გახდი ჩვენი ბექჰემი

AutoSharing Option
ამერიკულმა კლუბმა "ჩიკაგო ფაიარმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერან მცველს, რიო ფერდინანდს, რომელიც ნოემბერში 33 წლის გახდება, კონტრაქტი შესთავაზა - "მეიჯორ ლიგ სოკერში" გადმოდი და ჩვენი დევიდ ბექჰემი გახდიო.

თურმე, ჩიკაგოელებს მიზნად მაღალი დონის ევროპელი ვარსკვლავის ყიდვა დაუსახავთ. მათ "ლოს ანჯელეს გელექსისთან" სურთ გაჯიბრება და ამის მისაღწევად, ერთ-ერთ ხერხად, ფერდინანდის გადაბირება მოუფიქრებიათ.

გარდა იმისა, რომ ფერდინანდი ახალგაზრდა აღარ არის, მას "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი უთავდება - თუ მანამდე ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. ჩიკაგოელებიც არ ჩქარობენ. მათ უთქვამთ, რომ
ფერდინანდის გადაბირება სწორედ ზაფხულიდან უნდათ. ისინი ინგლისელ მცველს ამერიკაში გადასახლებასა და კარიერის იქ დასრულებას სთავაზობენ.

მოგეხსენებათ, "ლიდს იუნაიტედისა" და "ვესტ ჰემის" ყოფილი ფავორიტი ბოლო სამი წელიწადია ტრავმებმა განსაკუთრებით დატანჯა. ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ფაბიო კაპელომ ის ჩერნოგორიას წინააღმდეგ სათამაშოდ აღარც გამოიძახა და, საერთოდაც, ისე ჩანს, რომ ნელ-ნელა ფერდინანდის სანაკრებო კარიერა დასასრულს უახლოვდება.

ცნობილია, როვ ვეტერანს ძალიან უნდა გაისად ზაფხულში, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდეს, მაგრამ სერიოზული კონკურენციის წინაშე დგას. დაცვის ცენტრში მას ადგილს გარი კეჰილი, ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი ეცილებიან.

ხელფასის ამბავი როგორ იქნება? სავარაუდოდ, ისევე, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედშია". საქმე ის გახლავთ, რომ ბრიტანეთისგან განსხვავებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ბეგარა გაცილებით ცოტაა, ასე რომ "ჩიკაგო ფაიარი" ფერდინანდისთვის კვირაში 120 ათასი ფუნტის ტოლფასი გასამრჯელოს გადახდას შეძლებს.

ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რომ პრემიერლიგის ჩემპიონთა მცველს ამერიკაში გადასვლაზე კატეგორიული უარი არ უთქვამს - როგორც ჩანს, ჩიკაგოში გადასახლებას ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილავს. ამბობენ, რომ თუ ფერდინანდი ამერიკაში არ წავა, ზაფხულში მის აყვანას "ტოტენჰემ ჰოთსპურიც" მოიწადინებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული