ნასრი იძულებით შვებულებაში

AutoSharing Option
სამირ ნასრის ახალ სეზონში შთამბეჭდავი სტარტი არ გამოუვიდა. ფრანგმა თავდამსხმელმა პირველსავე ტურში მუხლი იტკინა, ოპერაცია გაიკეთა და ახლა ერთთვიანი უქმობა მოუწევს. არადა, "არსენალის" ვარსკვლავმა, შარშანდელი ზაფხულისგან განსხვავებით, სეზონისწინა პერიოდი ჩინებულად ჩაატარა. თუ გახსოვთ, 2009-ის ზაფხულში ნასრის ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერ ვარჯიშობდა. ამჯერად მან სრულყოფილად ივარჯიშა და არსენ ვენგერის აზრით ჩემპიონატის დასაწყისის კვალობაზე შესანიშნავ ფორმაშიც იყო, მაგრამ "ლივერპულთან" შეხვედრაში არ გაუმართლა.

"ჩვენმა თავდამსხმელმა სამირ ნასრიმ შაბათს, ლივერპულში, "ენფილდ როუდზე" ტრავმა მიიღო, რის გამოც დღეს მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა ოთხი
კვირით დასვენება მოუწევს", - ოფიციალურად განაცხადა ჩრდილოლონდონელთა პრესცენტრმა და ასეთ განცხადებათათვის უჩვეულო ლირიკული წინადადება დაამატა, - ნასრი ჩინებულ ფორმაში იყო".

მიმომხილველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხსენებული მატჩის პირველ ტაიმში ნასრიმ მართლაც შესანიშნავად ითამაშა. ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ფრანგმა ტრავმირებული კაპიტანი სესკ ფაბრეგასი შეცვალა და საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი. თუმცა, ფაბრეგასს მეორე ტურში "ბლექპულის" წინააღმდეგ მოუწევს მოედანზე დაბრუნება.
და რაკიღა "მეთოფეთა" პრობლემებზე ვლაპარაკობთ, ბარემ დავძინოთ, რომ დაშავებულები არიან დენილსონი, იოჰან ჯურუ და ალექსანდრ სონგი, ხოლო ლორან კოშელნი დისკვალიფიცირებულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული