კაცმა რომ თქვას, იმაში, რომ "სამეფო კლუბს" ჩიჩარიტოს შეძენა მოუნდა, გასაკვირი არაფერია, მაგრამ არც ის არის საოცარი, "იუნაიტედის" თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს 34,4 მილიონ ევროს ბიჭის შენარჩუნება რომ ურჩევნია. მეტიც, ფერგიუსონი აპირებს ჩიჩარიტოს ახალი, ხუთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს და გასამრჯელო სამჯერ გაუზარდოს - კვირაში 25 ათასი ფუნტის ნაცვლად 75 ათასი გადაუხადოს.
მადრიდელთა პორტუგალიელ თავკაც ჟოზე მოურინიოს ერნანდესის სანაცვლოდ ფერგიუსონისთვის ფულის შეთავაზება იანვარშიც შეუძლია, მაგრამ გაზეთები წერენ, რომ ზაფხულამდე დაიცდის. ფერგიუსონი კი, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ კრიშტიანო რონალდოსგან განსხვავებით, ჩიჩარიტოს ოცნება "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლა არ არის. შეგახსენებთ, რომ "პატარა ბარდამ" გასულ სეზონში, რომელიც "იუნაიტედის" შემადგენლობაში მისთვის სადებიუტო იყო, ყველასთვის მოულოდნელად 20 გოლი გაიტანა და უეინ რუნისთან საუცხოო წყვილი შექმნა.
და ბარემ აქვე მოგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მომავალ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" მისი ძველი მოქიშპე "ლივერპული" ხვდება და ამ შეხვედრაში მსაჯად ანდრე მარინერი დანიშნეს. "იუნაიტედისა" და "ლივერპულის" შეხვედრა მარინერმა ბოლოს 2009 წელს იმსაჯა და ფერგიუსონი გააბრაზა - ნემანია ვიდიჩი გააგდო მოედნიდან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"