ორდერბიანი ტური

AutoSharing Option
პრემიერლიგის მეშვიდე ტურში ორი დერბია, მერსისაიდური და ჩრდილოლონდონური. პირველი დღეს, ყველა სხვა შეხვედრაზე ადრე დაიწყება და ტურიც მისით გაიხსნება, მეორე კი ხვალ დააგვირგვინებს უქმეებს. ჩვენც ჩვენი წინათქმა ამ ორი მატჩით დავიწყოთ.

„გუდისონ პარკზე“ „ევერტონი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. ბოლოხანს უეინ რუნის ბავშვობის გუნდი „წითლებთან“ ყოჩაღობს და, რასაკვირველია, იმედოვნებს, რომ ამჯერადაც მის სასარგებლოდ წავა საქმე. გასულ სეზონში ქალაქ ლივერპულის ლურჯმა ნაწილმა მეტოქეს აჯობა - შინ დაამარცხა, „ენფილდ როუდზე“ კი ფრედ ითამაშა. რასაკვირველია, გახსოვთ, რომ „ლივერპულს“ წინა სეზონი არეულ-დარეული ჰქონდა.

ახალ სეზონში ახალი მწვრთნელის,
კენი დალგლიშის ხელმძღვანელობით „წითლები“ ტოპ-გუნდების ახლომახლო ტრიალებენ, დევიდ მოიესის შეგირდებმა კი მძიმედ დაიწყეს. პირველ ხუთ ტურში „ევერტონმა“ მხოლოდ 7 ქულის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ კლუბმა ვერც სატრანსფერო პერიოდში ივარგა - რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა. განსაკუთრებით დასუსტდა „ლურჯების“ შეტევის ხაზი, რადგან ზაფხულის მიწურულს „გუდისონ პარკი“ მიკელ არტეტამ, იაკუბუმ და ჯერმაინ ბეკფორდი დატოვეს, თუმცა პრობლემებს თავი არ წაუხარეს და ბოლო ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ 2:0 წაგება რომ არა, დაუმარცხებლად მიდიოდნენ. მერსისაიდური დერბი დაძაბულობითა და ინტრიგით მსოფლიოს ბევრ სხვა დიდ დერბის უტოლდება და ამიტომაც ამბობს „ევერტონის“ გოლკიპერი, ტიმ ჰოვარდი, რომ საკუთარი კედლების ფაქტორი „ლივერპულის“ გადახალისებული გუნდის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი იქნება:

„როდესაც გუნდისთვის მთელი გულით და სულით თამაშობ, დროთა განმავლობაში მისი ნამდვილი ფანი ხდები და მერე ეს პრინციპულ შეხვედრებში გეხმარება, ფრთებს გასხამს, - თქვა ამერიკელმა, - ჩვენთან, „ევერტონში“ ყოველი სეზონის წინ, პირველ რიგში იმას ვუყურებთ, როდის ჩაგვიწერეს კალენდარში „ლივერპულთან“ შეხვედრა და პირველი თამაში შინ გვაქვს თუ სტუმრად. ერთი სული გვაქვს „წითლებს“ გავეჯიბროთ“.

ახლა ჩრდილოლონდონურ დერბიზე ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ ეს „უბნური გარჩევაა“, იმხელა ისტორია აქვს, რომ მთელს დედამიწის ზურგზე ბარე ორი დერბი ვერ დაიკვეხნის მისნაირ დაძაბულობასა და შემართებას. გახსოვთ შარშანდელი? თუმცა, საეჭვოა ბევრს ახსოვდეს, რადგან ზუსტად იმ წუთებში, როდესაც „უაით ჰართ ლეინზე“ „არსენალი“ და „სფურზი“ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ესპანეთში „ელ კლასიკო“ მიმდინარეობდა.

მათ, ვინც ორივე შეხვედრის ნახვა მოახერხა, დაგვეთანხმება, რომ ჩრდილოლონდონური დაპირისპირება ტემპით, დრამატიზმით და სპექტაკლის თვალსაზრისით სჯობდა დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე დიდ ქიშპობას. ვფიქრობ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ერთადერთი, რითაც „ელ კლასიკომ“ ჩრდილოლონდონურ დერბის აჯობა, მეტოქეთა „ურთიერთღრენა“ და ავი ზნე გახლდათ.

შეხვედრაში, რომელიც ახლა გავიხსენეთ, „არსენალი“ „ტოტენჰემს“ ორი გოლით სჯობდა, მაგრამ ორმხრივი შეტევებით მდიდარი მატჩი საბოლოოდ 3:3 დასრულდა. იმავე სეზონში, „მეთოფეთა“ და „დეზების“ პირველი დაპირისპირება „არსენალის“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ამჯერად, „სფურზი“ უცნაურ მდგომარეობაშია, „არსენალთან“ ფავორიტად ითვლება. გარდა იმისა, რომ არსენ ვენგერს შემადგენლობა დაუსუსტდა, შეხვედრა „უაით ჰართ ლეინზეა“, ასე რომ გულშემატკივართა ენერგია „დეზებს“ დაეხმარება. რამდენიმე დღის წინ ორივე გუნდმა ევროპულ შეჯიბრებაში ითამაშა - „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგაში“ „ოლიმპიაკოსს“ 2:1 მოუგო, „ტოტენჰემმა“ კი ევროლიგაში „შემროკ როვერსს“ 3:1 აჯობა. შედეგების მიუხედავად, უნდა ვთქვათ, რომ თამაშის ხარისხი არც ერთს უვარგოდა და არც მეორეს.

ორი დერბის ხსენების შემდეგ ლიდერებს გადავხედოთ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნორვიჩს“ ხვდება. ეს მატჩი სერ ალექს ფერგიუსონის მრისხანე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - „იუნაიტედმა“ ბოლო ორ შეხვედრაში ფრედ ითამაშა და ახლა გამარჯვებათა გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევა. ბოლო ორი მატჩი რომ ვახსენეთ, „სტოკ სიტისთან“ პრემიერლიგაში ნათამაშები 1:1 და ჩემპიონთა ლიგაში „ბაზელთან“ ნათამაშები 3:3 ვიგულისხმეთ. წაგება? წაგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ინგლისის ჩემპიონი ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ბარსელონასთან“ დამარცხდა 3:1. ეს 28 მაისს იყო.

და როგორ ხვდება „ოლდ ტრეფორდზე“ დანიშნულ შეხვედრას „ნორვიჩი“? რასაკვირველია მხნედ, რადგანაც პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში, „ბოლტონსა“ და „სანდერლენდთან“, ერთნაირი ანგარიშით, 2:1 გაიმარჯვა. ერთადერთი, რითაც ნორვიჩელთა მწვრთნელი, პოლ ლამბერტი შეიძლება შეშფოთებული იყოს ის გახლავთ, რომ მისმა ფეხბურთელებმა ამ სეზონის შვიდივე ოფიციალურ (მარტო პრემიერლიგას არ ვგულისხმობთ) შეხვედრაში გაუშვეს. მეორე მხრივ, უმაღლესი ინგლისური ლიგის ახალწვეულს მეტოქეთა კარში რეგულარულად გააქვს გოლები.

მანჩესტერის მეორე გუნდი, „სიტი“ „ბლექბერნს“ სტუმრობს და შეეცდება მიუნხენში, „ბაიერნთან“ წაგებული 2:0 გამოასწოროს. „ალიანს არენაზე“ დამარცხებამ მრისხანე ისტლენდელებს სტატისტიკური სურათი გაუფუჭა - გამოვიდა, რომ მათ, ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ორი მოიგეს.

რაც შეეხება „ბლექბერნს“, ის, როგორც ხედავთ, ცხრილში მე-18 ადგილზეა და ერთადერთი მოგება აქვს. სხვა საქმეა, რომ ის მოგება „არსენალთან“ დრამატულ შეხვედრაში გახლავთ მოპოვებული და ეს ბლექბერნელებს მხნეობას ჰმატებს. „ბლექბერნისა“ და „არსენალის“ შვიდგოლიანი შეხვედრა (4:3) 17 სექტემბერს გაიმართა.

„ჩელსი“ ბოლტონს სტუმრობს. „ლურჯთა“ შემადგენლობას უბრუნდება შესანიშნავ ფორმაში მყოფი დენიელ სტარიჯი, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა თავისი ყოფილი გუნდის კარში გოლი შეაგდოს. სტარიჯის კარიერა, ხომ გასულ სეზონში სწორედ ოუენ კოილის ხელში დაადგა აღმავლობის გზას - დასავლეთლონდონელებს „ბოლტონში“ ჰყავდათ გაქირავებული. ცნობისათვის: შემდგომ კვირაში ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრებისთვის შემადგენლობას დაასახელებს და დიდი შანსია სიაში სტარიჯიც ჩაწეროს, ასე რომ ამ ტურის თამაშზე ბევრია დამოკიდებული. მოგეხსენებათ, „ჩელსის“ შემადგენლობაში ვერ ითამაშებს წინა შეხვედრაში გაძევებული ფერნანდო ტორესი.

„ნიუკასლ იუნაიტედი“, რომელიც 6 ტურის შემდეგ რატომღაც ყოჩაღობს და მეოთხე ადგილზეა, ვულვერჰემპტონში თამაშობს და ძალიან სჭირდება მოგება - მერე უფრო ყინჩად იქნება. თან, ჩახედეთ ცხრილს, „კაჭკაჭები“ ჯერ არ დამარცხებულან. სტატისტიკოსებმა უკვე ჩაიხედეს თავიანთ არქივებში და აღმოაჩინეს, რომ ამდენ ხანს „ნიუკასლი“ წაუგებლად მხოლოდ 1994/95 წლებში მიდიოდა. მაშინ გუნდს კევინ კიგანი ედგა სათავეში, თუმცა კიგანისდროინდელი შედეგის გამეორებისგან გუნდი ჯერ ძალიან შორსაა - მაშინ „ნიუკასლ იუნაიტედი“ ზედიზედ 17 შეხვედრაში არ დამარცხდა. მიმომხილველები წერენ, რომ დღევანდელი „ნიუკასლის“ წარმატების მიზეზი დაცვის ცენტრში ფაბრიციო კოლოჩინისა და სტივენ ტეილორის ძლიერი პარტნიორობაა.

ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური
დღეს
ევერტონი-ლივერპული 15:45
ტრავმა: ტ. კეჰილი, ენიჩიბე - აგერი, ჯონსონი

ასტონ ვილა-უიგანი 18:00
ტრავმა: ლიჩაი, კუელიარი, კლარკი, ჰესკი - როდალეგა, ბოისი, ალკარასი
დისკვალიფიკაცია: ბეიკერი - გოჰური

ბლექბერნი-მანჩესტერ სიტი 18:00
ტრავმა: სალგადო, ს. დანი, დ. დანი, ნილსენი (ყველა ბლექბერნი)
დისკვალიფიკაცია: ოლსონი (ბლექბერნი)

მანჩესტერ იუნაიტედი-ნორვიჩი 18:00
ტრავმა: გიბსონი, რუნი, კლივერლი, რაფაელი, ვიდიჩი, ბებე - ვუგანი, უიტბრედი, აიალა, უორდი

სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
ტრავმა: მეილერი, გორდონი, კემპბელი (ყველა სანდერლენდი)

ვულვზი-ნიუკასლი 18:00
ტრავმა: ზუბარი, ებანკს-ბლეიკი - დონალდსონი, სმიტი, სანტონი,

ხვალ:
ბოლტონი-ჩელსი 16:30
ტრავმა: ალონსო, მირსი, ლი, ჰოლდენი, შ. დევისი, რიკეტსი - სტარიჯი, ესიენი
დისკვალიფიკაცია: კლასნიჩი, უიტერი - ტორესი

ფულჰემი-ქუინზ პარკი 18:00
ტრავმა: რიისე, ს. დევისი - ჰალსი, დაიერი, მეკი
დისკვალიფიკაცია: ტრაორე (ქუინზ პარკი)

სუონსი-სტოკი 18:00
ტრავმა: ბიტი, ოგუსტინი, კოლკერი, ტეიტი, ბოდე - უილკინსონი, კ. ჯონსი

ტოტენჰემი-არსენალი 19:00
ტრავმა: გალასი, ჰადლსტოუნი - ჟერვინიო, გჯურუ, ვერმაელენი, სკილაჩი, უილშირი, დიაბი

თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 6 5 1 0 22-5 16
2. სიტი 6 5 1 0 19-5 16
3. ჩელსი 6 4 1 1 12-7 13
4. ნიუკასლი 6 3 3 0 7-3 12
5. ლივერპული 6 3 1 2 8-8 10
6. ტოტენჰემი 5 3 0 2 9-9 9
7. სტოკი 6 2 3 1 4-6 9
8. ასტონ ვილა 6 1 5 0 7-5 8
9. ნორვიჩი 5 2 2 2 7-8 8
10. ქუინზ პარკი 6 2 2 2 5-7 8
11. ევერტონი 5 2 1 2 6-6 7
12. ვულვზი 6 2 1 3 5-8 7
13. არსენალი 6 2 1 3 9-14 7
14. სანდერლენდი 6 1 2 3 7-6 5
15. უიგანი 6 1 2 3 5-9 5
16. სუონსი 6 1 2 3 4-9 5
17. ფულჰემი 6 0 4 2 4-7 4
18. ბლექბერნი 6 1 1 4 8-13 4
19. ვესტ ბრომვიჩი 6 1 1 4 3-8 4
20. ბოლტონი 6 1 0 5 8-16 3

ბომბარდირები: 9 - რუნი (მანჩესტერი); 8 - აგუერო (სიტი); 6 - ჯეკო (სიტი); 3 - ადებაიორი (ტოტენჰემი), აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ბა (ნიუკასლი), ბესტი (ნიუკასლი), დი სანტო (უიგანი), კლასნიჩი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), სუარესი (ლივერპული), ვან პერსი (არსენალი); 2 - არტეტა (არსენალი), დეფო (ტოტენჰემი), ერნანდესი (მანჩესტერი), ლარსონი (სანდერლენდი), ლონგი (ვესტ ბრომვიჩი), სილვა (სიტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული