რუნი პატიებას ითხოვს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების 25 წლის ვარსკვლავმა, უეინ რუნიმ ფიფას წერილი მისწერა, რომელშიც პატიებას ითხოვს.

რუნის უნდა, რომ ამ ორგანიზაციის სადისციპლინო კომისიამ იგი ჩერნოგორიასთან შეხვედრაში გაძევების გამო მკაცრად არ დასაჯოს და ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია აკმაროს. შვეიცარიაში, ფიფას ოფისში, სადისციპლინო საკითხებს ხუთშაბათს განიხილავენ.

ამანათს, რომელიც რუნიმ ციურიხში გააგზავნა, თან ინგლისის ნაკრების მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს წერილი და რუნის საქციელის გამამართლებელი DVD ახლავს, რომელზეც შეხვედრის რამდენიმე ეპიზოდია ჩაწერილი.

ჩანაწერიდან ჩანს, რომ ფეხბურთელს მოედნის დატოვებისას პროტესტი არ გამოუთქვამს, მსაჯის გადაწყვეტილებას დაეთანხმა და დაემორჩილა. ამასთან DVD-ს დახმარებით ინგლისის
ფეხბურთის ასოციაცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ რუნის საქციელი აგრესიის გამოვლინება კი არა, გაღიზიანებული კაცის შეცდომა იყო.

სხვათა შორის, ამაში ინგლისელ ვარსკვლავს, შეძლებისდაგვარად, მხარი გერმანელმა მსაჯმა, ვოლფგანგ სტარკმაც დაუჭირა. ეს სწორედ ის არბიტრია, რომელმაც რუნი ჩერნოგორიელი მიოდრაგ ძუდოვიჩის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააძევა. მან ფიფას მოახსენა, რომ წითელი ბარათის ამოღების შემდეგ ფეხბურთელი თვინიერად მოიქცა და მოედანი ყოველგვარი პროტესტის გარეშე დასტოვა.

რა საჭირო იყო წერილების გაგზავნა? საქმე ის გახლავთ, რომ ფიფას წესის თანახმად, სადისციპლინო საკითხების განხილვას არავინ უნდა დაესწროს. არც თავად ფეხბურთელს აქვს ამის უფლება. ფიფა დამოუკიდებლად გადაწყვეტს უნდა დაამატოს რაიმე სასჯელი რუნის თუ ის ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია აკმაროს, რომელიც ნებისმიერ მოთამაშეს გაძევების გამო ავტომატურად ერგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული