მანჩესტერელი მანჩესტერელის ტყავს ხევს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი, მოგეხსენებათ, თავისი შეხედულების ჯიქურ გამოთქმას არასდროს გაურბის. აი, ახლაც, მან პირდაპირ თქვა რასაც ფიქრობდა თანაქალაქელი "სიტის" სატრანსფერო პოლიტიკაზე, რომელიც იაპონელ კამიკაძეთა მოქმედებას შეადარა. როგორც ჩანს მოქიშპის ბოლო ნაბიჯმა ფერგი განსაკუთრებით გააბრაზა: "სიტიმ" "ასტონ ვილადან" ჯეიმს მილნერის გადაბირების ამბავიც მოაგვარა. ისტლენდელებმა ბირმინგემელებს 24 მილიონი ფუნტი გადაუხადეს და ჯამში გამოვიდა, რომ რობერტო მანჩინიმ ამ ზაფხულს სულ 130 მილიონი ფუნტი დახარჯა. მათთვის, ვისთვისაც ფუნტი არაფერს ნიშნავს:

ლაპარაკია 203,134 ამერიკულ დოლარზე ან 157,958 ევროზე. კიდევ, მოგეხსენებათ "სიტიმ", ამ
დღეებში, "ინტერიდან" მარიო ბალოტელიც იყიდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რაც არაბი შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი ამ ინგლისური კლუბის მეპატრონე გახდა, მისი ზარდახშიდან ფეხბურთელების ყიდვაზე 325 მილიონი ფუნტი (507,837 მილიონი დოლარი) დაიხარჯა. ეს ბოლო ორი წლის ამბავია.
და რამდენი დახარჯა ამ ზაფხულს თავად სერ ალექსმა? მხოლოდ 25 მილიონი ფუნტი. ჰოდა, ლეგენდარული შოტლანდიელი აღშფოთებულია.

ის ამტკიცებს, რომ ახალგამოჩენილი მფლანგველი მეპატრონეები ფეხბურთელების ფასებს და მათ ხელფასებს არანორმალურად ზევით სწევენ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფერგიუსონმა თავი აარიდა კონკრეტული ხალხის დასახელებას. მაგალითად, მას არ უხსენებია "სიტის" ახალი შენაძენი იაია ტურე, რომელსაც ისტლენდზე კვირაში 220 ათასი ფუნტი დაუნიშნეს (343,766 ათასი დოლარი), თუმცა ასე ბრძანა:
"ბოლო ორ-სამ წელიწადში ჩვენ ვნახეთ, რომ ფეხბურთის კლუბები ძალიან მდიდარმა მეპატრონეებმა იყიდეს. ისინი კამიკაძეებივით იქცევიან, გაუაზრებლად ხარჯავენ ფულს. დაუჯერებელი რაოდენობის თანხები იხარჯება და ვერ ვხედავ ამის შეჩერების წინაპირობას. ჩემი ვარაუდით, ეს კიდევ ორ-სამ წელიწადს გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, რაღაც მომენტში ეს ხალხი უნდა მიხვდეს, რომ სახსრების განუწყვეტელი ხარჯვა სულაც არ ნიშნავს შედეგს".

ზემოხსენებულ 25 მილიონ ფუნტად ფერგიუსონმა სამი ყმაწვილკაცი იყიდა: მექსიკელი ხავიერ ერნანდესი, კრის სმოლინგი და პორტუგალიელი ბებე. "იუნაიტედის" თავკაცმა დასძინა:
"ჩვენ შეგვეძლო დიდ თანხად ერთი ან ორი ცნობილი ფეხბურთელი გვეყიდა, მაგრამ მართალი გითხრათ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ჩვენს გუნდს ახლანდელზე გაცილებით ძლიერ გუნდად აქცევდნენ".

"სიტის" ვაჭრობათაგან კიდევ აღსანიშნავია, რომ ისტლენდელებმა თავიანთი ირლანდიელი ნახევარმცველი სტივენ აირლენდი მილნერის "შემხვედრი მიმართულებით" გაუშვეს. ის "ასტონ ვილაში" გადავიდა.
მანჩინიმ მილნერის შესახებ ასე თქვა: "იგი ძალიან მნიშვნელოვანი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული