არტეტა ფაბრეგასი არ არის

AutoSharing Option
„არსენალის“ ნახევარმცველმა, „მეთოფეთა“ ახალმა შენაძენმა, 29 წლის ესპანელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ „ემირეიტ სთედიუმზე“ სესკ ფაბრეგასს ვერასდროს შეცვლის - ასე რომ ვიფიქრო, სულელი უნდა ვიყოო.

შეგახსენებთ, რომ გამთამაშებელი „არსენალში“ „ევერტონიდან“ სატრანსფერო ბაზრის დახურვის დღეს 10 მილიონ ფუნტად გადავიდა. ამას წინ „მეთოფეთა“ კაპიტნის ფაბრეგასის „ბარსელონაში“ გადაბარგება, უძღოდა. ფაბრეგასის სანაცვლოდ ჩრდილოლონდონურმა გუნდმა კატალონიელებისგან 40 მილიონი ფუნტი მიიღო.

ამრიგად, არტეტა „არსენალშია“ და არსენ ვენგერის გუნდს უმძიმესი პერიოდის დაძლევაში ეხმარება. თან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თავისი შესაძლებლობების ზღვარიც კარგად მოეხსენება. ის ამბობს:

„მე აქ სესკის
შესაცვლელად არ გამოვსულვარ. ამას არც შევეცდები. სესკი არსენალის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ, მთელ პრემიერლიგაში კი მისი ბადალი სულ ორი კაცი თუ იყო. მე ასეთ გეგმებს არც ვისახავ. ჩემი ამოცანაა როგორც ფეხბურთელი რაც შეიძლება სრულყოფილი გავხდე და გუნდს საუკეთესო შედეგის მიღწევაში დავეხმარო. მე სხვა პიროვნება ვარ, სესკისგან ხასიათითაც განვსხვავდები და თამაშის სტილითაც. მე „არსენალში“ წარმატებით დამკვიდრების სხვა გზა უნდა ვნახო“.

დღეისათვის, „მეთოფეები“ პრემიერლიგის ცხრილში მათთვის სრულიად შეუფერებელ, მე-15 ადგილზე არიან. კატასტროფაა - „არსენალმა“ შვიდი თამაშიდან ოთხი წააგო. არტეტა „ევერტონში“ გატარებული ექვსი წლის შემდეგ ახალ გარემოს ჯერ კიდევ ეგუება და ამბობს, რომ მისი „არსენალში“ გადასვლა კინაღამ ჩაიშალა.

„სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს დიდი სტრესი გადავიტანე. ძალიან დიდი გაურკვევლობა იყო. შუადღის სამ საათზე მეგონა, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო და უკვე „არსენალის“ ფეხბურთელი ვიყავი, ექვსზე კი ისე ჩანდა, რომ მოლაპარაკება ჩაიშალა და მე „ევერტონში“ ვრჩებოდი. საღამოს ცხრის ნახევარზე მითხრეს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდა - საქმე ისევ აეწყო და „ემირეიტზე“ გადადვლის ვარიანტაი რეალური გახდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმებისთვის აღარ რჩებოდა დრო. მომიწია „არსენალის“ ოფისში მისვლა და ხვეწნა - სიტყვაზე მენდეთ, რომ ჯანმრთელი ვარ, მეთქი. თორმეტის ათ წუთზე, როდესაც თითქოსდა ყველაფერი მოგვარდა და ჩემს ტრანსფერს ოფიციალური გაფორმების მეტი აღარაფერი აკლდა, ფაქსის აპარატი გაფუჭდა. კიდევ კარგი, დროულად შეაკეთეს.

„ევერტონის“ მწვრთნელი, დევიდ მოიესი ძალიან ვაჟკაცურად მომექცა. 31 აგვისტოს, როდესაც „არსენალისგან“ ჩემს შესახებ წინადადება მოვიდა, მან თვალებში ჩამხედა და პირდაპირ ასე მითხრა: წასვლა გინდა, არა? მე ვუპასუხე, რომ ეს ჩამთვისაც დიდი შანსი იყო და „ევერტონიც“ გვარიან ფულს იშოვნიდა. მოკლედ, ჩემი ლონდონში გადასვლა ორივესთვის კარგი ვარიანტი ჩანდა“.

მოგეხსენებათ, „არსენალმა“ გასულ ზაფხულს იყიდა გერმანელი მცველი პერ მერტეზაკერიც, რომელიც ამბობს, რომ ენობრივი პრობლემის წინაშე დგას. 27 წლის ფეხბურთელმა ტაბლოიდებს განუცხადა:

„სულ ერთი თვეა რაც გერმანიიდან წამოვედი და ახალ გარემოსთან შეგუების პრობლემა მაქვს. ხანდახან მეუფლება შეგრძნება, რომ შვებულება გამიგრძელდა და მალე შინ უნდა დავბრუნდე, მაგრამ საკუთარ თავს შევუძახებ ხოლმე. ვცდილობ, ერთხელ და საბოლოოდ ჩავიბეჭდო გონებაში, რომ ამიერიდან მე ლონდონში ვცხოვრობ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული