2010 წელს, რეინა "არსენალში" გადადიოდა, მაგრამ "ლივერპულში" ყველა ღონე იხმარეს ეს ტრანსფერი რომ ჩაშლილიყო. საქმე ის გახლავთ, რომ კლუბი ჰიკსისა და ჯილეტის ვალების ჭაობში იძირებოდა და აშკარა იყო, ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა. ადრე თუ გვიან "წითლებს" ახალი მეპატრონე გამოუჩნდებოდა, მაგრამ გაყიდვის წინ, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაქცევა ანტირეკლამა
ავტობიოგრაფიულ წიგნში, "პეპე - ჩემი ავტობიოგრაფია", რეინა იგონებს, რომ "არსენალი" მასში 20 მილიონ ფუნტს იხდიდა, რაც მეკარისთვის დიდძალი თანხაა. მას პირადად არსენ ვენგერთანღა ჰქონდა სალაპარაკო და საქმეც გაიჩარხებოდა, მაგრამ...
ესპანელი გოლკიპერი "ლივერპულის" გასახდელში მომხდარ საინტერესო ამბებს მრავლად ჰყვება. კერძოდ, ის ამბობს, რომ ჰიკსისა და ჯილეტის უთავბოლო მმართველობის პერიოდში უთანხმოება იყო ფეხბურთელებს შორისაც. პირადად მას, მაგალითად, მიაჩნდა, რომ ადგილობრივ გმირებს, სტივენ ჯერარდსა და ჯეიმი კარაგერს ამერიკელ მეპატრონეთა წინააღმდეგ ამხედრებული გულშემატკივრების მხარდაჭერა უფრო ღიად და აქტიურად მართებდათ.
"ერთ-ერთი მათგანი, ვინც ყველაზე ხმამაღლა გამოდიოდა, მე ვიყავი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ მწამდა, ფანებს უნდა სცოდნოდათ, ფეხბურთელებს შორის მხარდამჭერები რომ ჰყავდათ. მინდოდა კლუბს ისეთი მეპატრონე გამოსჩენოდა, რომელიც მის საქმეებს წინ წაიყვანდა.
მწამდა, რომ ჰიკსსა და ჯილეტზე რეალური ზეგავლენის მოხდენა სტივის და კარას შეეძლოთ. ისინი ჩვენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იყვნენ და ფანებისთვის მხარი რომ დაეჭირათ, ალბათ, ბევრი რამ მაშინვე შეიცვლებოდა, მაგრამ ისინი სხვანაირად ხედავდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ყველა ღონე უნდა ეხმარათ რათა ყველაფერი ექსცესების გარეშე, ნორმალურად გაგრძელებულიყო".
კიდევ ერთხელ რეინა "ლივერპულიდან" მაშინ გარბოდა, როდესაც, რაფა ბენიტესი როი ჰოჯსონმა შეცვალა. ის, თურმე, ჰოჯსონის დანიშვნის წინააღმდეგი ყოფილა და, როდესაც ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით გუნდი შავ დღეში ჩავარდა, ესპანელმა კიდევ ერთხელ სცადა "ენფილდიდან" გაქცევა. ეს იანვრის სატრანსფერო ბაზრობის დროს მოხდა, მაგრამ გადაათქმევინეს. ვინ გადაათქმევინა? გაგიკვირდებათ და... ცოლმა.
მესამე შემთხვევა კი ჩამოთვლილ ორზე ადრე, ბენიტესის დროს მოხდა: ესპანელმა მწვრთნელმა რეინა ესპანურ "ვალენსიაში" არ გაუშვა. დაარწმუნა, რომ ჯობდა "ლივერპულში" დარჩენილიყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"