უეფამ რედნაპს უარი უთხრა

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" თავკაცმა ჰარი რედნაპმა უეფას თხოვნით მიმართა, ჩემპიონთა ლიგის მატჩების ხელოვნურ მოედანზე ჩატარება აკრძალოს. ბერნში შვეიცარიულმა "იანგ ბოიზმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრა ლონდონელებს სწორედ სინთეტიკურ საფარზე მოუგო (3:2). როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისელმა მწვრთნელმა უეფასგან უარი მიიღო.

"იმის გამო, რომ მატჩი ხელოვნურ მოედანზე ჩავატარეთ, რამდენიმე ფეხბურთელი ვერ ვათამაშე. აარონ ლენონს მასზე თამაში არ შეუძლია, რობი კინს მუხლი აწუხებს და დიდი საფრთხე იყო, მდგომარეობა გართულებოდა, ხოლო თავის დროზე ტომ ჰადლსტოუნმა მძიმე ტრავმა სწორედ სინთეტიკურ გაზონზე მიიღო. ამას გარდა, ასეთ მოედანს შეჩვევა სჭირდება.
"იანგ ბოიზი" იქ ჩვენგან განსხვავებით, ყოველ კვირას თამაშობს, რამაც გუნდები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა. მიმაჩნია, რომ ასეთი დონის მატჩები მხოლოდ ბალახის საფარზე უნდა იმართებოდეს და ვიმედოვნებ, უეფა ჩემს პოზიციას გაიზიარებს", - აცხადებს რედნაპი.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პასუხი კი ასეთია: "ხელოვნურსაფარიან მოედნებზე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები შემდგომშიც ჩატარდება. ბერნში მოედნის საფარი ჩვენმა წარმომადგენლებმა შეამოწმეს და იგი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდა. უეფას წესებით, ხელოვნურ მოედანზე თამაში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ შეიძლება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული