმცა ლონდონელებმა "ფულჰემთან" მატჩში ბეწვის ხიდზე გაიარეს. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ "არისტოკრატთა" გადახალისებული შემადგენლობა მძიმე ამოცანის წინაშე დადგა.
არბიტრმა კევინ ფრაეს წინააღმდეგ "ბოლო იმედის ჯარიმისთვის" ალექსი მინდვრიდან მიაბრძანა. როს ტერნბულმა კი პაიტიმა კასამის პენალტი აუღო. "ჩელსიმ" დანის პირზე კიდევ ერთხელ პენალტების სერიაშიც გაიარა, როცა მარკ შვარცერმა ფრენკ ლემპარდს პირველივე დარტყმა აუღო.
თუმცა მუსა დემბელესა და ბრაიან რუისის შეცდომების წყალობით "ჩელსიმ" მის წინაშე დასახული ამოცანა მაინც გადაჭრა. თამაშის შემდეგ ანდრე ვილაშ-ბოაში გამოტყდა, რომ "ჩელსი" პენალტების დარტყმაში ბევრს მეცადინეობდა.
პორტუგალიელმა განაცხადა, ბოლო პერიოდში ამ კომპონენტს სათანადო ყურადღებას ვაქცევთო. აქვე გეტყვით, რომ "ფულჰემთან" პირველ ტაიმში დაშავდნენ პეტრ ჩეხი და დენიელ სტარიჯი, თუმცა უკვე გაირკვა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას სერიოზული საფრთხელ არ ემუქრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"